aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრანსგენდერი ქალი “მეტრონომთან”: “თამარ ივერმა სიკვდილს გადამარჩინა, ის არ არის ჰომოფობი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავსტრიაში გაქცეული ქართველი ტრანსგენდერი ქალი “მეტრონომთან” სკანდალურ დეტალებს ყვება

“მეტრონომის” რედაქციას ავსტრიიდან დაუკავშირდა ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ადელინა ბალახაძე, რომელმაც ჩვენთან საკუთარი ამბის მოყოლა გადაწყვიტა. როგორც ის ჩვენთან ამბობს, საქართველოში მას სერიოზული პრობლემები შეუქმნეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებმა. უფრო მეტიც, როგორც თავად ყვება, მამაომ, რომელსაც მან დახმარებისთვის მიმართა, მისი გაუპატიურება სცადა, რის გამოც კარგა ხანი ვერ გამოდიოდა სახლიდან. “11 წელი სახლიდან არ გავსულვარ”,- ყვება ბალახაძე ჩვენთან. რესპონდენტი ასახელებს კონკრეტულ სახელს და გვარებს, თუ უშუალოდ ვინ იღებდა მონაწილეობას მის წინაღმდეგ აგრესიულ ქმედებებში. როგორც მან გვითხრა, ის არავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ მოითხოვს, უბრალოდ ამბობს, რომ სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეები სექსუალურ უმცირესობას და რას აკეთებენ სამართალდამცველები ტრანსგენდერების წინააღმდეგ.

“არავის დასჯა არ მჭირდება. საქართველოში მე აღარ დავბრუნდები. ამ ჩემი წერილით უბრალოდ, მინდა გაიგოს ხალხმა თუ როგორ მუშაობს დღევანდელი პოლიცია, როგორ პრესავენ ადამიანებს ფსიქოლოგიურად და გაიძულებენ თქვა ის, რაც არ არის სიმართლე” – გვეუბნება ბალახაძე.

ამასთან, ტრანსგენდერი ქალი დიდ მადლობას უხდის მსოფლიო ოპერის ცნობილ ქართველ მომღერალს, ქალბატონ თამარ ივერს და ამბობს, რომ მან გადაარჩინა ის სიკვდილს, დაეხმარა მას დაეტოვებინა ქვეყანა და ავსტრიაში გამგზავრებულიყო. “ძალიან მწყდება გული, როცა ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას სახელი გაუტეხოს და ჰომოფობად შერაცხოს. ეს არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ქალბატონმა თამარმა უამრავი დრო და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ მე და დედა დღეს ცოცხლები ვყოფილიყავით” – ამბობს რესპონდენტი.

დეტალები, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს ტრანსგენდერი ქალი, როგორ ექცეოდნენ მას სამართალდამცველები, რა გადახდა მას თავს სანამ დატოვებდა საქართველოს, იხილეთ ქვევით:

“ყველაფერი 2010 წლის 7 სექტემბრიდან დაიწყო, მაშინ როცა ჩემი ფოტოები ფეისბუკზე განვათავსე და ვთქვი, რომ დავიღალე დამალვით. ოჯახში ყველამ იცოდა, რომ საკუთარ თავს ბიჭად არ აღვიქვამდი. იცოდნენ, სარკეში ჩემი შიშველი სხეულის დანახვისას ვფიქრობდი, ვინ იყო ის პიროვნება ვისაც სარკე ირეკლავდა. ვამბობდი, რომ ჩემს შიგნით ცხოვროვდა გოგო, რომელსაც სურდა ყველაზე მთავარი – თავისუფლება და თავისუფლად სუნთქვა. არასოდეს მომითხოვია ვინმესთვის ქალად ვეღიარებინე, რადგან ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისთვის კაცი ან ქალი ვიქნები, მთავარია, თავად ვიცი ვინ ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებისგან.

შინაგანად, მე ჩემს თავთან სრულ ჰარმონიაში ვარ. თუმცა, ჩემი სხეული ჩემი არ არის და არც არასოდეს იქნება. ბუნებამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ შეცდომებს ხომ ყველა ვუშვებთ?! მთავარია, რამდენად შევძლებთ ამ შეცდომების გააზრებას და შემდგომ მის გამოსწორებას.

