aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

პური, შაქარი, თაფლი: რომელ პროდუქტებზე გაიზრდება ფასები – საწვავზე ფასების ზრდის შედეგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმა და აქციზზე დაანონსებული ფასის ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბიუჯეტში თანხების მობილიზებისთვის არის საჭირო, ახალი წლის დადგომასთან ერთად ძალაში შევიდა, რამაც  საწვავზე და  ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე  ფასების მატება გამოიწვია.

1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე ფასები უკვე გაიზარდა. მოსაკრებლის მატება ასევე სათამაშო ბიზნესზეც მოხდა.

3 იანვრის მონაცემებით ფასების ზრდა, როგორც საწვავზე, ასევე სამომხმარებლო პროდუქტებზეც  შეიმჩნევა. საავტომობილო გაზზე ფასმა 1 იანვრიდან საშუალოდ 20 თეთრით მოიმატა.  „გამას“ ქსელში საწვავის ღირებულება უკვე 1.46 ლარია, „ვისოლში“ 1.45 ლარი, „გალფში“ 1.47 ლარი, ხოლო „სოკარში“ 1.44 ლარი.

3 იანვრის მონაცემებით, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე ბენზინი, დიზელი და გაზი კიდევ 15 თეთრით არის გაძვირებული.

თუ  25 დეკემბერს ბენზინი სუპერი  2,19 ლარი იყო, 3 იანვარს მისი ფასი 2,34 ლარია, პრემიუმი ძველი ფასი  2,04 ლარი იყო, ახალი ფასი – 2,14 ლარია, სხვა საწვავის მსგავსად 15 თეთრით  დიზელიც გაძვირდა და მისი ღირებულება 3 იანვარს 2,03 ლარია. ზოგ ბენზინგასამართ სადგურზე 18 თეთრით მეტია.

ეკონომიკის ექსპერტები საწვავის გაძვირებასთან ერთად, სამომხმარებლო პროდუქტების კალათზე ფასების მატებას ვარაუდობენ. მათი თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, რომ კერძო სატრანსპორტო კომპანიებმა მგზავრობის ღირებულება გაზარდონ.  თუმცა, საქსტატის მონაცემებით, ფასები 13,1 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე გაიზარდა.

download_2

ფასები  ასევე 23,2 პროცენტით თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე,  ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე – 4,6 პროცენტით მოიმატა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1,6 პროცენტით გაიზარდა და ამ ჯგუფებმა  0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები მნიშვნელოვანად ანუ 16,3 პროცენტით გაიზარდა – შაქარზე, ჯემზე, თაფლზე, შოკოლადზე, საკონდიტრო ნაწარმზე.

საქსტატის მიერ შედგენილი ცხრილის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებისა და მომსახურების ჯგუფების ფასებს შორის ყველაზე მეტი ცვლილება სურსათს შეეხო, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელს, თამბაქოსა და ტრანსპორტს:

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ  პროდუქტზე და საწვავზე ფასების მატება მოსალოდნელი იყო, რადგანაც ახალი წლიდან  გადასახადი მკვეთრად გაიზარდა, ამას კი სოციალურად  უარყოფითი ეფექტი ექნება. ხუხაშვილის თქმით,  ელექტრო მატარებლები ეკონომიკის საბაზისო ელემნეტია და შესაბამისი სერვისები, სადაც საწვავის კომპონენტი ფიგურირებს ბუნებრივია გაიზრდება.

ექსპერტის აზრით, ტაქსების და სამგზავრი ტრანსპორტის ფასების გაზრდასთან ერთად, იაფასიანი პროდუქტის თვითღირებულებაც გაიზრდება, რადგანაც მათი ტრანსპორტირების ხარჯები გავლენას იქონიებს. ეს კი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

„საწვავზე ფასების მატება, რა თქმა უნდა, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ავტომატურ მატებას იწვევს. ყველაზე მეტად ის პროდუქცია გაძვირდება, რომლის ტრანსპორტირებაც პირდაპირ საწვავზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პურის გაძვირებას, ეს საკითხი უკვე ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ დანიშნულებას იძენს.

