aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რა მიზნით უნდა მოიჭრას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ასობით ხე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სპეციალური საბჭო, რომლის მიმართაც ნდობა არ არსებობს და რომელმაც პირადი მოტივებით, ჯანმრთელი ხეების მოჭრაზეც გასცა ბრძანება“

ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, მწვანე საფარი მალე განადგურდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძემ განაცხადა და დამადასტურებელი დოკუმენტი გაასაჯაროვა. მისი თქმით, მერიის სპეციალურმა საბჭომ დაადგინა, რომ აქ არსებული ასობით ხე უვარგისია და უნდა მოიჭრას.

აბესაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ტერიტორიის განვითარების შესახებ მომზადებულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომლის ბოლო ვერსიაც უკვე საკრებულოშია.

„მაშინ, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ყურადღება მიქცეულია საპარლამენტო არჩევნებზე, ერთი დღის ვადაში ხდება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, ისე რომ იქ არ არის გათვალისწინებული თავად მერიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. როგორ ჩანს იჭრება ძალიან ბევრი ხე-ნარგავი, არ არის გაცემული გეოლოგიური დასკვნა“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ის კიდევ ერთ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის პირველადი ვერსია 2 აგვისტოს შევიდა, სამ აგვისტოს კი ორმა საბჭომ ერთმანეთის პარალელურად განიხილა და დაამტკიცა. ორი დღის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულომაც, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის კუთვნილი 40 ჰექტრიდან 10 ჰექტარს სტატუსი შეეცვალა და  ახლა აქ მშენებლობა უკვე დასაშვებია.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას განაშენიანების გენერალური გეგმის უგულებელყოფას და ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

„პანორამა თბილისი“ იქნება, თბილისის ზღვის განაშენიანება იქნება, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული გეგმები იქნება თუ სხვა, ეს გენგეგმის ჯგუფის ხედვებს ცდება. ჩვენ ვიხდით უზარმაზარ ფულს, ხალხი მუშაობს ამ გეგმაზე, რომელიც არავის სჭირდება“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერი დავით ნარმანია  კი  ადასტურებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეები უნდა მოიჭრას, თუმცა ის ამბობს, რომ ეს ხეები დაზიანებულია და მათ მაგივრად ჯანმრთელი ხეების დარგვას გეგმავს.

„დაზიანებული ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ იგივე ტერიტორია უნდა დაიკავოს უკეთესმა და სამომოავლო პერსპექტივის განვითარების ჯიშებმა, ასე, რომ ესეც გაკეთდება.

მას შემდეგ, რაც გენერალურ გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენ ყველა მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს გენერალური გეგმის ჯგუფთან ვათანხმებთ“ – განაცხადა მერმა.

თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის ამ პროექტს რამდენიმე დღის წინ გაეცნო.

თბილისის გენერალური გეგმის მომზადება მერიამ გერმანულ კომპანის ერთი წლის წინ დაუკვეთა, რომელშიც 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ქალაქის განაშენიანების შესახებ დოკუმენტის მომზადება სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.

მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ მერიის სპეციალური საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან ბევრი მსგავსი შეცდომა დაუშვა, რომელიც პირადი მოტივებით იყო განპირობებული და მათ ჯანმრთელი ხეების მოჭრაზეც გასცეს ბრძანება.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვინაიდან ეს კერძო ტერიტორიაა, იქ შესვლის და მონიტორინგის უფლება მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს აქვთ. არასამთავრობო სექტორს, საზოგადოებას, სამოქალაქო აქტივისტებს ყველანაირი შანსი შეზღუდული გვაქვს, რომ კერძო ტერიტორიაზე შევიდეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს ნანახი ამ ხნის განმავლობაში, როგორ ხდებოდა გამიზნულად ჯანმრთელი ხეების დაზიანება. ფესვებთან ნივთიერებების შეშვება, რომლებიც ახმობდნენ ხეებს და შემდეგ საუბრობდნენ, რომ უკვე უვარგისი ხეები იყო. სინამდვილეში, თვითონ აფუჭებდნენ. ამ ყველაფერს კარგი გამოძიება სჭირდება, როგორ გახმა ასეულობით ხე რამდენიმე თვეში, რომლებიც თავიდანვე ჯანსაღი იყო და ამ ხმობაზე არავინ საუბრობდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს და მე პირადად უნდობლობას ვუცხადებ ნებისმიერ კვლევას, რომელსაც ეგ სპეციალური სამსახური დადებს“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

კითხვაზე, რა მექანიზმები გააჩნია სამოქალაქო საზოგადოებას რომ ჯანმრთელი ხეები არ მოიჭრას, იმის გათვალისწინებით, რომ მერიის სპეციალური სამსახურის მიმართ ნდობა დაკარგულია, კუპრაძე ამბობს, რომ ერთადერთი ყველაზე ადექვატური ქმედება მერიის სამსახურზე ზეწოლა იქნება.

„უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესწავლა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. თუნდაც სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს ექსპერტის გამოძებნას, მის დაფინანსებას საკუთარი რესურსებით, თუნდაც შეგროვილი თანხით და ჩვენ შევისწავლოთ ეს შემთხვევა და დავრწმუნდეთ რამდენად სამართლიანად ხდება ამ ხეების მოჭრა.

იმაზე საუბარი კი რამდენად სამართლიანად და კანონიერად გასხვისდა აღნიშნული ტერიტორია, საერთოდ კარგა ხნის პრობლემაა, დღემდე ვერ შევისწავლეთ ეს საკითხი. რატომ მოხდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კონტურების ცვლილება. ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და სამწუხაროდ, ჯერ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ყველაფერს ერთი ადამიანი კურირებს და მართავს.

ისიც საგულისხმოა, რომ ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, რომელიც რაღაც საკითხებზე ვერ დაითანხმეს, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და ბათუმიდან ჩამოიყვანეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ახლადდანიშნულ დირექტორთან ყველაფერი შეთანხმებულია და კეთდება ძალიან შეხმატკბილებულად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ყველა ადამიანი, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, ჩამოშორებული ყავს. ყველაფერი დამწიფდა მაშინ, როდესაც რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლეს ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმღვანელი. ახლა კი მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხდება ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე და ეს იწვევს ეჭვს, ამის პარალელურად, როცა გამოძიება არ ხდება, ეს უკვე მიუთითებს დანაშაულზე და ადამიანებს, რომლებსაც არაფერს გვეუბნებიან, არ გვაძლევენ  არანაირ ინფორმაციას, სხვა დასკვნას, ნამდვილად ვერ გამოვიტან“ – განუცხადა ირაკლი კუპრაძემ „მეტრონომს“.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....