6 წლის წინ სოფელში ვიყავი მარტო, რადგან მშობლები მუშაობდნენ და მე მარტო დარჩენა მიწევდა. გარეთ არასოდეს გავდიოდი. ყველაფერი დაცინვით, ცემით, ან მინიმუმ მუქარით მთავრდებოდა. ერთხელაც სოფელში შუქი არ იყო და  ნათლიაჩემთან ჩავედი. შებინდებული იყო, როცა უკან დავბრუნდი. დავინახე, ჩემი სახლი სულ განათებული იყო და გამიხარდა, შუქი მოვიდა მეთქი. სახლში შევედი, კარი გავაღე თუ არა, დიდი ცეცხლის ალი გამოვარდა. ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა ხის ფანჯრებს და ფარდებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეგონათ, რომ მე სახლში ვიყავი და გადაწყვიტეს დავეწვი. ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა მითხრა სახელი და გვარი ვინც დაინახა ჩემს ეზოში. ის ჩემი კლასელი იყო, (სახელს გვარს არ ვასახელებ შეგნებულად ჯერჯერობით). ძალიან შემეშინდა. როგორღაც ცეცხლი ჩავაქრე და შემდეგ ნათლიასთან დავბრუნდი. მოვუყევი ყველაფერი. იმ ღამე მასთან დავრჩი.

ამის შემდეგაც არ წყდებოდა ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა. 2016 წლის 27 დეკემბერს, სახლში ისევ შემომივარდა სახელად ვინმე ლაშა, რომელმაც გადმომიგდო ნაძვის ხე, მიმილეწ-მომილეწა სახლში ყველაფერი და მაიძულებდა მეღიარებინა საბი ბერიანისა და ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების ამბებზე ვიცოდი თუ არა რამე. მოითხოვდა მეთქვა, ვიცნობდი თუ არა აწ გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალებს, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიცნობდი და წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო დამნაშავე საბი ბერიანის მკვლელობაში და ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებაში. ის  დანას ატრიალებდა, ძებნილი ვარო ამბობდა და მემუქრებოდა, რომ მესამე მსხვერპლი ტრანსგენდერი მე უნდა ვყოფილიყავი და ჩემი დრო მოვიდა. ჩემსკენ გამოიწია. წინ პატარა მაგიდა ავაყირავე რომ ვერ დავეჭირე, მეორე სართულზე გავიქეცი და გამოვიძახე პატრული. როგორც კი გაიგო, რომ პოლიციას მივმართე გაიქცა, გაქცეული მაგინებდა.

პატრული მოვიდა. მოვუყევი ყველაფერი. შეადგინეს ოქმი და ვუთხარი, ციხეში ჩასმას არ გთხოვთ, უბრალოდ დააწერინეთ ხელწერილი, რომ არასოდეს აღარ მომიახლოვდება მეთქი.

ერთი თვის შემდეგ პოლოციას დავურეკე და ვკითხე საქმის ვითარების შესახებ. მიპასუხეს, ვიპოვეთ და აღარ შეგაწუხებსო, თუმცა ერთი თვის შემდეგ, იგივე ლაშა, უკვე თავის ძმაკაცთან ერთად, ჩემს სახლთან მოვიდა. როგორც გაირკვა, ისინი მთელი ღამის განმავლობაში მზვერავდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მარტო ვიყავი. ლაშა ღობეზე გადმოძვრა. დედამ კარები გაუღო და უთხრა, რომ მე სახლში არ ვიყავი. ლაშამ უპასუხა, დავინახე, ვიცი რომ სახლშიაო. დედამ მკითხრა ეს ხომ არ არის ადრე სახლში რომ შემოგივარდაო? მერე დიდხანს ესაუბრა მშვიდად, რა გინდა ჩემი შვილისგან, შენს ცხოვრებაში ხომ არ ერევაო, თავი დაანაბეო. ამასობაში, ჩვენი ოჯახის ახლობელი, ნათესავი სახელად ტარიელი მოვიდა და ლაშა რომ დაინახა, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დანით გაეკიდა.

