aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

24-25 და 26 მაისს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებით. აქედან გამომდინარე, შეიცვლება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.

მერიის ინფორმაციით, 24 მაისს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით შეიზღუდება, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ. შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩაზე მობრუნდება და უკუმიმართულებით სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

25 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

რაც შეეხება 26 მაისს, მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრანსპორტისთვის დამატებით ბარათაშვილის ქუჩაც ჩაიკეტება. ამდენად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება.

ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს.

მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.

იტვირთბა....