aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

„მეუფე იაკობი სავარაუდოდ, კაცის მკვლელია“: სასულიერო პირი „მეტრონომთან“ პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ვინ არის მამა იაკობი – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ იღუმენ ილია ვაშაკიძესთან

საპატრიარქოში დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ სასულიერო პირთან დაკავშირებას, რომელიც უშუალოდ ჩახედულია შიდა სამზარეულოში. იღუმენი ილია ვაშაკიძე, რომელმაც უკვე ერთი წელიწადია თავისი ნებით დატოვა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია, როგორც თავად ამბობს, საპატრიარქოში მიმდინარე უსამართლობისა და განიკუთხაობის გამო, „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მეუფე იაკობ იაკობიშვილის ბიოგრაფიიდან მისი მოღვაწეობის 10 წელი ამოღებულია და ბურუსით არის მოცული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე იაკობი მომავალში, პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. მამა ილიას თქმით, მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი) სამოქალაქო ომის დროს, შინაგანი ჯარების სარდლის გენერალ გელა ლანჩავას მოადგილე იყო, რაც მის ავტობიოგრაფიაში დღეს არ ჩანს და რაზედაც ინფორმირებულია საქართველოს საზოგადოება და გაცხარებული დისკუსიებიც მიდის ამ თემასთან დაკავშირებით. ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ მეუფეს წარსულით დაინტერესდნენ.

„მეტრონომი“: არაოფიციალური ინფორმაციით მეუფე იაკობ იაკობიშვილი, პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. თქვენ უჭერთ თუ არა მხარს მის კანდიდატურას და როგორ შეფასებთ მის მოღვაწეობას? რადგანაც თქვენ 4 წლის წინ მეუფეს მიმართ გარკვეული კითხვები გქონდათ?

მამა ილია ვაშაკიძე: საუბარს პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია დატოვებული მაქვს, მაგრამ თხუთმეტივე ავტოკეფალური ეკლესიის მადლმოსილებას ვცნობ, სადაც განხეთქილება, შუღლი და მტრობაა, იქ ქრისტე არ არის და მე იმ ადგილზე ჩემს თავს ვერ ვხედავ. მე ქრისტესთან მინდა ყოფნა და არა ვინმე ამქვეყნიურად გავლენიან პიროვნებასთან.

რაც შეეხება მეუფე იაკობ იაკობიშვილს, მე მას პატრიარქობის კანდიდატად ვერ აღვიქვამ. ჯერ ცოცხალი ადამიანის ადგილის დაკავებისთვის ბრძოლა არაქრისტიანულია. ყველა მორწმუნეს უნდა ეშინოდეს, რომ ამხელა ჯვარი აიღოსა და ატაროს, რადგანაც  დიდი ტვირთის ტარება მოუწევს. პატრიარქობას მორწმუნე ეპისკოპოსი უნდა გაურბოდეს, ეს ღვთის ნებას უნდა მიანდოს.

მეუფე იაკობის ბიოგრაფიიდან 10 წელი საერთოდ გამქრალია. მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი უკუნით არის მოცული, ეს კი მოციქულთა კანონებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვები იბადება, რომ მისი ბიოგრაფიიდან ზუსტად ის პერიოდია ამოღებული, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი იყო.

ხალხში მუსირებს აზრი, რომ ის გენერალ გელა ლანჩავას მოადგილე იყო. ამას ხალხი ადასტურებს. ჟურნალისტებმა გამოიძიეთ, ეს ადამიანი ამ ათი წლის განმავლობაში რას საქმიანობდა. ასევე მისი ძმის დისლოკაციის ადგილები გამოიკვლიეთ, ან პროკურატურა დაინტერესდეს… მხოლოდ ჩემი საუბარი საკმარისი არ არის.

ჩემი ვარაუდი თუ მცდარია, ეს დაადასტუროს, ან უარყოს კომპეტენტურმა ორგანომ. მეუფე იაკობი გამოირჩევა აგრესიით, რაც ეპისკოპოსის ქცევას არ შეეფერება და ეს ჩემ გარდა ბევრმა იცის. ის ასევე პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა, რომლებსაც ხშირად ამბიონიდან აკეთებს. მან აშკარად დაარღვია საარჩევნო კოდექსი, როდესაც წინასაარჩევნოდ, კანონით აკრძალულ პერიოდში ამბიონიდან სახალხოდ, აშკარად დაიჭირა მხარის პოზიცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

– რას იტყვით მეუფე იაკობის და პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მათ საპატრიარქოში აქვთ?