რამდენიმე ხანში ჩვენი ბაღის ბოლოდან მეზობელი იძახდა ჩემს სახელს. გავიხედე. ლაშა სულ სიხლიანი და სველი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა. ღობეზე ხელში აყვანილმა გადმოვიყვანე სახლში, შევიყვანე და დავაწვინეთ. დედამ როგორც საკუთარ შვილს ისე მოუარა. გონზე რომ მოვიდა ტაქსი გამოვიძახეთ თბილისიდან. მამაჩემის ტანსაცმელი ჩავაცვი, ტაქსის ფულიც მე გადავუხადე და გავუშვი. ის ბოდიშებს იხდიდა. ვუთხარი, მისი ბოდიში არ მჭირდებოდა. უბრალოდ, აღარასოდეს გამკარებოდა და დაევიწყებინა ჩემი არსებობის შესახებ.

2017 წლის ნოებერში შევხვდი მამაოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავიცანი. დაახლოებით 3 თვე ვწერდით ერთმანეთს. ის დახმარებას მპირდებოდა (ნორმალურ, ანუ მამაკაცურ) ცხოვრებას დავბრუნებოდი. რა თქმა უნდა, ამაზე მეცინებოდა, მაგრამ 3 თვის შემდეგ მამაოს ჩემთან სახლში შევხვდი. ის მოვიდა. ყავა და ჩაი შევთავაზე და უარი მითხრა. თავიდან ვსაუბრობდით ნორმალურად და უცებ გიჟივით წამოხტა, მეცა, დივანზე დამაგდო შარვლის გახდა დაიწყო და ჩემს გაუპატიურებას შეეცადა.  ძიძგილაობის დროს, ჩემს მეგობარ გიორგისთან დარეკვა მოვახერხე. გიორგიმ ჩემი ყვირილის ხმა რომ გაიგო, ახლოს ყოფილა და ეგრევე ჩემთან გაჩნდა. მან გადამარჩინა. მახსოვს, მამაოს წვერი როგორ შემრჩა ხელებში. მისი სახე დღემდე მახსოვს, როცა ვუთხარი – რას აკეთებ, შენ ხომ მამაო ხარ მეთქი. მიპასუხა, მე მოვინანიებ, ეს არაფერიაო. ამის შესახებ ჯერ არავისთვის მქონდა ნათქვამი. შემდეგ ერთ-ერთ ჟურნალისტს მოვუყევი. მან კი ეს სტატია არ გამოაქვეყნა. ეს ის ჟურნალისტი იყო, ვისაც 2016 წელს ინტერვიუ მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემს მოკვლას ცდილობდნენ.

ამის შემდეგ თბილისში საბოლოოდ გადავედი და აღარ დავბრუნებულვარ. 11 წელი სახლიდან არ გავსულვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 2018 წლის მაისიდან ჩემს ტელეფონზე სისტემატიურად შემოიდოდა უცნაური ზარები, ხან ფარული, ხან ჩვეულებრივი ნომრიდან და მემუქრებოდნენ. 2018 წლის ივნისში, სადღაც, 5 დან 8 რიცხვამდე, გამოვიძახე პატრული, რადგან ვიღაც მირეკავდა და მაიძულებდა მასთან სექსი მქონოდა. ის მთავაზობდა სექსს არა მხოლოდ მასთან, არამედ მის 4 ძმაკაცთან ერთად. ეს ბიჭი 19 წლის იყო. პოლიციას წარვუდგინე ჩანაწერები, ზარები, მუქარის შემცველი წერილები, რომელსაც კარებში მიტოვებდნენ, მემუქრებოდნენ, თუ არ დავტოვებდი საცხოვრებელ ადგილს, ყელს გამომჭრიდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე დედაჩემსაც ურეკავდნენ და მასაც იგივე სიტყვებით ემუქრებოდნენ.

პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ვიღაცას დაურეკა, აუხსნა სიტუაცია და ტელეფონში გავიგე როგორ ეუბნებოდა, დაბლა ჩაიყვანეო. ვერ მივხვდი დაბლა რისთვის უნდა ჩავსულიყავი. როცა ვკითხე პოლიციელს, მითხრა, ხელი უნდა მომიწერო ოქმზეო. ვუთხარი, რომ მაღლა ამოეტანათ, რადგან დაბლა ვერ ჩავიდოდი. ვკითხე, ოქმი ხელში გიჭირავთ, კალამიც და დაბლა რატომ უნდა მოვაწერო ხელი მეთქი. ამის შემდეგ ის გარეთ გავიდა, დაურეკა ვიღაცას და უთხრა დაბლა არ მომყვებაო. რამდენიმე ხანში, ჩემი სახლი შსს-ს წარმომადგენლებით გაივსო, სადღაც 18 კაცი იქნებოდა. სერიოზულად შევშინდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. სათითაოდ მომაყოლეს ყველაფერი თავიდან. ძალიან უაზროდ გრძელდებოდა ეს ყველაფერი. რაც მოვასწარი, ტელეფონზე ჩუმად ჩავიწერე მათთან საუბარი.

როცა ისინი წავიდნენ, მე ქალბატონ თამარ ივერს მივწერე, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, თუ რაიმეში დახმარება დამჭირდებოდა, მაგალითად თუ რომელიმე ქვეყანაში გადავწყვეტდი წასვლას, დავკონტაქტებოდი. მე მას ყველაფერი მოვუყევი, ავუხსენი სიტუაცია, მივწერე ყველაფერი რაც მოხდა. ქალბატონმა თამარმა ავსტრიაში, ორგანიზაცია queer base-ს გადაუგზავნა წერილი. გამიჩნდა შანსი წავსულიყავი პოლონეთში სამუშაოდ დედასთან ერთად და გამიხარდა, რადგან დედას სამჯერ დახვდნენ ვიღაც ტიპები სადარბაზოში და აიძულებდნენ მას მე გარეთ გამოვსულიყავი. ბოლო შემთხვევის დროს დედას ყვირილიც კი გავიგე ფანჯრიდან. როცა გადავიხედე დავინახე, სამი პიროვნება როგორ ახეთქებდა მას კედელზე. ამ დროს, ერთ-ერთმა დამინახა და თქვა, აი ეს პიდარასტიო.

არ მახსოვს როგორ გავვარდი გარეთ, კიბეებზე ორი პირი ამორბოდა, მათ გადავახტი და შევეცადე, დედაჩემი დამეცვა. ერთ-ერთს სახე ჩამოვკაწრე, ვიყვირე პოლიცია მოვიდა თქო და გაიქცნენ.

გამომძიებელ გიორგი მუმლაძეს დავურეკე. ვუთხარი, რომ კარებზე ისევ მიბრახუნებენ, მე და დედაჩემს საფრთხე გვეემუქრება მეთქი. მან მითხრა, არ მცალია მნიშვნელოვან საქმეზე ვარ მერე დამირეკეო. არ მესმის, რომ მოვეკალი? მერე საიქიოდან როგორ უნდა დამერეკა?

პოლიციაში მე და დედას დაგვცინეს. ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ. ამოვიცანი პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა, იყო პოლოციელი. მთავარმა გამომძიებელმა  მითხრა, ხმა არსად ამომეღო. ასევე გამომძიებელი მაჩვენებდა ცარიელ ბანკებს, ზოგი შეფუთული იყო და მეუბნებოდა, აქ ადამიანების ორგანოებია შენახული, გამოძიებას ეხმარებაო. მერე რამდენიმე ტრანსგენდერ ქალზე რაღაცეებს მეკითხებოდნენ. ვპასუხობდი, რომ არ ვიცნობდი ტრანაგენდერ ქალებს. შემეშინდა ადამიანის ორგანოებზე საუბარი რომ დამიწყეს. ერთ-ერთი გამომძიებელი, როცა ეზოში ვიდექით, (სახელი არ მახსოვს), მეუბნებოდა, თუ მათთან ვითანამშრომლებდი, მედიაში ვიტყოდი, რომ საქართველოში პოლიცია ტრანს ქალებს და ზოგადად ლგბტ თემს იცავს, და რომ ტრანსგენდერი ქალები უბრალოდ პროვოკაციებს აწყობენ, მე  მკერდის ოპერაციის თანხას დამიფარავდნენ. მე უარი ვუთხარი. დაახლოებით 10 წუთში, დამირეკა შსს-ს წარმომადგენელმა, მითხრა, ფრთხილად იყავი, ხომ იცი სიცოცხლე ხანმოკლეა და არავინ იცის ვის რა შეემთხვევაო… უფრო შევშინდი და ამის შემდეგ მივწერე ეს ყველაფერი ქალბატონ თამარ ივერს. ვუთხარი, რომ პოლონეთში მივდიოდი სამუშაოდ ფაბრიკაში და მთავარი იყო წავსულიყავი საქართველოდან და რა მეცმეოდა არ ჰქონდა მნიშნვნელობა.

