aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მორიგი შოლტი მოსახლეობის ზურგზე: ვინ და რატომ შემოაგდო გადასახადების გაზრდის თემა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ჟორჟოლიანი სტუდიიდან გაიქცა, ხელისუფლებას კი კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს და კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს, ეკონომიკის ექსპერტებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მიუხედავად ჟორჟოლიანის მტკიცებისა, რომ ეს ინიციატივა მისი პარტიიდან მოდის, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ჟორჟოლიანი თავის ინიციატივაში მარტო არ არის. სხვათაშორის, ამ აზრს „მეტრონომთან“ ექსპერტებიც იზიარებენ. ვის თავში მოიხარშა და სად დაიგეგმა მსგავსი იდეა? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა, რომელიც ბიუჯეტის შევსების საშიშროების წინაშე დადგა, გამოსავალი მოძებნა და ჟორჟოლიანის პირით ალაპარაკდა?

სპეციალისტების თქმით,  ჟორჟოლიანის ინიციატივა, რომლის ფრაქციამ “სოციალ-დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა, ხელისუფლების თამაშს წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობას ახლა ბიუჯეტის შევსების სერიოზული პრობლემები აქვს და გადასახადების გაზრდით ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს, რაც საინვესტიციო გარემოზე მთლად დადებითად ვერანაირად აისახება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის, ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

“კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს. პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს და ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით. ჩვენ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები განვიხილეთ. ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. გადასახადების თაობაზე განსაზღვრულია, რომ ამას პარლამენტი, ან მთავრობა ახორციელებს და არსად წერია, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ კანონის გაუქმება ყველაზე მეტად აწყობს, რადგანაც  ეკონომიკური თავისუფლების ქარტია მთავრობის უფლებებს რამდენიმე მიმართულებით ზღუდავს.

გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლება ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისკენ არის მიდრეკილი, ეს დოკუმენტი სწორედაც, რომ ეკონომიკის მიმართულებით მთავრობას ხარჯვით ნაწილში უფლებებს უზღუდავს.

ეკონომისტის განცახდებით, თავისუფლების ქარტიის მიხედვით, ხელისუფლებას ეკონომიკური გადასახადების გაზრდის მხოლოდ ერთი უფლება აქვს და ეს აქციზის გადასახადია, რაც მან მაქსიმალურად გამოიყენა.

ამიტომაც, ხორგუაშვილის აზრით, დიდი ალბათობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო კომისია თუ ამ კანონის შეცვლას მხარს დაუჭერს,  ხელისუფლება მაშინვე გადასახადის გაზრდას დაიწყებს. ამიტომ, ამ ინიციატივის დაშვება შეუძლებელია, რადგანაც ის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს არასახარბიელოს გახდის და ისედაც შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას, კიდევ უფრო ზიანს მიაყენებს.

„აქციზზე  გადასახადის გაზრდის შემდეგ, რატომ ვართ დაზღვეულები, რომ ხელისუფლება ამ ქარტიის გაუქმების შემდეგ, საშემოსავლო მოგების და დამატებით ღირებულების გადასახადს არ გაზრდის? სამივე გადასახადის პროცენტი საქართველოში ისედაც მაღალია. შესაბამისად მისი კიდევ უფრო მომატება არ გვაწყობს.

ინვესტორებისთვის გადასახადის გაზრდა, ცალსახად უარყოფითი სტიმული იქნება. კანონით, როდესაც ინვესტორი და ბიზნესმენი დაზღვეულია, რომ ხელისუფლება მას გადასახადებს რეფერენდუმის გარეშე არ გაუზრდის, რა თქმა უნდა, სტიმულია. ხოლო როდესაც იმის რისკი ჩნდება, რომ მთავრობას თავისი ნება-სურვილის მიხედვით, შენთვის ყველანაირი სახის გადასახადის გაზრდა შეუძლია, ფაქტია რომ ინვესტორი ამაში რისკს ხედავს და ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებაზე თავს შეიკავებს.

მარტივად გადასახადის ზრდა, ნიშნავს, რომ მთავრობას ნებისმიერი მოქალაქისთვის უფრო მეტი ფულის წართმევა შეუძლია და ამ ფულს თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს.

ამ ფულით სულ რომ 100 ქარხანა ააშენოს, ეს მაინც კარგი არ იქნება, რადგანაც საკუთარი ფულის უფრო ეფექტურად გამოყენება თავად კერძო სექტორს შეუძლია და არა მთავრობას, რომელსაც სხვისი ფულის სწორად განკარგვა დიდად არ ანაღვლებს ხოლმე“,- ამბობს ხორგუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი, რომან გოცირიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია, როდესაც ასეთი ინიციატივით გამოდის, ეს აუცილებლად „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულია.

მისი აზრით, ეს უბარლოდ ერთგვარი ტაქტიკაა, რომ ასეთი არაპოპულარული და საზოგადოებისთვის მიუღებელი ინციატივა, პირდაპირ მმართველი გუნდისგან გახმოვანებული არ იყოს. ეს შეიძლება ერთგვარი ტესტიც იყოს, რომლითაც საზოგადოების აზრის მოსინჯვა ხდებოდეს და შემდგომი ქმედება მისი რეაქციის მიხედვით განახორციელონ.

