aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიცია „მეტრონომთან“: ექნება თუ არა ლეგიტიმაცია შეცვლილ კონსტიტუციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტორი: ელზა პაპოშვილი 

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და ის ბოლო შეხვედრას შაბათს გამართავს. თუმცა, კომისია ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ისინი კონსტიტუციაში შესატან რამდენიმე ცვლილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს.

მათი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა და იმაზე უარესი კონსტიტუცია შეიძლება მივიღოთ, ვიდრე აქამდე გვქონდა.

მიუხედავად ოპოზიციური პარტიების პროტესტისა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე შედგა. გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა და მისი ადგილსამყოფელი კვლავ  ქუთაისი იქნება.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ის ძალაში 2023 წლიდან შევა და არაპირდაპირი წესით 300 დელეგატი აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. არჩევაში, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის  და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.

გარკვეული შენიშვნები და კითხვები კომისიაში მომუშავე კონსტიტუციონალისტებს  გააჩნიათ და ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება ჯერ-ჯერობით არ არის მზად იმისთვის, რომ ქვეყანა სრულიად საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდეს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, საქართველო სუსტი დემოკრატიის ქვეყანაა და ამიტომ სჭირდება დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც ხელისუფლების შტოებს დააბალანსებს. ეს როლი დღეს კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი კი მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობისა და ერთი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ფიგურა გახდება და არბიტრის და შუამავლის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მათი განმარტებით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ძირითადად  ორპალატიანი პარლამენტის პირობებში აირჩევა, რათა პრეზიდენტი ერთმა პოლიტიკურმა  ჯგუფმა არ აირჩიოს.  საქართველოში კი ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ მოხერხდება, რადგან ზედა პალატა ტერიტორიული ერთეულებისგან იქმნება და ეს საკითხი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ვერ გადაწყდება.

ახალ კონსტიტუციაში კი შემდეგი სახის ცვლილებები შევა. პირველ რიგში პრეზიდენტს  ჩამოერთმევა შემდეგი სახის უფლებები:

პრეზიდენტს  აღარ ექნება მთავარსარდალის სტატუსი, გარდა საომარი და საგანგებო ვითარებისა; უშიშროების საბჭო გაუქმდება და შეიქმნება თავდაცვის საბჭო, რომელიც თავდაცვის მინისტრს ან პრემიერს დაექვემდებარება,  პრეზიდენტს კი თავდაცვის საბჭოს მოწვევა მხოლოდ ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს შეეძლება.

პრეზიდენტს ეზღუდება უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.

პრეზიდენტს, შესაძლოა, ჩამოერთვას რეფერენდუმის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებაც.

ასევე, პრეზიდენტს ვეტოს დადების საკითხშიც პრემიერის თანხმობა დასჭირდება .

პრემიერის თანხმობა დასჭირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ელჩების წარდგენის საკითხშიც. (ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენის უფლება საერთოდ ჩამოერთმევა და მის ნაცვლად, ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს).

ასევე, შესაძლოა, პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს მოქალაქეობის მინიჭების და თავშესაფრის მიცემის უფლება.

ყველაზე სადავო ამ ეტაპისთვის კონტრასიგნაციის (წინააღმდეგობის)  საკითხია, რომელიც პატიმრების შეწყალებას შეეხება. ამაზეც პრეზიდენტს პრემიერის თანხმობა დასჭირდება.

პრეზიდენტს აღარ ექნება სახელმწიფო ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლება.

ოპოზიციის და ხელისუფლების დაპირისპირების მიზეზი ასევე,   საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა არჩევის მაჟორიტარულ წესია.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77 ირჩევა პროპორციული წესით, 73 კი – მაჟორიტარული წესით, საარჩევნო ოლქების მიხედვით.

ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ სისტემა არცთუ ისე სამართლიანია. მაგალითად, “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა მისცა ხმა, მიუხედავად ამისა, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მოხდა.

ამ სისტემის გაუქმებას, თავად „ქართული ოცნება“ ხალხს ჯერ კიდევ 2012 წელს, ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰპირდებოდა. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის შეცვლას აღარ ჩქარობენ, რადგან ეს სისტემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი ბერკეტია.

ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. ნაწილი არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლის და მისი განახლების მომხრეა, ნაწილი კი ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა აუცილებელია, რათა ყველა რეგიონს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის არგუმენტი  არის ის, რომ მძლავრი ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით, რომელსაც საარჩევნოდ ყველა ხელისუფლება იყენებს, სახელისუფლებო კანდიდატებს მაჟორიტარული ოლქების მოგება, როგორც წესი, გარანტირებული აქვთ, რაც უსამართლო მდგომარეობაში აყენებს სხვა პარტიების წარმომადგენლებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაჟორიტარები, რომლებიც დღევანდელ პარლამენტში არიან, სავარაუდოდ, არასდროს მისცემენ ხმას ამ სისტემის გაუქმებას. მათი ხმების გარეშე კი (პარლამენტში 73 მაჟორიტარია) საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატი ვერ მოგროვდება.

ოპოზიცია და თავად კონსტიტუციონალისტებიც განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შემდეგ შედეგს- კონსტიტუციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის საკითხის ამოღებას. თუმცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ  თუკი საჭირო გახდება, ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.

ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციაში განისაზღვრება ქორწინების ცნება, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

„დემოკრატიული მოძრაობის“  წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ბეწვის ხიდზე გადის. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა, რაც იმას ნიშნავს რომ კონსტიტუციის ახალ პროექტს არც საზოგადოების  და არც პოლიტიკოსების  მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნება:

„არსებობს ოთხი პრინციპული საკითხი, რომელსაც ჩვენი პარტია მხარს არასდროს დავუჭერთ და რომელიც სრულიად მიუღებელია. პირველი საკითხი -ეს არის საკუთრების განმსაზღვრელი მუხლი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში საკუთრების უფლება უნდა შეიზღუდოს.

მიწა ქვეყნისთვის განსაკუთრებული სტრატეგიის მქონე რესურსია, რომელიც განუახლებელია და ამიტომ,  გამონაკლისი წესი აუცილებლად კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. ეს არგუმენტები ხელისფლების მიერ მიღებული არ იყო.

მეორე სადავო საკითხი კი საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება. ჩვენ ვითხოვდით, რომ  საპარლამენტო საარჩევნო სისტემა პროპორციულ სისტემად ჩამოყალიბებულიყო, რაზეც „ოცნება“ ერთი პირობა წამოვიდა, თუმცა მოგვიანებით ისეთი ტექნიკური ნიუანსები დაამატა, რამაც საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაურკვეველი გახადა.

ხელისუფლებამ ბლოკებით არჩევნებში მიღების შესაძლებლობა გააუქმა, ასევე   5%-იანი ბარიერი არ დაწია, რათა პარტიები მის წინაშე არსებულ წინააღმდეგობას გამკლავებოდა. რაც ყველაზე მთავარია,  გადაუნაწილებელი ბიულეტენების რაოდენობა მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას მიაკუთვნა“,-ამბობს ლორთქიფანიძე „მეტრონომთან“.

მისი თქმით, მესამე წითელი ხაზი საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენარჩუნება იყო, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება უნდა დაებალანსებინა. ახლა კი მთელი ძალაუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებაშია თავმოყრილი. მეოთხე ცვლილება, რომელსაც ლორთქიფანიძე აპროტესტებს,  სასამართლო ხელისუფლებაში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას კარგავს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლი გიორგი გუგავა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტის ძირითადი უფლებების შეზღუდვა მიუღებელია. მისი თქმით, მათი პარტია ხელისუფლებას  48 საათიან ვადას აძლევს, რათა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართო მასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან:

„არა მარტო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იცვლება, არამედ პრეზიდენტის პრაქტიკულად განიარაღება ხდება. ახალი პროექტით, პრეზიდენტს არ ექნება საკუთარი ადმინისტრაციის ფორმირების უფლება. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას თავად ქმნის, განსაზღვრავს საშტატო ნუსხას და ბუნებრივია, ნიშნავს შესაბამის პირებს. კონსტიტუციიდან ამას იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ ეყოლება პრეზიდენტს საკუთარი ადმინისტრაცია.

პრეზიდენტს აქამდე უფლება ჰქონდა საკუთარი შეხედულებისამებრ თავშესაფარი, ან მოქალაქეობა მიენიჭებინა ნებისმიერი პირისათვის. ახლა  ამას უზღუდავენ და პირდაპირ  წერია, რომ უფლება ექნება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