2018 წლის 25 სექტემბერს პოლონეთში გავემგზავრე. როცა ჩავედი, გული გამისკდა დაახლოებით 300-მდე ქართველი დამხვდა, რომლებიც ამ ფაბრიკაში მუშაობდნენ. შემეშინდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. რამდენიმემ მიცნო ფეისბუკიდან, მაგრამ არაფერი უთქვამთ. 19-20 წლის ბიჭები იყვნენ. 4 ოქტომბერს დედაჩემი ჩამოვიდა. ამ დროს დამსაქმებელს გაუგია, რომ მე ტრანსგენდერი ვიყავი და დედაჩემი 2 დღე ჩენთან არ მოიყვანა. ორი დღე დედაჩემი მშიერი იყო. ვურეკავდი იმ კაცს, სად არის დედაჩემი მეთქი. მითხრა, კარგად არისო და ტელეფონი გამითიშა. 2 დღის შემდეგ დედაჩემი მომიყვანეს. არ დამავიწყდება მისი გადაღლილი სახე, მშიერი, მწყურვალი და დღემდე არ ვიცი რეალურად, მან რა გადაიტანა. ამ თემაზე ის ჩემთან არ საუბრობს. ამის შემდეგ, უცებ, უმიზეზოდ დამსაქმებელმა ჩხუბი დამიწყო ხალხში და მთხოვდა 600 დოლარი გადამეხადა დასაქმებისთვის, რაზეც უარი ვუთხარი. როგორც აღმოჩნდა, ვიღაცას უთქვამს მისთვის, რომ მე და დედა ავსტრიაში ვაპირებდით წასვლას. მან ბინიდან სიცივეში გარეთ გამოგვაგდო და 5 დღის ხელფასი, 200  დოლარი არ გადამიხადა.

მივწერე ქალბატონ თამარ ივერს ამის შესახებ, ასევე – ჩემს პროდიუსერს ნინო ვარსიმაშვილს და რეჟისორს რატი წითელაძეს. ნინომ და რატიმ გვიყიდეს ავსტრიის ბილეთები. ავსტრიიდან პასუხი მოვიდა, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი. ქალბატონმა თამარმა ყველაფერი გააკეთა. იმისთვის რომ ჩემი და დედაჩემის სიცოცხლე გადაერჩინა. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა მას და მის მეგობარს, მადინა სევრიაკოვას, რომელიც ავსტრიის აეროპორტში დაგვხვდა და ადგილამდე მიგვიყვანა. მან უდიდესი ყურადღება მოგვაქცია, რაზეც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო.

რაც შეეხება ქალბატონ თამარ ივერს, ძალიან მწყდება გული, როცა ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას სახელი გაუტეხოს და ჰომოფობად შერაცხოს. ეს არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ქალბატინმა თამარმა უამრავი დრო და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ მე და დედა დღეს ცოცხლები ვყოფილიყავით. ჩემმა ისტორიამ ავსტრია, შეიძლება ითქვას, გააოგნა, რადგან ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ყველაფერი მოვუყევი.

