aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„სუს-ის და პოლიციის შეფებს უფლებამოსილება გამოძიებამდე უნდა შეუჩერდეთ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

რატომ ვერ იმუშავა უშიშროებამ: ექსკლუზიური ინტერვიუ კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან

 

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში იმ საფრთხეზე და გარე ძალის ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც 11 მარტს ღამით აქციის განვითარებისას გამოვლინდა. არეშიძე ამბობს, რომ ბათუმში, ღამით, უკვე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი შეიმჩნეოდა. მისი თქმით, ეს დღე მათ დაგეგმილი არ ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობის პროტესტის ფონზე გეგმა უფრო დააჩქარეს და მისი ამოქმედება დროზე ადრე დაიწყეს.

არეშიძის თქმით, კითხვები აჭარელი ძალოვანების მიმართაც უნდა დაისვას და მათ უნდა გასცენ პასუხი, რატომ ვერ მოხდა აქამდე ამ ნიღბიანი მობილური ჯგუფების არსებობის აღმოჩენა, რადგანაც ფაქტია, რომ ისინი რომელიღაც კონკრეტული „ნ“ დღისთვის ემზადებოდნენ. კავკასიოლოგი ფიქრობს, რომ ასეთი რისკები სხვა რეგიონებშიც არსებობს და ეს ყველა სპეცსამსახურების მხრიდან სასწრაფოდ შეფასებული  და რეაგირებული უნდა იყოს.

მეტრონომი“: ბათუმში 11 მარტს აქციაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა სახის საგარეო საფთხე დაინახეთ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლიოს?

მამუკა არეშიძე: ბათუმში, ღამით განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ  გარკვეულ ძალას, ბათუმში დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქონდა ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, ეს იყო სპონტანურად დაწყებული სოციალური პროტესტი, რომლითაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ისარგებლეს. ეს არ იყო პროტესტი გამოხატვის ქართული კულტურა.

ეს იყო რამდენიმე ხნის წინ, კარგად დაგეგმილი და მომზადებული ნიადაგი, რომლის განსახორციელებლადაც ვიღაც სიტუაციას ეძებდა. მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამის დაბრალება სიტუაციას ამარტივებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოინდომა ამ პროტესტს სათავეში ჩადგომოდა, მაგრამ ჩაფლავდნენ. მე ვფიქრობ, აქ სხვა სახის რისკების და საფრთხეების შეფასება უნდა მოხდეს.

ვინ იყო ის ძალა, რომელმაც ღამით ბათუმის აქციის მართვა საკუთარ თავზე აიღო. რატომ გაჩნდა სეპარატისტული განცხადებები და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერა უფრო ჩანდა?

– აჭარა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, იმდენად მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამეზობლოსთვის ძალიან საინტერესო რეგიონია. აქ თავისი ინტერესები აქვთ,  რუსეთს, თურქეთს, სომხეთს, ირანს და ა.შ.

თუმცა, ბათუმში 11 მარტს ღამით განვითარებული მოვლენების ფონზე, მე რუსული ხელწერა დავინახე. ის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც აქციაზე გაჟღერდა რუსეთის სპეცსამსახურების მახასიათებელი ნიშნები უფროა.

ეს ამბავი კარგა ხნით ადრე დაიწო. ბათუმში და აჭარაში ნიადაგი მზადდებოდა. ვრცელდებოდა აჭარის პატრულის უფროსის ანტიაჭარული გამონათქვამი, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ხალხის თავშეყრის ადგილებში.  არვიცი, ამ ადამიანმა სინამდვილეში ეს თქვა თუ არა, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირადად მასაც ვიღაცამ პროვოკაცია მოუწყო.

მე ასევე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გეგმა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და ამ პროვოკაციისთვის გარკვეული დროც ჰქონდათ განსაზღვრული, თუმცა ამ ყოფით ნიადაგზე დაწყებული აქცის ფონზე, ვიღაცამ იჩქარა და ამ მზაკვრული ჩანაფიქრის ამოქმედება დაიწყო. ჯგუფებს, რომლებიც შესაბამისად აღჭურვილები და ნიღბებით იყვნენ აქციაზე,  თავისი მმართველი ჰყავდათ, რომლიც ფარულად მუშაობდა.

