aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რას ვერ გაუძლო მისმა გულმა? არ გემშვიდობები, მეგობარო”

ნიკა რურუას სიკვდილი არც თავში მეტევა, არც გულში და ენით ხომ მითუმეტეს ვერ გამოვთქვამ. პირველად მომიკვდა მეგობარი.

დღეს მკვდარსაც დავხედე და მაინც ვერ დავიჯერე. იქნებ იმიტომაა სიკვდილი ასეთი დაუჯერებელი, რომ ამით არ მთავრდება ადამიანი?! მივუჯექი კუბოს, ამოვიღე ჯიბიდან მისივე ნაჩუქარი კრიალოსანი და მივყევი იმ ლოცვების ბუტბუტს, რომელიც ადამიანს სიზმარშიც კი ახსოვს.

სხვებთან ერთად გლოვა ადვილია…

მერე ავედით მის ბიბლიოთეკის მსგავს მისაღებში, სადაც არის უამრავი წიგნი, დისკი, ფირფიტა, სუვენირი და სადაც გრძნობ, რომ ის აქ არის.

რამ მოკლა ეს იმედებით, ოპტიმიზმით და გეგმებით სავსე ადამიანი? რას ვერ გაუძლო მისმა გულმა? რას და სიძულვილს, ჭორებს, ცილისწამებას, შეუწყნარებლობას, დაუფასებლობას, დაუნახავობას, რომელიც ზღვად მოედინებოდა მისკენ და ზოგჯერ მის მეგობრებსაც კი გადმოგვწვდებოდა.

მიხარია, რომ ვიცნობდი, რომ ერთგული მეგობრები ვიყავით. ნიკომ თავისი გული და სული და ცხოვრება ამ ქვეყანაზე დარდს და ზრუნვას შეალია.

კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეგეძლო…

მემახსოვრები სულ და გავაგრძელებთ შენ საქმეს, პირველ რიგში განმანათლებლობით. ვერ იტანდი ყურების ჩამოყრას და არ იქნება ყურების ჩამოყრა!
შენ ჩვენთან ხარ.
ჩვენთან, მაგრამ ცოტა ზემოთ ოღონდ მართლა.
არ გემშვიდობები, მეგობარო…..

იტვირთბა....