ერთადერთი, რისი უფლებაც რჩება პრეზიდენტს, ეს არის არჩევნების დანიშვნა და მსჯავრდებულების შეწყალება. დანარჩენი პრაქტიკულად ერთმევა, ან კონტრასიგნაციას ექვემდებარება. უშიშროების საბჭო საერთოდ უქმდება. პრეზიდენტი იქნება ცერემონმაისტერი – სტუმართან დახვედრა, შეშფოთების და აღშფოთების გამოთქმა და ა.შ.“, – განაცხადა გუგავამ „მეტრონომთან“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც კონსტიტუციაში შესატანი შეთანხმებული სამუშაო ვერსია უკვე ვრცელდება, რადგანაც ის თავად კომისიის წევრებთან შეთანხმებული ჯერ არ არის. ძაბირაძის თქმით, კენჭი ფაქტობრივად არ უყრიათ,  რადგანაც კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შედის, რომლებმაც ერთმანეთის გადაწყვეტილებების შესახებ არაფერი იციან. ამიტომ კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ეს მუშაობის უცნაური ფორმაა და მას საკონსულტაციო კომისიას უფრო უწოდებდა.

ძაბირაძის ინფორმაციით, მას მხოლოდ ერთი ვერსია გადასცეს, რომლის გადახედვის შემდეგ მას კონცეფტუალური შეუფასებლობა აქვს. მისი თქმით, კონსტიტუცია ის დოკუმენტია, სადაც 100-დან 10 მუხლზე შეუთანხმებლობაც კი უკვე პრობლემაა.

ძაბირაძის განცხადებით, კონსტიტუცია  ერთიანი ორგანიზმია, რომელიც სახელმწიფო მოწყობას ეხება და მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს:

„ კონსტიტუციაში შეიძლება სულ ორი მუხლი იყოს, რომელმაც დანარჩენი ყველა თავდაყირა დააყენოს. კონსტიტუცია ისეთი უნდა გაკეთდეს, რომელიც პარტიულ პრულარიზმს უზრუნველყოფს, ხელისუფლების მკვეთრ გამიჯვნას და ოპოზიციისთვის უფრო მეტი უფლებების მიცემას შეძლებს, რათა მთავრობაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს.

ყველა პოლიტიკური ძალა 30 წლის განმავლობაში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრებას შეეცადა. სტაბილურმა ხელისუფლებამ ვერც ერთხელ საზოგადოებრივი სტაბილურობა ვერ უზრუნველყო.

რაც შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას, იმ შემთხვევაში მივესალმები, თუ მისი არჩევის უფლება მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციასაც ექნება და ის პარლამენტის ყველა წევრის მიერ არჩეული იქნება. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კონსტიტუციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის ამოღებას.

დაუშვებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწა მივყიდოთ, ეს კონსტიტუციით გარანტირებული უნდა იყოს. მიწა მიმოქცევაში უნდა იყოს, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებზე. შეიძლება გამონაკლისი არსებობდეს, მაგრამ ისიც მკაცრად გაწერილი და დარეგულირებული უნდა იყოს. საქართველოში იმდენი მიწა არ გვაქვს, რომ მისი გასხვისება დავიწყოთ. იმ ფონზე, როდესაც ასეთი მასშტაბის უმუშევრობა გვაქვს და სოფლები იცლება, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ფერმერი როგორმე დააინტერესოს. სხვაგვარად გვავიწყდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს. ხვალ გვინდა რომ კიდევ ახალი პრობლემები დაგვიდგეს?“,-ამბობს „მეტრონომთან“ ძაბირაძე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო პროექტს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის და კომისიის პლენარულ სხდომაზე საბოლოო პროექტი კომისიის წევრთა უმრავლესობით იქნება მიღებული.  მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საბოლოო პროექტს მიიღებს, ის  ვენეციის კომისიას გადაეგზავნება  და ამავე დროს,  პარლამენტს ინიცირებისთვის წარედგინება.

ინიცირების შემდეგ კი  საყოველთაო-სახალხო განხილვები დაიწყება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ვენეციის კომისიასთან წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ ისინი თვის ბოლომდე, კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტზე თავიანთ დასკვნას წარმოადგენენ.

როცა  საყოველთაო-სახალხო განხილვები დამთავრდება, ამ დროისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მზად იქნება და ამის შემდეგ საპარლამენტო განხილვები დაიწყება.

მაისის თვე სახალხო განხილვებს დაეთმობა, ივნისში კი, საპარლამენტო განხილვები დაიწყება. თავდაპირველად, ცვლილებების ორი მოსმენით განხილვა მოხდება. ანუ, საგაზაფხულო სესიაზე პირველი-მეორე მოსმენით განხილვა დასრულდება.

სამი თვის შემდეგ, ცვლილებების საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიიღებენ. ქვეყანას ახალი კონსტიტუცია წლის ბოლოსთვის ექნება.

 

 

 

იტვირთბა....