„ეს კანონი იმისთვის არის მიღებული, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება ქვეყანაში ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას, გადასახადები კიდევ უფრო გაუზარდოს.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, რომლის მეშვეობითაც საერთოდ სახელმწიფო წყობის თავიდან ჩამოყალიბება შეუძლია.

სამწუხაროდ ჩვენი ამომრჩეველი მწარედ მოტყუებული აღმოჩნდა და ის დაპირებები დაიჯერა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა. მაშინ ხალხისთვის არავის უთქვამს, რომ გადასახადების გაზრდას აპირებდნენ. ახლა კი მადა იქმადე გაეხსნათ, რომ აქციზის გადასახადის სამჯერ გაძვირების შემდეგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაზრდის ცდუნება გაუჩნდათ.

ეს ზღუდე, რომელიც კონსტიტუციაშია ჩადებული, მათ მენკანტიურ სურვილებს ხელს უშლის და მისი გადალახვის უნამუსო მცდელობა აქვთ. თუ ამას საზოგადოების მხრიდან სერიოზული რეაქცია არ მოჰყვა, დამიჯერეთ, რომ ხვალ ამ ინიციატივაზე მხოლოდ ჟორჟოლიანი აღარ ისაუბრებს“, – ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, ამ ინციატივის შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას ვერ ახერხებს და ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდის საშუალება აღარ ეძლევა.

ამიტომაც, ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ კანონის გაუქმება და ხალხის კიდევ უფრო გაძარცვის სურვილის სისრულეში მოყვანაა. დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტის 1 მილიარდით გაზრდა, ბუნებრივია  რომ დამატებით შემოსავლებს მოითხოვს. ეს შემოსავალი კი ხალხის ფულია, რომლის ამოღებაზეც „ქართული ოცნება“ ახლა კანონიერად იბრძოლებს.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამ თემის დღის წესრიგში დაყენება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესებში შედის. მისი თქმით, ამ კანონის მიხედვით ხელისუფლებას მანევრის საუშალება ეზღუდება და მას დღეს ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემები გაუჩნდა.

ხუხაშვილის თქმით, ბიჯეტის შევსება გადასახადების გაზდრით კი არ ხდება, არამედ ეკონომიკის ზრდით. ეკონომისტი ფიქრობს, რომ ამ მუხლის მოდიფიკაცია უნდა მოხდეს, რათა ინვესტორების დაფრთხობა არ გამოიწვიოს.

„თუ მაინცდამაინც ამ კანონის გადახევდა და შეცვლა გახდება საჭირო, ინვესტორი რომ არ დაფრთხეს, ამისთვის ყველა გადასახადების ჯამური ოდენობა არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ შიგნით გადასახადების სტრუქტურა შეგვიძლია, რომ ვცვალოთ.

ეკონომიკურად, სადღაც რაღაცის გაზრდა დაგვჭირდეს, მაშინ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სხვაგან მოაკლდეს. ასეთი მოდიფიკაცია ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება. ამით ინვესტორიც დაცული იქნება, რომ ჯამურად გადასახდი არ გაიზრდება.

თუ ჩვენ მოგების გადასახადს გავაუქმებთ, მაშინ დივიდენტის გადასახადი გავზარდოთ. ამით ერთის მხრივ ბიუჯეტში დანაკარგების მინიმალიზაციას მოვახდენთ, მეორეს მხრივ კი სტიმულს მივცემთ, რომ ფულის ეკონომიკაში ჩატოვება მოხდეს და არა მუთაქაში.

ასეთი მანევრის საშუალება ხელისუფლებას თუ ექნება ცუდი არ არის. ხოლო ჯამურად ყველა გადასახადზე პროცენტის ზრდა, ინვესტორების დაფრთხობას გამოიწვევს და ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არაფრით წაადგება“, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტების მიმოხილვის შემდეგ, „მეტრონომის“ მკითხველი, რა თქმა უნდა მიხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა შემოაგდო ხელისუფლებამ აქამდე არც თუ ისე აქტიური, გია ჟორჟოლიანის რუპორის დახმარებით. მის მიმართ, ისევე როგორც უმრავლესობის მისამართით, აუცილებლად დაისმება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, რომელიც პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ისედაც გამოცარიელებულ ჯიბეს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჟურნალისტებთან ერთად საქართველოში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, მის მომავალს. ხელისუფლებას კი მოუწევს დეტალურად ახსნას და განმარტოს, რომ ეს ინიციატივა არ ემსახურება იმ პოლიტიკური გუნდის ისედაც შელახული იმიჯის შენარჩუნებას ბიუჯეტის შევსების სახით. ხელისუფლებას მოუწევს ახსნას, რომ ხალხის და ზოგადად ბიზნესის ზურგზე მოქნეული შოლტი ქვეყნის შენებისკენ არის მიმართული და არა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ვაბანკზე წასვლა.

და ბოლოს, კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები ისე, რომ გია ჟორჟოლიანის მსგავსად, რომელიც სტუდიიდან გაექცა ჟურნალისტებს, საზოგადოებას არავინ დაემალოს.

ელზა პაპოშვილი

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....