პირველივე ინტერვიუს შემდეგ 1 კვირაში ავიღე საბუთი, რის საფუძველზეც მე ავსტრიაში მაქვს ცხოვრების უფლება განუსაზღვრელი ვადით. ასევე მათ ვაჩვენე ფილმი “სოციუმის პატიმარი” – რატი წითელაძისა და ნინო ვარსიმაშვილის ერთობლივი ნამუშევარი, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო და არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე გაიმარჯვა. მან მიიღო “European academy award 2018” წლის ნომინაცია და ოსკარის კვალიფიკაცია. ფილმი გადაღებულია 2017 წელს ჩემზე და ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რატომ ვერ გავდივარ 11 წელია გარეთ. ფილმი მოგვითხრობს ადელინასა და მისი პატარა ოჯახის ამბავს, რომელთა ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს გახლავთ არა ჩემი, არამედ მსოფლიო კინოკრიტიკოსების შეფასება.

აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო რეჟისორ რატი წითელაძეს და პროდიუსერს, სცენარის ავტორს, ნინო ვარსიმაშვილს იმ უდიდესი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, რაც მე მათ მომცეს. ქალბატონ თამარ ივერს  კიდევ ერთხელ ვეტყვი უდიდეს მადლობას, რომ მისი დახმარებით მე ახლა ავსტრიაში ჩემს ოცნებებს ვისრულებ, მიწვეული ვარ ავსტრიულ სატელევიზიო გადაცემაში “Austrian next top modell”-ში, სადაც გავიცანი ორი ავსტრიელი რეჟისორი რომლებთან ერთადაც ვმუშაობ ჩემს დაწერილ სცენარზე. ვაპირებთ გადავიღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ეხება ბავშვებს.

მინდა ძალიან ბევრი კარგი რამ დავწერო ქალბატონ თამარ ივერზე. მართლა ვერ ვპოულობ შესაბამის სიტყვებს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი თამარ ივერი არ არის ტრანსფობი, ან ჰომოფობი. აქვე უნდა აღვნიშნო, ბატონ ბესო ჩუბინიძეზე და ბატონ დავით ქაცარავაზე. მე მათთან ფეისბუკზე მაქვს კონტაქტი. მათაც ჰომოფობებს უწოდებენ, მაგრამ რეალურად ისინი არ არიან ჰომოფობები, მეტიც, მე ვამბობ, ნეტავ მათნაირი ბევრი იყოს საქართველოში და ქვეყანა ნამდვილად გაბრწყინდებოდა და გაძლიერდებოდა.

ვფიქრობ ბატონმა დავით ქაცარავამ ისედაც იცის ჩემი დამოკიდებულება მისდამი და საოკუპაციო ხაზის მიმართ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა – ფიზიკურად ვერ ვარ თქვენს გვერდით, მაგრამ სულით და გულით თქვენთან ვარ. მე ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიქნები მუდამ, ვისაც ჩემი ლამაზი პატარა საქართველო უყვარს, ვისაც არ აინტერესებს მე ვინ ვარ და მისი ინტერესი მხოლოდ ადამინი და მისი შინაგანი სამყაროა. I am from Georgia and my country is occupied by Russia.” – ასეთი შინაარსის წერილს წერს ავსტრიიდან “მეტრონომს” საქართველოდან წასული ტრანსგენდერი ქალი.

“მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა, მსოფლიო ოპერის ცნობილ ქართველ მომღერალს, ქალბატონ თამარ ივერს.

“ძალიან გამეხარდა ადელინას ცხოვრების ასეთი რადიკალურად დადებითად შემობრუნება. ამაზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. ადელინა თავიდან საკმაოდ სხვა კუთხით გავიცანი. მახსოვს, 2017 წელს ერთმა მოხუცმა ჟურნალისტმა, ისე რომ ჩემგან ინტერვიუ არც აეღო, დაბეჭდა სტატია. დამირეკა და მითხრა, რომ შეკრებდა ჩემს ინტერვიუებს და მათგან გააკეთებდა ერთ ინტერვიუს, რაზედაც თანხმობა მივეცი. შემდომ ვნახე მისი – ცოტა არ იყოს უხერხული გამონათქვამები ჩაუმატებია და სათაურადაც გამოუტანია… ამ სტატიაზე ატყდა ერთი ამბავი. სანამ გაირკვეოდა მტყუან-მართალი… დაიწერა უკმაყოფილო კონტრსტატიები და კომენტარები, მათ შორის ადელინა ბალახაძის.