– მეუფე იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ანუ მოადგილე. ქალბატონი შორენა კი უწმინდესის მდივან-რეფერანტია. ამ ორ ადამიანს შორის, რომ რაიმე გადაკვეთის წერტილები არ იყოს, ხომ აბსურდი იქნება?!

შორენა თეთრუაშვილს უფრო მეტ პატივს მივაგებ, რადგანაც ის თავის პირდაპირ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს, რასაც ეპისკოპოსებზე ვერ ვიტყვი.

ეპისკოპოსების პირდაპირი მოვალეობაა, რომ საეკლესიო დოქტრინების ზედმიწევნით დაცვა მოხდეს. არა პრობლემებზე დუმილი, არამედ მსჯელობა, რომელსაც ეპისკოპოსები არ აკეთებენ. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ის, რომ დედაკაცური სიცრუით მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ 2015 წლის 23 დეკემბერს ტელევიზიით გაახმოვანა ისეთი სიცრუე, რაც მიტროპოლიტს სულ მცირე, არ ეკადრება, თითქოსდა მე დაბარებული ვიყავი სინოდის სხდომაზე და არ გამოვცხადდი, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტაცია არც საპატრიარქოს არ გააჩნია და არც საქართველოს ფოსტის რეესტრში არ არის. ეს ის მაგალითია, რომელიც მე პირადად გადამხდა თავს ეპისკოპატისა და სინოდის უპასუხისმგებლობის გამო.

– თუ ეპისკოპოსების უმრავლესობა თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაშინ მხოლოდ მეუფე იაკობზე რატომ მახვილდება ყურადღება?

– მეუფე იაკობზე ასეთი ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ ის ამბიონიდან აგრესიული და პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა. მეუფე იაკობი სავარაუდოდ კაცის მკვლელია. აბა საომარ მოქმედებებში რომ მონაწილეობას იღებდა ბეღურებს კლავდა? გამოვიდეს და თქვას, რომ გელა ლანჩავასთან ერთად სამოქალაქო ომის დროს, ბეღურებზე სანადიროდ იყო გამოსული თბილისში.

– ფიქრობთ, რომ ყველაფერი რაზეც შორენა თეთრუაშვილის ირგვლივ საუბრობენ, სიმართლე არ არის და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებში დამნაშავეები თავად უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირები არიან?  

– შორენა თეთრუაშვილი ეპისკოპოსებზე უპირატესია იმით, რომ ის მათგან განსხვავებით მოვალეობებს პირნათლად ასრულებს. ეპისკოპოსებს ქრისტე საერთოდ არ აინტერესებთ, მათ ქრისტეს ეკლესია წაართვეს.

– რას ფიქრობთ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მას შესაძლოა ციანიდით უწმინდესის მოკვლა სურდა?

– სასაცილოა ციანიდზე საუბარი. რაღა დროს ეს საწამლავია, ადამიანის მოსაკლავად? მას კიდევ ვინმე ხმარობს? ეგ იგივეა, რომ თქვან, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მოსანახულებად გერმანიაში ურმით მიდიოდაო. მაგ ვერსიის არ მჯერა.

როგორც ამბობენ, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქთან დღეში 2-ჯერ შედიოდა და საჭმელი თავისი ხელით შეჰქონდა. თუ მოწამვლა უნდოდა აქ ვერ მოწამლავდა? თუ ეს განზრახვა ჰქონდა, რაღა ბერლინში და არა თბილისში? ასევე ვერ ვხედავ მოტივაციას, მას უწმინდესის მოკვლა რაში უნდა დაჭირვებოდა?

მე მაქვს უფლება რაიმე დავიჯერო ან არ დავიჯერო, გამომდინარე აქედან ვიყენებ ჩემს ამ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას და ზემოთ  ხსენებული ვერსიის არ მჯერა.

ბოლოს კი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისათვის, რომ ჩემმა უღირსებამ თქვენი ყურადღება მიიპყრო. უფალმა დაგლოცოთ!

P.S. “მეტრონომი” ცდილობს მამა იაკობთან დაკავშირებას და მისი პოზიციის დაფიქსირებას. მასთან დაკავშირების შემდეგ, ჩვენ შემოგთავაზებთ მის პოზიციასაც…

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....