aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი საზოგადოება

რატომ ვფლავდებით ყოველ წელს ევროვიზიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

არც ხელოვნებათმცოდნე ვარ და არც მუსიკათმცოდნე, მაგრამ ყურები მაქვს და არც მუსიკალურ გემოვნებას ვუჩივი. დღემდე ვამაყობ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, თინეიჯერობის პერიოდში, ლეგენდარულ ირაკლი ჩარკვიანთან ერთადაც გამოვსულვარ სცენაზე ჩემს ჯგუფთან ერთად და საკუთარი კომპოზიციებიც შემისრულებია. ამას იმიტომ ვწერ, რომ შესაძლოა ვინმე გამომექომაგოს და თქვას, ამას ვინღა ეკითხებაო, მაგრამ როცა, ჩემი თანამემამულე გამოდის სცენაზე ჩემი ქვეყნის სახელით და ჩემი ქვეყნის იმიჯს წარმოადგენს ევროპაში, მეც ნამდვილად მეხება. მე მაქვს უფლება ვთქვა კარგი, ან გავაკრიტიკო… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება და გავაკეთებ კიდეც ამას…

ალბათ მიხვდით საითაც მივდივარ. ევროვიზიაზე მინდა მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი… უბრალოდ სურვილი მაქვს…

ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ვიტყვი და დავიწყებ იქიდან, რომ თაკო გაჩეჩილაძე უნიკალური მომღერალია, აქვს ძალიან ძლიერი ხმა და ბანალურად ვიტყვი, უბრალოდ, კარგი მომღერალია. თუმცა, ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ მაღალ მწვერვალებს შეწვდე და ევროპული სცენა დაიპყრო, მაყურებელი მონუსხო და აგრძნობინო ის, რაც ბოლოს, მწვერვალებისკენ გაგაქანებს…

ნუთუ არავის გასჩენია კითხვა: რატომაა, რომ საბავშვო ევროვიზიაზე წარმატებები გვაქვს და დიდ ევროვიზიაზე, პირდაპირ ვიტყვი, ყოველთვის ვფლავდებით?

პარალელი მომივიდა თავში. მახსენდება, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საბავშვო სკოლამ საკონსულტაციოდ, მოიწვია უცხოელი სპეციალისტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ, ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა პატარა ქართველი ფეხბურთელების ტექნიკით და ზოგადად, მათი თამაშით… ის ამბობდა, რომ 13-14 წლამდე ქართველი ბავშვები უმაღლეს დონეზე თამაშობენ, მაგრამ შემდეგ, როცა ასაკში შედიან მათი დონე ეცემა… ის მხრებს იჩეჩავდა და თითქოს ბოლომდე არ ამბობდა სათქმელს, მაგრამ მისი აკადემიური საუბარი იოლად გამოატანინებდა დასკვნას ფეხბურთში ჩახედულ ნებისმიერ პერსონას, რომ ის, რეალურად, მიუთითებდა საქმისადმი დამოკიდებულებაზე, ტვინში რაღაცის შეცვლაზე… ანუ საქმისადმი დამოკიდებულის კულტურაზე, რაც ჩვენ თითქმის ყველა სფეროში გვაკლია… ეს ჩემი აზრია… შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ…

ცნობილი გიტარისტის, ინგვი მალსტმინის შესაძლებლობებზე საყოველთაოდ ცნობილია. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი ვირტუოზი გიტარისტი, უბადლო ტექნიკითა და შერულებით, მაგრამ მან ვერ შექმნა ვერაფერი ფასეული თავის შემოქმედებით ცხოვრებაში, რადგან აკლდა რაღაც ისეთი, რომელიც ჰქონდათ ტექნიკით მასზე დაბალი დონის გიტარისტებს, ისეთებს, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და საკუთარი სტილი.

იმღერო კარგი სიმღერა კარგად, არ ნიშნავს, რომ ქმნი ისეთ ფასეულ პროდუქტს, რომელიც საუკეთესოებში მოგახვედრებს. საჭიროა რაღაც დამატებითი ფაქტორი, თითქოს წინასწარ გათვლილი, შესწავლილი… სხვებზე დაკვირვება და მათ პრაქტიკაზე დაყრდნობა არ ნიშნავს პლაგიატიზმს. სხვებისგან სწავლის შემდეგ, როცა საკუთარი პროდუქტის შექმნაზე დაიწყებ ზრუნვას, სინათლე აუცილებლად გამოჩნდება სადღაც, ბოლოში…

დავუბრუნდები ევროვიზიას. რატომ ვფლავდებით ყოველ წელს ევროვიზიაზე?

მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კონკურსის მიმართ ჩვენ ყოველთვის ზერელე, ასე ვთქვათ, ბანალური მიდგომა გვაქვს ხოლმე და იმიტომ ვიღებთ ცუდ შედეგს. მერე ვაბრალებთ პოლიტიკას და ყოველთვის იმაზე ვიწყებთ საუბარს, რომ ეს კონკურსი პოლიტიზირებულია. შესაძლოა არის კიდეც, მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი ბარიერი.

პირადად მე, ძალიან განსხვავებულ მუსიკას ვუსმენ და სულ არ მიზიდავს ევროვიზიაზე გამოფენილი შემოქმედება, მაგრამ რასაც ვაკვირდები, თითქოს არასწორად შერჩეული სიმღერები გაგვაქვს ევროპაში. სუპს, იმის გარდა რომ კარტოფილს და ბრინჯს უკეთებ, ისეთი საკმაზებიც სჭირდება, არომატს რომ იგრძნობს მისი დამაგემოვნებელი… აი, ჩვენ კი ქართული სუპი გაგვაქვს ყოველ წელს ევროპაში და გვგონია, რომ ის ყველაზე გემრიელია.

უცხოელი საფეხბურთო სპეციალისტის არ იყოს, რაღაცა უნდა შევცვალოთ, თუკი ვხედავთ, რომ მონოტონური მისამღერები ჭრის, უნდა ვეცადოთ რომ ევროპაში გატანილი ჩვენი პროდუქტის მისამღერიც მონოტონური იყოს, თუგინდ მარტივი, ძალიან მარტივი სიმღერა, ოღონდ კარგად მორგებული პუბლიკას. ჩვენი მინუსი ის ხომ არ არის, რომ ვცდილობთ კარგი მომღერალი გავიყვანოთ კონკურსზე (რაც პრინციპში მართლაც ხდება ხოლმე ყოველ ევროვიზიაზე), რთულად შესასრულებელი სიმღერა მივცეთ და მაყურებელმა სიმღერის სირთულის მიხედვით შეაფასოს მთლიანად კომპოზიცია? დიაპაზონი რამხელა აქვს, რა მაღალ ტონალობას ქაჩავს, რა რთულ შესასრულებელ სიმღერას მღერის და რავიცი კიდევ…

იქნებ აქ ვცდებით? იქნებ უბრალოდ, ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ ყველაფერს, შევისწავლოთ სხვები და ვიპოვოთ საკმაზი, რომლის არომატითაც ერთ მშვენიერ დღეს ევროპას მოვნუსხავთ…

გენო ჯოხიძე

 

 

იტვირთბა....