aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სასამართლოს როგორ ვუშველოთ, ნუ მკითხავთ…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია სოციალურ ქსელში მოსამართლეების არჩევის თემას ეხმაურება. ნოდიას თქმით, ის ვერ ხვდება, ბესელია-ფოფხაძე-გეგიძე და კამპანია რატომაა უფრო მართალი, ვიდრე ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძე და ძმანი მათნი.

“სიაში მოხვედრილი „ცუდი“ მოსამართლეები ერთგულად ემსახურებოდნენ როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას. ყოველ შემთხვევაში, ბრალდება ესაა.

ივანიშვილის დისიდენტებს მხოლოდ პირველი ნაწილი აღაშფოთებთ, მიშას რატომ უჯერებდნენო; მეორე („ოცნების“ ერთგულება) სრულიად ბუნებრივად და სწორად მიაჩნიათ. ეს უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დამცველებად ათასი წელი არ გამოდგებიან.

აბა, რა ამოძრავებთ? ისე ჩანს, რომ უფრო სამაგიეროს გადახდის ბუნებრივი ინსტინქტი: ესენი „ჩვენებს“ ციხეში სვამდნენ, ამიტომ არ უნდა გაიხარონ. წერტილი.

ამას ემატება ზოგადი გაღიზიანება ბიძინაზე, ეს უზრდელი კობახიძე და მისი კამსამოლები რატომ დაგვასვა თავზეო. ამ ნაწილში ძნელია, რაღაც თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს, მაგრამ ძალიან შესაცოდებიც არ არიან.

მათთან შედარებით ბიძინა, კობახიძე, მდინარაძე და კამპანია გაცილებით უფრო ლოგიკურები და თანმიმდევრულები არიან: თუ კარგი (ანუ „ოცნების“ მორჩილი) სასამართლო გინდათ, მიშასდროინდელ ცოდვებს ნუ ვუხსენებთ. მაშინ იმის შესაბამისად იქცეოდნენ, რა ვითარებაშიც იყვნენ. ახლა, კარგები რომ მოვედით ხელისუფლებაში, კარგად იქცევიან ანუ გვიჯერებენ. რაღას ერჩით? რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება ვიღაცა ახლების ძებნით, როცა აგერ გამოცდილი კადრები გვყავს?

ასე რომ ვერ ვხვდები, თუნდაც ამ კონკრეტულ კონტექსტში ბესელია-ფოფხაძე-გეგიძე და კამპანია რატომაა უფრო მართალი, ვიდრე ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძე და ძმანი მათნი.

ერთმანეთში რომ ჩხუბობენ, ვერთობი, კი.

ზოგადად სასამართლოს როგორ ვუშველოთ, ამას ნუ მკითხავთ, ეს ნამეტანი რთულია. ეს სკანდალი თუ ამ საკითხზე უფრო სერიოზულად დააფიქრებს მეტ ადამიანს, კარგი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნებს ნაკლებად ვხედავ”. – წერს გია ნოდია.

იტვირთბა....