aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: დავკითხეთ მოწმე, რომელმაც დაჭრილი მოზარდები ჩხუბის შემდეგ ნახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი: სასამართლოდან

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. ესენი იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, რომელმაც ერთ-ერთ დაჭრილ მოზარდს შემთხვევის შემდეგ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, ასევე სამედიცინო ექსპერტი და 51-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს, რაც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია:

”ბრალდების მხარემ დაკითხა 3 მოწმე, რომლებმაც ისაუბრეს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, კერძოდ დაიკითხა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმი, რომელმაც უშუალოდ აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ იმ დროისთვის ცოცხალს, მაგრამ შემდეგ გარდაცვლილ პიროვნებას.

ამასთანავე დაიკითხა ფაქტის თვითმხილველი მოწმე იმ ფაქტობრივ გარემოებეზე, რომელიც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას უშუალოდ ფაქტის შემდეგ. მან ნახა დაჭრილი ადამიანები შემთხვევის შემდეგ. ისაუბრა იმაზე თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე და როგორ გადაიყვანეს დაჭრილები საავადმყოფოში”- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

დაცვის მხარე კი ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე განგებ აჭიანურებს პროცესებს, რადგან კითხავს მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ შემთხვევის შემდგომ გარემოებებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....