მართალია ჟურნალისტმაც და რედაქციამაც დიდი ბოდიში მოიხადეს გაზეთის საშუალებით, სტატიაც წაიშალა, მაგრამ აჟიოტაჟის სიომ მაინც ჩამოიქროლა. მიუხედავად პირვანდელი, ნეგატიური კომენტარისა….მხოლოდ ადელინას ეყო ის გამბედაობა რომ მოეწერა და ამ გაუგებრობის და მისი სტატიის გამო ჩემთვის პირად მიმოწერაში ბოდიში მოეხადა. ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი ძალიან დასაფასებელი აღმოჩნდა, რადგან იმ მომენტში ნამდვილად რაღაც გაუგებრობის მსხვერპლი ვიყავი. უნებლიე შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ადამიანში დასაფასებელი თვისებაა. ეს მხოლოდ შინაგანად სუფთა ადამიანებს შეუძლიათ და მეც თავად ასეთი ვარ. თუ შევცდი-ბოდიში არ მეთაკილება. ამის შემდგომ მან მომწერა, რომ გულზე ხვდებოდა ცნობილი ადამიანების ყოველი სტატია თუ გამოთქმა, რადგან ისინი არ იცნობდნენ მათ უმძიმეს, გაუსაძლის ცხოვრებას და მხოლოდ ზედაპირულად და შავ-თეთრად საუბრობდნენ მათ გარშემო.

ადელინამ მომიყვა მისი ცხოვრების თავზარდამცემ დეტალებზე, თუ რას განიცდიდა ის საქართველოში. თუ როგორ აშანტაჟებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ მოკვლით, დედაზე შურისძიებით, მისი სოფლიდან გაძევებით. ის იყო შიშის და ტერორის ქვეშ რომ სრულიად რეალურად, ის რამდენიმე მოკლული ტრანსგენდერის ფაქტის გათვალისწინებით, შემდეგი მსხვერპლი იქნებოდა.

მისი მონათხობები მართლაც შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. ვანუგეშე რითიც შემეძლო და ვუთხარი, თუ რაიმეთი შემეძლებოდა დავეხმარებოდი, რადგან ადამიანისადმი მუქარამ, შანტაჟმა და ტერორმა სქესი და ორიენტაცია არ იცის!! ეს საგანგაშოა ყველა ქვეყანაში. და აი,სულ რამდენიმე თვის შემდგომ, მან აღელვებულმა მომწერა, რომ მას კვლავაც ემუქრებიან და თუ შევძლებდი მისთვის ავსტრიაში ლტოლვილად ცხოვრების უფლების მიღებაში. მე ლიტონი შეპირებები არ მჩვევია და მყისვე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებდი მისი სამომავლო კეთილდღეობისთვის. მე მჭირდებოდა მისი სრული მასალები მუქარებზე, შანტაჟზე, მის ყოფაზე, რადგან ეს ყოველივე გემანულად უნდა მეთარგმნა და ავსტრიის გარკვეულ ადამიანთა და ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციებისთვის მიმეწერა.

ტექსტები იყო მძაფრი, დიდი მოცულობის და მათი თარგმნა, ავსტრიის ორგანიზაციებთან ელ-ფოსტით მიმოწერა, მრავალთვიანი და მართლაც საკმაოდ შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ავსტრიამ პრაქტიკულად ჩაკეტა კარები ლტოლვილთათვის, ყოველდღე, ათასობით ხალხს ადეპორტებენ, აწვალებენ, თვეების განმავლობაში ლტოლვილის ბარათს არ აძლევენ, მათ ინტერვიუებს არადამაჯერებლად თვლიან და უკან აგზავნიან. თუმცა, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ცნობილი მომღერალი და პლუს ავსტრიის მოქალაქე უდგება პიროვნებას თავდებში და ისინი ამ შემთხვევაში გენდობიან, მწვანე შუქს უნთებენ შენს მიერ წარდგენილ ადამიანს.

