aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

 „პუტინმა ტრამპს პასუხი შესაძლოა კავკასიაზე თავდასხმით გასცეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტორი:  ელზა  პაპოშვილი

აშშ-მ სირიაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელა, მას შემდეგ, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. პუტინმა ეს ქმედება უკვე ღია აგრესიად შეაფასა. სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია “მეტრონომთან” ამბობს, რომ ტრამპს პუტინი სირიაში განხორციელებულ ქმედებას არ აპატიებს და ის პასუხს აუცილებლად მიიღებს.

მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ პასუხი ამერიკის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმაც კი იყოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კრემლის ანაგრიშსწორების ობიექტი შესაძლოა  ახლო აღმოსავლეთში არსებული პროამერიკული ძალები, ან კავკასია გახდეს. მაისაიას მიაჩნია, რომ სირია ცივი ომის ახალი პლაცდარამი გახდა.

„მეტრონომი“: როგორ შეფასებთ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ძალებზე იერიშის მიტანას?

ვახტანგ მაისაია: ტრამპის გადაწყვეტილება და მოქმედება ყველა მიმართულებით სწორი იყო. ქიმიური იარაღის გამოყენებით, მან დაარღვია ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც რუსეთის და ამერიკის სპონსორობით ხორციელდებოდა, რაც ქიმიური იარაღის განადგურებას და ჩაბარებას ნიშნავდა.

შესაბამისად ამერიკის მხრიდან ის ასეთი კუთხით დაისაჯა, რაც ძალიან ადეკვატური რექცია იყო. თუმცა, ამას რუსეთის და ირანის მხრიდან როგორი რეაქცია მოჰყვება,  უკვე დრო გვიჩვენებს. როგორც ვიცი, ორივე ქვეყანა  განრისხებულია.

ვიცით რომ რუსეთს ასადის დასაცავად ყველაფერზე წასვლა შეუძლია.  რთული სათქმელია ტრამპის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ქმედება იქნება თუ არა მრავალჯერადი სახის. ის საკმაოდ არასტაბილური ადამიანია და მისი პროგნოზირება ძალიან რთულია.

-ელით თუ არა, რომ პუტინი ამერიკის წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს და როგორი სახით შეიძლება მან უპასუხოს?

-რუსეთის ხელმძღვანელობა ამას როგორც სილის გაწნას ისე მიიღებს. პუტინი ტრამპს ამ ქმედებას არ შეარჩენს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ შესაძლოა სიმეტრიული დარტყმებიც კი განახორციელოს. რა თქმა უნდა, ამ საფრთხის ქვეშ როგორც საქართველო, ასევე უკრაინაც იქნება.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კრემლმა საპასუხო დარტყმები თავად სირიაში განახორციელოს. სიტუაციის ნებისმიერი სახით განვითარებას არ გამოვრიცხავ.

-შეიძლება ტრამპი მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ამერიკა კვლავ ზესახელმწიფოა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას დაალაგებს?

-ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის პრეზიდენტი ვინ იქნება. ობამაც იგივეს გააკეთებდა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო. ამას მაინც მთლად ტრამპის გადაწყვეტილებად ვერ ჩავთვლი.

მას ჯერ თავისი გუნდის ჩამოყალიბება ბოლომდე არც დაუსრულებია. ის ფაქტობრივად ძველ ადმინისტრაციაზე არის ჩამოკიდებული და მას მთლად პირადი გადაწყვეტილებების უფლებას არავინ მისცემს.

-როგორ ფიქრობთ, ამერიკის ქმედების შემდეგ, მსოფლიო გადავიდა თუ არა ცივი ომის რეჟიმში და ევროპული ქვეყნების რეაქცია როგორი იქნება?

-რა თქმა უნდა, პროცესები უკვე ცივი ომის რეჟიმში გადავიდა. ასევე ამერიკასაც და რუსეთსაც თავისი მოკავშირეები ეყოლება. ახლო აღმოსავლეთი ცივი ომის პლაცდარმი გახდა, როგორც ეს შავი ზღვა იყო.

-სირიაში ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, შესაძლოა თუ არა რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამ არეულობით კიდევ უფრო ისარგებლოს?

-რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ამ შემთხვევაში მოგებული ისევ „ისლამური სახელმწიფო“  დარჩება. არ ველი, რომ ტრამპი მათ წინააღმდეგ გარკვეულ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. მაშინ მას ეს უკვე უნდა გაეკეთებინა. სიტუაცია დაიძაბა და, ვფიქრობ, ყველაფერი უფრო რთული სცენარისკენ მიდის.

იტვირთბა....