aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“საერთაშორისო გამჭირვალობა”: ” მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნა საეჭვოა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო”  2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“წლევანდელი შედეგების მიხედვით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში გაუარესდა წინა წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ, ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს.

საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევები ძირითადად მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ეფექტური სისტემის არარსებობის შედეგია. ამ მხრივ, აღსანიშნავია, პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო ხელისუფლების არაეფექტურობა და სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამავდროულად, მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე უკანასკნელ წლებში პასუხგაუცემელი კითხვები მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნას ეჭვქეშ აყენებს.

აღსანიშნავია, ასევე, დამოუკიდებელი სააგენტოების (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შესყიდვების სააგენტო და სხვა) როლის გაძლიერების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მსგავსად, სხვა ისეთი სამსახურების ეფექტურობაც გაიზარდოს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებენ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები. გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტური მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს:
“არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის გასაგრძელებლად აუცილებლად მიგვაჩნია: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერება; სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის ყველა ფორმის (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისა და გამოძიებისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება; საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენის გამორიცხვა. ასევე, დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება; ანტიკორუფციულ ძალისხმევაში კერძო სექტორის ეფექტური ჩართვა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

იტვირთბა....