ასე რომ, ადელინა სულ რამდენიმე დღეში გადაიყვანეს შედარებით კომფორტულ ტერიტორიაზე და კომფორტულ საცხოვრებელში. მან რამდენიმე დღეში აიღო ცხოვრების ბარათი, გაუხსნეს საბანკო ანგარიში, მგზავრობის აბონემენტი და სულ ახლახანს, ინტერვიუს შემდგომ… ის დაარეგისტრირეს ავსტრიაში სამუდამო ცხოვრების უფლების მქონედ, რაც თითქმის წარმოუდგენელია რიგითი ლტოლვილისთვის. თუკი მათ ეძლევათ ბარათი, მხოლოდ რაღაც გარკვეული ვადით.

ეს იყო მართლაც ხანგრძლივი, შრომატევადი “ქეისი”, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერს ასეთი დადებითი დასასრული ჰქონდა. უკვე 2 დღის შემდეგ მომწერა მან, რომ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. ის ისეთი შიშის ქვეშ იყო ნაცხოვრები, რომ გაკვირვებული მწერდა – ქუჩაში ადამიანს საათი ვკითხე და გავოცდი,  ღიმილით მიპასუხაო. ასევე მომწერა, მოკლე ქვედაბოლო რომ ჩავიცვა ხომ არ ამეკიდებიან და მცემენ კაცებიო? თუმცა, სულ მალე, ის დარწმუნდა, რომ სრულიად უსაფრთხო და თანასწორ საზოგადოებაში იმყოფებოდა. მას კარგა ხანი დასჭირდა ავსტრიული რეალობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომფორტის აღსაქმელად და შესაგუებლად. ცხოვრებაში, მის კარიერაში ბევრს დავხმარებივარ მაგრამ ათმაგად მიხარია, რომ ვიღაცას სიკვდილის გადარჩენაში, თუ ხმამაღალი ნათქვამია, ცხოვრების თავიდან დაწყებაში და წარსულის დავიწყებაში მაინც დავეხმარე.

თქვენი გაზეთით, მინდა ვუთხრა ჩემს “ვენელ მეგობარ გოგოებს”, პირველ რიგში კოლეგას, მადინა კარბელს, რომელიც ძალიან პროგრესულად მოაზროვნე გოგოა და გვერდში დამიდგა, რომ ჩემი ავსტრიაში არყოფნის გამო, ადელინას ქალაქგარეთ, ერდბერგის სადგურზე დახვედროდა, ორგანიზაციაში მიეყვანა და დაკვალიანებინა. ასევე – ლია გულუას, რომელიც შესაძლო დამხმარე ორგანიზაციების ნუსხას მიძიებდა და ა.შ.

ვულოცავ ადელინას სრულიად ახალი, ლამაზი, სულიერად მშვიდი, თავისუფალი და საზოგადობასთან თანასწორი ცხოვრების ნულიდან დაწყებას. მალე დასაქმებასაც ჰპირდებიან და ის უფრო მყარად დადგება ფეხზე. ყოველ შემთხვევაში, ის უკვე ავსტრიის სრულუფლებიანი, სამუდამო მკვიდრია და ყველანაირი აწმყო თუ მომავალი მისთვის უკვე სულიერი თუ სოციალური ფუფუნების გარანტიაა. სიკეთე აგვამაღლებს და გადაგვარჩენს!!!” – აცხადებს გაზეთ “მეტრონომთან” მსოფლიო ოპერის ქართველი მომღერალი თამარ ივერი.

P.S. ადელინამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არანაირ სამართლებრივ ანგარიშსწორებას და პასუხისმგებლობის დაყენებას არ მოითხოვს იმ პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ, წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულები მის დისკრედიტაციაში.  მას უბრალოდ სურდა, ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, თუ როგორ და რა დოზით არიან ჩართულები სამართალდამცველები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი საქართველოში უმცირესობის დევნაში. თუმცა, “მეტრონომის” რედაქცია იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ევალებათ მსგავსი საქმეების გამოძიება, მიიღებენ შესაბამის ზომებს თუგინდ მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის გზაზე დამდგარ ქვეყანას რეპუტაცია არ შეელახოს და ხელი არ შეეშალოს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს, იცხოვრონ ევროპულ სახლში დემოკრატიულ ქვეყნებს შორის.

გენო ჯოხიძე

 

 

 

იტვირთბა....