ხშირ შემთხვევაში პურის ფასი ეკონომიკურ ლოგიკას არ უკავშირდება. ხელისუფლება თვლის, რომ პურის გარდა ჯანდაბას ყველაფერი გაძვირდეს, რადგანაც ეს სოციალურ დაძაბულობასთან პირდაპირ კავშირშია.

თუმცა, ძალიან რთული სათქმელია პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას რამდენად შეძლებს. ეს შეიძლება პროდუქტის ხარისხის ხარჯზე მოხდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პურზე ფასების შენარჩუნება, ადმინისტრაციული ხარჯებით ხელოვნურად დაიჭირონ. როგორც ეს ელექტრონერგიის ტარიფთან დაკავშირებით  მოხდა.

თუ ფასების მატება არც საქალაქო ტრანსპორტზე არ მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ეს სუბსიდირების ხარჯზე ხდება, რადგანაც ამის გარეშე არსებული ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. ხოლო საინტერესოა ეს სუბსიდირება რის ხარჯზე მოხდება? ეს არის ჩვენს მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში შეტანილი ფული. თანხები, რომელიც  შეიძლება მოსახლეობისთვის უფრო საჭირბოროტო სოციალურ პროექტებზე დახარჯულიყო.“ – ამბობს ხუხაშვილი.

„მეტრონომი“ ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, საწვავზე ფასების მატებასთან ერთად, ყველა პროდუქტზე ფასები  გარკვეული სახით მოიმატებს. თუმცა, ექსპერტის აზრით, აქცენტის გადატანა, მოსახლეობის მყიდველუნარიანობაზე უნდა მოხდეს.

იმისათვის, რომ მაღალი ფასების ფონზე, მოსახლეობის ხელმისაწვდომობა საჭირო და ყოველდღიურ პროდუქციაზე არ შემცირდეს, მისი აზრით, ხელისუფლებამ  სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელფასების გაზრდაზე უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გამწვავდება.

„ჩემი აზრით, სახელმწიფოს გარკვეული სახის პროდუქტზე, თუნდაც პურზე სუბსიდირება გაუჭირდება. ეს უფრო ძლიერი და შედარებით მდიდარი ქვეყნების შესაძლებლობებში შედის. ჩვენნარი მოკრძალებული ქვეყნისთვის სუბსიდირებას მასშტაბური სახე ვერ ექნება.

ამიტომაც, ხელისუფლება პურზე და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას რამდენად შეძლებს რთული სათქმელია. სუბსიდირება მხოლოდ კომუნალურ ტრანსპორტზე შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება კერძო ტრანსპორტს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა საბაზრო მიწოდებას და მოთხოვნას ექნება.

შესაბამისად, სამარშუტო ტაქსებზე ფასების გაზრდა, მისი მფლობელის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. არცერთი ტრასპორტი საწვავის გარეშე არ მოძრაობს და მასზე ფასების მატება, სამგზავრო ფასის ავტომატურ გაძვირებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ასევე დისტრიბუციაზე ფასები გაიზრდება, რაც ჯამში საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ მოხმარების პროდუქტზე ფასების მასშტაბურ ზრდას გამოიწვევს. ხოლო თუ ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე არ იზრუნა, ეს ქვეყანას სოციალურ კატასტროფამდე მიიყვანს და მოსახლეობის მყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს“, – ამბობს არჩვაძე.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მუნიციპალურ ტარანსპორტზე მგზავრობის ფასი არ გაძვირდება. ეს ეხება ავტობუსებს და მეტროს, რომელიც მერიის საკუთრებაში შედის. ხოლო რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კომპანია ხელშეკრულების მიხედვით, მგზავრობის ღირებულების გაზრდას თავად განსაზღვრავს. სატრასპორტო სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსების კომპანიიდან ფასებზე ზრდის მოთხოვნა დეკემბრის დასაწყისში შევიდა. თუმცა, ფასზე ბოლომდე ჩამოყალიბება ჯერ ვერ მოხდა და პროცესი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია.

მიკროავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრობის ფასის ზრდა ჯერ არ იგეგმება, თუმცა თუ კომპანია ფასის გაზრდას გადაწყვეტს,  ამის შესახებ საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....