კიდევ კარგი, რომ ამ ძალამ იჩქარა და თავი უფრო ადრე გაამჟღავნა, რის შემდეგაც გარკვეული დასკვნების გამოტანა შეგვიძლია. თქვენ ალბათ არ იცით, რომ იმ ღამით აჭარის რეგიონებში ხალხის მობილიზება ხდებოდა, ქუჩაში გამოსვლებს აპირებდნენ. ესეც გეგმის ნაწილი იყო ალბათ, თუმცა გადავრჩით…

როგორ ფიქრობთ, სუს რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია ამ საფრთხის არსებობის შესახებ, რატომ ვერ მოახდინა მისი პრევენცია? ეს იყო ცუდი თუ მიზანმიმართული ქმედება, რაც უფრო საგანგაში ფაქტია?

– საქართველოს შესაბამის სამსახურებს მაშინვე უნდა დაეწყოთ მოქმედება, როდესაც ჭორების გავრცელება დაიწყეს, უფრო აქტიურნი უნდა ყოფილიყვნენ. ვფიქრობ, რომ დროზე არ მოხდა არსებული რისკების შეფასება.

ის, რომ პოლიციის მანქანები დაეწვათ, ქალაქში არეულობის და დესტაბილიზაციის მომწყობი შენიღბული ადამიანების მობილური ჯგუფები გამოეყვანათ  დიდი ხნის დაგეგმილი იყო, თუმცა არა 11 მარტისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე ვიღაცამ ჩათვალა, რომ იმ დღეს ხელსაყრელი დრო იყო, რათა ეს გეგმა უფრო ადრე აემოქმედებინა.

მთელი ღამე ტელევიზორთან მჯდომი საზოგადოებისათვის ძალოვანების მუშაობა ეფექტური ვერ იყო, არ გამოვრიცხავ ძალოვანთა შორისაც იყო ვიღაც, ვინც ამ სიტუაციის პროვოცირებაში მონაწილეობდა.  გამოდის, რომ რეგიონის ძალოვან უწყებებში პრობლემებია.

აქ უფრო შორს გასათვალისწინებელი რისკები არსებობს. ვფიქრობ, რომ  ცენტრალური სტრუქტურების გენერალურმა ინსპექციებმა უნდა ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება და აჭარის ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელთა უფლებამოსილება გამოძიებამდე მაინც უნდა შეჩერდეს.

ეს იყო ტესტი, სადაც გამოჩნდა, რომ  ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. ფაქტია, რომ მომიტინგეებს ღამით სხვა კონტიგენტი ჩაენაცვლა და ამ ადამიანებმა მოახდინეს დარბევა, ეს ყველაფერი უაღრესად ორგანიზებულად მოხდა.

რას იტყვით საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურზე, მათი მხრიდან მოხდა ამ რიკსების შეფასება, რომელიც ბათუმში შეიძლება განვითარებულიყო?

– კონტრდაზვერვის სამსახურმა პანკისის მიმართულებით ნამდვილად კარგად იმუშავა. თუმცა, რაც შეეხება აჭარას, თუ დადასტურდა, რომ იქ 11 მარტს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკების შეფასება ჯეროვნად ვერ მოხდა. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია მაინც ძალოვანთა კონტროლს ექვემდებარება, რადგან აქციამ უფრო დიდი მასშტაბები არ მიიღო.

ასეა თუ ისე ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს რეგიონი განსაკუთრებული რისკის მატარებელია, სადაც ყველა სამსახური ორმაგი ყურადღებით უნდა  მუშაობდეს.

აქციაში მონაწილე ყველა პირი უნდა გამოვლინდეს, მათი კონტაქტები შემოწმდეს. გაირკვეს  ვინ ვისი კაცია. ასევე, უნდა გამოვლინდეს ნიღბიანი ჯგუფების უკან მდგომი ძალები.  აუცილებელია, ქვეყნის სხვა  რეგიონებში მსგავსი რისკების განსაზღვრა. საჭიროა, ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს, რომ საკუთარი ინტერესების რეალიზაციის გამო ისეთ პროცესებში არ ჩაერთონ, რომელიც ქვეყანას დაანგრევს.

 

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....