aviabiletebi
Blogs აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რა ვარიანტს განიხილავს პოროშენკო და როგორ გამოიყენებს კრემლი სააკაშვილის „გარღვევას“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოროშენკოს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. ღამით, ალბათ, ძილის წინ, ის მის მიერ დაშვებულ შეცდომებს ნანობს და დღისით თანამებრძოლებთან ერთად ცდილობს გამოსავალს მიაგნოს. მან რეიტინგდაკარგული პერსონის პოლიტიკური რეინკარნაცია მოახერხა. თითქმის ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ალბათ მართალიცაა, რადგან დაბალი რეიტინგის მქონე ყოფილი გუბერნატორი სერიოზულს ვერაფერს დააკლებდა უკრაინის პრეზიდენტს.

ახლა კი საქმე სხვაგვარადაა. სრულიად უკრაინა აჟიტირებულია სააკაშვილის გუშინდელი ე.წ. „გარღვევით“ და სოციალურ ქსელშიც იოლად მიხვდება ადამიანი, რომ მის ირგვლივ „ფანების“ რიცხვი გაზრდილია. ეს იცის პოროშენკომაც და ახლა, მეგობრებთან ერთად ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

და მაინც, როგორ სვლას უნდა ველოდოთ პოროშენკოსგან? არსებობს რამდენიმე ალტერნატივა, მაგრამ მათ შორის იდეალური არც ერთი არ არის უკრაინის პრეზიდენტისთვის, თუმცა, არჩევანის გაკეთება მას მაინც მოუწევს. ასე ვთქვათ – ცუდი ვარიანტებიდან შედარებით კარგის შერჩევა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს „შედარებით კარგი“ ვარიანტი მას მხოლოდ ერთი აქვს. მივყვეთ ლოგიკურად…

ერთ-ერთი ვარიანტია, მან დააკავოს სააკაშვილი, უკრაინის სასამართლოს წარუდგინოს როგორც კრიმინალი, კანონდამრღვევი, საზღვრის უკანონო დამრღვევი და ციხეში რამდენიმე წლით გაუშვას. ეს ვარიანტი წესით, კიდევ უფრო დააჩქარებს სააკაშვილი-ტიმოშენკო-სოდოვის (ლვოვის მერი) ახალი პოლიტიკური ერთობის გაძლიერებას, მითუმეტეს, პრესა უკვე წერს, რომ უკრაინულ პოლიტიკაში შესაძლოა ამ ტრიოს სახით რადაში ახალი ძალა გაჩნდეს. უკრაინის საპყრობილიდან სააკაშვილის დახსნა, ანუ ადგილობრივი კანონებით მანიპულაცია პოლიტიკურ ტრიოს ახალ მიზანს დაუსახავს, რაც შესაძლოა გახდეს კიდეც მათი რეიტინგის კიდევ უფრო გაზრდის მიზეზი. ეს ვარიანტი პოროშენკოს არ უნდა აწყობდეს.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ პოროშენკო საერთოდ შეეშვას სააკაშვილს, ანუ მიუშვას თავის ნებაზე და აკეთებინოს პოლიტიკა უკრაინაში. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტს ყველაზე მეტად ამის უნდა ეშინოდეს, რადგან საკუთარ ტყავზე უკვე გამოცდილი აქვს, რას ნიშნავს „აშვებული“ სააკაშვილი და თანაც, ახლ, უკვე მის ცხვირწინ…

მესამე ვარიანტი პოროშენკოსთვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი პოროშენკოსთვის შედარებით მისაღები უნდა იყოს, რადგან ამით დროებით მაინც მოახერხებს მისგან გათავისუფლებას და თან, პოლიტიკური ტრიოს ქუჩის აქციებიც მთლად მიზანმიმართულად ვერ გამოჩნდება, რადგან სააკაშვილის ბედი არა უკრაინის, არამედ საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული. ასეთი გადაწყვეტილებით და იმის იმედად, რომ უკრაინული ოპოზიცია იყვირებს და დაწყნარდება, პოროშენკოს ოდნავ მაინც გაუხანგრძლივებს ხელისუფლებას. თუმცა, ამ ვარიანტსაც აქვს ერთი სერიოზული მინუსი – სააკაშვილს ტრამპის კარზე უფრო მეტი კონტაქტები აქვს, ვიდრე სრულიად უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც, თავის დროზე, კლინტონის გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული და აშშ-ს ადმინისტრაციამ ეს კარგად უწყის.

სხვა საკითხია, რამდენად აწყობს ქართულ მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება და ციხეში გამომწყვდევა. ქართველი ანალიტიკოსების უმეტესობა ამბობს, „ქართულ ოცნებას“ კოჭებზე ეტყობა, რომ სააკაშვილის სახით უტკივარი თავის ატკივება არ სურს, რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო პერიოდში. თუმცა, ერთიც ფაქტია, პოროშენკომ თუ ექსტრადირების საკითხი გადაწყვიტა, მასში უფრო თვითგადარჩენის ინსტიქტი გააქტიურდება და ოფიციალურ თბილისს თავის პრობლემებში ჩაიყოლებს.

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი საკითხია რუსეთის როლი, რომელიც ყოველთვის თვალთმაქცურად და სათავისოდ იყენებდა მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს. რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა და როგორ შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს სააკაშვილის „გარღვევის“ თემა?

პუტინის ერთ-ერთი რუპორი მედიასაშუალება, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კრემლის პოზიციების გამხმოვანებლად, არც მალავს და პირდაპირ წერს, რომ სააკაშვილის საზღვრის გადმოკვეთამ უკრაინის საზღვრების სისუსტე გამოააშკარავა. „ზუსტად ეს შეიძლება გახდეს დამატებითი არგუმენტი კრემლისთვის, რომ უკრაინა ვერ აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს“. – წერს ერთ-ერთი რუსული ონლაინ-მედია. რუსული მედია არც იმას მალავს, რომ თუკი სააკაშვილი დარჩება უკრაინულ პოლიტიკაში და შეეცდება მაღლა სვლას, კრემლს ყოველთვის გააჩნია ინსტრუმენტები, რომ მას ფრთები შეუტრუსოს…

 

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....