aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა:

„პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა. თავის მხრივ გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირას გაუფასურება და აშშ დოლარის გლობალური გამყარება განაპირობებდა. ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება.

მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა.

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა. თუმცა, ამასთანავე გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, 2015 წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება.

იტვირთბა....