aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მშობლები ქალიშვილების სახლში ჩაკეტვით იმუქრებიან: „ყველას გავაგებინებ საქართველოში სახელმწიფო გოგონებს რომ ყიდის“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტორი: ელზა პაპოშვილი

ადრეული ქორწინება და  გოგონებზე ძალადობა, კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა აქტუალობას და საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც რომელიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება.

ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით სახელმწიფომ ამ პრობლემის აღიარება დაიწყო, თუმცა კანონის პრაქტიკაში აღსრულება არ ხდება.

სწორედ ასეთი კონკრეტული ფაქტი საქართველოში, აზერბაიჯანულ სოფელში 28 აპრილს მოხდა. სკოლის მოსწავლე გოგონა ე.წ. ცოლის მოყვანის მიზნით, მარნეულის რაიონის  სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მეთორმეტე კლასელი გოგონა მამაკაცმა დღისით-მზისით გაიტაცა. გოგონა 17 წლისაა, მამაკაცი კი მასზე 10 წლით უფროსია.

პოლიციამ ორი დღის განმავლობაში ვერ იპოვა არასრულწლოვანის გამტაცებელი. ორი დღის შემდეგ  გამტაცებელმა გოგონა სახლში თვითონ დააბრუნა და ოჯახს უთხრა, რომ გოგო თანახმაა მისი ცოლი გახდეს და მისთვის არაფერი დაუძალებია.

მშობლებმა კი გადაწყვეტილება მიიღეს და შვილი გამტაცებელს ცოლად გააყოლეს. პოლიციამ გამტაცებელთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ბიუჯეტში სოლიდური გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „მეტრონომს“  ეს ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია იმ პირების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინებას ან მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას გადაწყვეტენ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება სრულიად დაუშვებელია 18 წლამდე.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

თუმცა, კოდექსის 1501-ე მუხლი სამართალდამცველებს საშუალებას აძლევს, გატაცებული გოგონას ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, საქმე საპროცესო შეთანხმებით დაასრულონ და გამტაცებელს 6 ათასი ლარიდან 14 ათას ლარამდე ჯარიმა გადაახდევინონ.

ქალთა უფლებების დამცველების განცხადებით, სწორედ კოდექსის ამ მუხლს იყენებენ სამართალდამცავები ყველაზე ხშირად. შედეგად კი, ადრეულად დაქორწინებული ათასობით გოგონა განათლების უფლების გარეშე რჩება. მათ არა აქვთ პროფესია, შესაბამისად არ აქვთ სამსახური და მთელი ცხოვრება ქმარსა და მის ოჯახზე დამოკიდებულები და თავისუფლებაშეზღუდულები რჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ქალთა უფლებადამცველი ანი არღნიშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ 28 აპრილს მარნეულის რაიონიდან გატაცებული გოგონას დას სულ სხვა ვერსია ჰქონდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი და გათხოვებას არ აპირებდა და იგი ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

უფლებადამცველის თქმით, მთელს ამ გარიგება-მორიგებაში თავად გატაცებული გოგონას ხმა არასოდეს ისმის. მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ გოგონაც თანახმაა. არღნიშვილის განცხადებით,  ეს პირველი და სავარაუდოდ უკანასკნელი შემთხვევა არ არის, როდესაც არასრულწლოვან გოგონას იტაცებენ და ამის გამო არავინ ისჯება. განსაკუთრებით ხშირია გატაცების შემთხვევები საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებში.

„წინა წლებთან შედარებით, სახელმწიფომ ეს პრობლემა აღიარა და გვეთანხმება იმაში, რომ გენდერული დანაშაულები ხორციელდება გოგონების მიმართ და არა ერთა ანგარიშში ადასტურებს. თუმცა, ახლა შემდეგ ეტაპზე გადავედით და სახელმწიფომ მის აღმოსაფხვრელად ეფექტური ქმედება ვერ შეიმუშავა. მთავარი გამოწვევა სისხლის სამართლებლივი რეაგირების ადეკვატურობაა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ წლებში, როდესაც კანონის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა და მოხდა იძულებით ქორწინება, ყველა შემთხვევაში, რომელზეც გამოძიება დაიწყო, ბოლოს საპროცესო  შეთანხმება გაფორმდა. ეს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ცუდი სიგნალია, რომელიც პოტენციურ მოძალადეს ახალისებს და დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებს. ეს ქმედება პრევენციისთვის საკმარისი არ არის.

