aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტის უფლებები შემცირდება“: ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთ ხელისმომწერთან, ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილთან

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით.” – წერია გავრცელებულ მიმართვაში.

აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შიშმაც ვერ შეაცვლევინა ოპოზიციურ პარტიებს აზრი და ისინი არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას არ აპირებენ.

“მეტრონომი” აღნიშნული მიმართვის ერთ-ერთ ავტორს, ფილოსოფოსს, თათა ცოფურაშვილს ესაუბრა.

„მეტრონომი“: თქვენ როგორც საზოგადოების წევრი, რა საფრთხეს ხედავთ იმაში, თუ “ქართულ ოცნებას” ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში?

თათა ცოფურაშვილი: დემოკრატიის მთავარი პრინციპი მდგომარეობს, ერთის მხრივ სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანში და მეორეს მხრივ, პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი აქტორების გაჟღერებაში. ანუ რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალება, რომ წარმოდგენილნი იყვნენ, იქნება ეს საკანონმდებლო ორგანო თუ სხვა. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც პროგრესული მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს გვქონდა. ის გულისხმობდა ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით და ამით საქართველომ დემოკრატიის ინდექსით საკმაოდ წინ გადაინაცვლა. გვაქვს ახლა რისკების იმის, რომ დავბრუნდეთ ადრინდელ მოცემულობაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა ერთ პარტიას და შესაბამისად, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია საკუთარი პარტიული გემოვნების მიხედვით მოერგო საკუთარ თავზე. ეს არის ზოგადად დემოკრატიული პროცესის შემაფერხებელი მოცემულობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას და ამას ექნება კონკრეტული გამოვლინებები.

რა გამოვლინებები ექნება, ეს ჩვენ უახლოესი წარსულიდან ვიცით. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი ცვლილებები გამარჯვებული პარტიის მიერ არის დაანონსებული ამის წარმოდგენაც შეგვიძლია. პირველი – ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილება, როდესაც პრეზიდენტს, როგორც დამაბალანესებელ ინსტიტუტს, ფაქტობრივად უფლებამოსილება ეკვეცება, რადგან არჩევის წესი იცვლება. შესაბამისად, მისი უფლებამოსილებაც მცირდება.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში, ორპალატიანი პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს. არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ორპალატიანი პარლამენტი ვერ გვექნება. აქედან გამომდინარე, თუ ახლა პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზეა საუბარი, მაშინ საკანონმდებლო კოლიზიაში ვვარდებით და საკანონმდებლო ნონსენსი შესაძლოა შეიქმნას. ამის შედეგი იქნება ის, რომ პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ბალანსის ინსტანცია, დასუსტდება. საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, რისკები არსებობს და სწორედ ამის თქმა გვსურდა პოლიტიკური პარტიებისთვის. ვინაიდან ისინი არიან პოლიტიკურ პროცესზე პასუხიმგებელი პირები ქვეყანაში.

-“ქართული ოცნება” ხშირად აცხადებს, რომ ოთხწლიანი მანდატის პერიოდში გარკვეული რეფორმების გატარების კუთხით, “ნაციონალური მოძრაობა” უშლიდა ხელს. 2012  წელს იყო კოჰაბიტაციური რეჟიმი, შემდეგ თვითმმართველობებში სხვა პარტიების არსებობა. თუ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას მმართველი პარტია, მომდევნო ოთხ წელზე ხომ მთლიანად იქნება პასუხიმგებელი და გადაბრალების რეჟიმი აღარ იქნება?

– რეფორმების გატარება აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ახდენენ იმპლემენტაციას. მეორე არის ის, რომ როგორი რეფორმაც არ უნდა გატარდეს, ვინაიდან ის სახელმწიფოში ხდება და სახელმწიფო წარმოდგენილია გაცილებით მეტი რაოდენობის მოქალაქისაგან, ვიდრე თუნდაც ამ არჩევნებზე გამოცხადდა და დააფიქსირა თავის პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ის სჯა-ბაას საჭიროებს, რათა ხელისუფლების მფლობელი ძალა დაზღვეული იყოს გამოუსწორებელი შეცდომებისგან. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში ძალიან დიდია რისკი და ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას.

– ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ისინი ოჯახის განმარტების ჩაწერას აპირებენ კონსტიტუციაში. ეს შეიძლება გამოუსწორებელ შეცდომად შეფასდეს?

– პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილება თქვენ გამოუსწორებელ შეცდომად არ მიგაჩნიათ? არ გეჩვენებათ, რომ ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოუსწორებელი შეცდომა იყოს? მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი კი არ იცვლება, პრეზიდენტის უფლებები შემცირდება. მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს აქვს უფრო მეტი უფლებამოსილება, მას შეუძლია უფრო მეტ შემთხვევაში დაადოს ვეტო პარლამენტის გადაწყვეტილებებს, ვიდრე მაშინ როცა მას პარლამენტი აირჩევს. ეს არის პრობლემა. “ნაციონალურ მოძრაობას” როდესაც ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ასეთივე ბევრი პრობლემა შექმნა ქვეყნის განვითარებისთვის და იგივე რისკების წინაშე აუცილებლად დადგება “ქართული ოცნება”.

– პროდასავლური პარტიები, რომლებსაც თქვენ მიმართეთ არ იზიარებენ თქვენს პათოსს და აცხადებენ, რომ ამომრჩეველს არ მოუწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ მხარი. როგორ ფიქრობთ რა არის მათი ამ განცხადებების მიზეზი, ვერ იაზრებენ იმ საფრთხეებს, რაზეც თქვენ საუბრობთ?

– პოლიტიკური პარტიები არიან პასუხიმგებელნი პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში. იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი ამ სიტუაციაში მიიღებენ ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან იმ პროცესებზე, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....