aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციისა და ინტენსიური დიალოგის გასაძლიერებლად აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციისა და ინტენსიური დიალოგის გასაძლიერებლად აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ს კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

“არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის გამხდარიყო დამოუკიდებელი – ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას.

კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.
ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება და პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.

იტვირთბა....