ეს კი გოგონებისთვის საკმაოდ ღირსების შემლახველია. გოგონების ოჯახებმა დაკარგეს იმედი, რომ თუ ამ ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადებენ, მოძალადე დაუსჯელი დარჩება. საკმარისი არ არის, რომ სახელმწიფომ ეს პრობლემა მხოლოდ ტელევიზიებით აღიაროს, აუცილებელია რომ გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი. პროკურორებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ გოგონამ გადათქვა და უარყო, რომ ის მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.

ოჯახი ამ შემთხვევაში არის ძალიან რთულ სიტუაციაში, პატარა გოგონას ვერ მოვთხოვთ გმირობას, მისი დაცვა სახელმწიფომ უნდა შეძლოს და 15 წლის მოზარდზე პასუხისმგებლობა არ უნდა იქნას გადატანილი. ახლა მეორე უკიდურესობა შეიძლება მოხდეს, როდესაც გოგონების ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მაშინ მათ სახლებში ჩაკეტავენ და სკოლაში აღარ გაუშვებენ, რადგანაც მათი შვილების დაცვას ხელისუფლება ვერ ახერხებს”, – ამბობს უფლებადამცველი „მეტრონომთან“

“ნუ გაათხოვებთ კიდევ ერთ გოგოს მოძალადეზე”, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით საქართველოს პროკურატურასთან 30 აპრილს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდეს, აღასრულონ კანონი და აზერბაიჯანულ თემში გოგონების გატაცებას კანონის შესაბამისად უპასუხონ.

ამ მხრივ კი სტატისტიკაც სავალალოა:

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4 599–მა გოგონამ შეწყვიტა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, 2014 წელს – 665.

ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება.

თუმცა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები არაზუსტია და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, თუ რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლას ოჯახის შექმნის გამო.

ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.

კავშირი „საფარის“ დირექტორი და უფლებადამცველი ბაია პატარაია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოში გატაცებული გოგოს ამბავი ძალიან ცუდად და ტრადიციულად ვითარდება. მისი თქმით, დღენახევრიანი ტყვეობის შემდეგ გოგო ამბობს, რომ დარჩება გამტაცებელთან და ითხოვს მის გათავისუფლებას.

გოგოს ოჯახი ამბობს, რომ ეს მათი ქალიშვილის არჩევანია და თავადაც თანახმანი არიან. შემდეგ კი  ელოდებიან პოლიციას იმ კაცს სახლში როდის გაუშვებენ. გოგონაზე ზეწოლას როგორც ოჯახის წევრები, ასევე გამტაცებლის ნათესავები ახორციელებენ,  ხელისუფლება კი ამ ყველაფერს შორიდან აკვირდება და ისე მოქმედებს, როგორც ეს ადამიანები გადაწყვეტენ.

„გატაცება დაწყებისთანავე დამთავრებული დანაშაულია. 28 აპრილს  დანაშაული მოხდა სკოლასთან უამრავი ადამიანის თვალწინ და მომენტალურად იქნა გამოძახებული პოლიცია.

ამ დანაშაულის შესახებ გაიგო მთელმა ქვეყანამ. თუ ამ დანაშაულს ვერ გახსნიან , მაშინ დამნაშავეები თავად პოლიცია და პროკურატურაა. არავის შევარჩენ კიდევ ერთი მოტაცებული გოგო გაყიდონ თხასავით და კიდევ ერთი გამტაცებელი გამოუშვან საპროცესო შეთანხმებით.

აზერბაიჯანულ სოფლებში ყველას თვალწინ მომხდარ ქალზე ძალადობის შემთხვევებს რომ ვერ ხსნიან, ეს ჩვეულებრივი დისკრიმინაციაა გენდერული და ეთნიკური ნიშნით.

კარგად გვახსოვს ხანუმ ჯეირანოვას საქმე, მთელი სოფლის თვალწინ მომხდარი დანაშაული ორწელიწადნახევარი ვერ გამოიძიეს.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა მედიას აქაც და საზღვარგარეთაც გავაგებინებ საქართველოში თავად სახელმწიფო გოგონებს როგორ ყიდის.

კმარა ეს განუკითხაობა, ეს უსამართლობა და ეს კრიმინალი! აღასრულონ კანონი და პატივი სცენ კანონს! დაისაჯოს მოძალადე!  კანონდამცველები კანონდამრღვევებად ნუ გადაიქცევიან“, – ამბობს პატარაია „მეტრონომთან“

 

 

 

იტვირთბა....