aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“პოროშენკოს ჩემი ეშინია იმიტომ, რომ ვერ გამომაცხადებს პუტინის აგენტად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველები კიევიდან ოდესაში სამი ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბორანზე კი, სპეცრაზმის 50 მებრძოლი ახლდათ თან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპერაციაში პეტრო პოროშენკოს დაცვის უფროსის მონაწილეობა უკანონო იყო.

“პოროშენკოს ეშინია პირადად ჩემი, იმიტომ, რომ ვერ გამომაცხადებს პუტინის აგენტად და მაქვს წარმატების ისტორია,” – წერს უკრაინული ოპოზიციის ლიდერი.

მანამდე კი „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ქართველების დეპორტირება საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციად შეაფასა, მისი განცხადებით, გვარები უკრაინულ მხარეს სუს-მა გადასცა.

“საქართველოს აღარ ჰყავს პატრონი და აღარ ჰყავს სახელმწიფო აპარატი. ეს ყველა გვარი გადაცემული არის კიევში თბილისიდან. ეს გვარები არის გადაცემული სუს-იდან. ეს ვიცი დანამდვილებით. ისეთი ხალხი ჩამოსვეს თვითმფრინავიდან აეროპორტში, რომელზეც ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა უკრაინულ მხარეს, რომ ისინი არიან ჩვენთან კონტაქტში. ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა, უკრაინის სპეცსამსახურებს ეს ინფორმაცია არ აქვთ.

ჩავიდა ზაფხულში პოროშენკო, მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე, შეთანხმდნენ – მოილაპარაკეს, ამის შემდეგ ჩამომართვეს მოქალაქეობა, ამის შემდეგ ერთობლივად მოქმედებდნენ საზღვრის გადალახვამდე, ახლა მინიმუმ დისკომფორტი უნდა შემიქმნან, რომ ქართულ გარემოსთან მაინც არ მქონდეს შეხება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან გამოაძევეს. დეპორტაციის მიზეზად სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.

უკრაინიდან დეპორტირებულმა “რუსთავი 2”-ის ოპერატორმა, თამაზ შავშიშვილმა, დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოხდა მის სახლში უკრაინის სპეცრაზმის შევარდნა. მის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მას იარაღის კონდახით სცემეს, ძირს დააგდეს და ხელ – ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს. მისივე თქმით, ის სპეცრაზმმა სახლიდან მოიტაცა.

იტვირთბა....