aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ კულტურა მთავარი საზოგადოება

„მიაქციეთ ყურადღება იმ სიმახინჯეს, რომელსაც ქალაქს ოქიტაშვილის ვარსკვლავები უქმნიან“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ავტორი: მანა ნოდია

ჯგუფი “სახის” ვარსკვლავის გახსნის კანონიერება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი “მეტრონომთან” სასამართლო პროცესებსა და 14 მაისს გახსნილი ვარსკვლავის დემონტაჟს აანონსებს. როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, 2000 წლიდან ვარსკვლავს, კონკრეტული, დაპატენტებული ფორმით, ის ხსნის, ხოლო 2010 წლიდან კულტურის სამინისტრომ სხვა ფორმის ვარსკვლავი დააპატენტა და “პროექტი ფაქტობრივად წაართვა”. მისი განცხადებით,  “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან, კულტურის სამინისტრომ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებაში ორი ფორმის ვარსკვლავის გამო გაუგებრობა არ ყოფილიყო, კომპეტენცია მოიხსნა და ვარსკვლავის გახსნის ამ ეტაპზე ექსკლუზიური უფლება კვლავ ოქიტაშვილმა დაიბრუნა. თუმცა, ჯგუფმა “სახემ”, მას შემდეგ რაც დათო ოქიტაშვილს ვარსკვლავის გახსნის ინიციატივით მიმართა, ხოლო პასუხად, ოქიტაშვილის განცხადების თანახმად, ოქტომბრამდე მოცდის და საზოგადოებრივი აზრის  კვლევის რჩევა მიიღო, 2010 წელს კულტურის სამინისტროს  მიერ დაპატანეტებული ვარსკვლავი გამოიყენა და 14 მაისს, ფილარმონიასთან გაიხსნა.

როგორც მედიასთან  ჯგუფი “სახის” წევრი დათო ხუჯაძე აცხადებდა, საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც „სახისთვის“ ვარსკვლავის გახსნა მოინდომეს. მათი წერილი, ცნობილი ადამიანების ხელმოწერით, ჯგუფმა კულტურის სამინისტროში და ფილარმონიაში მიიტანა. კულტურის სამინისტრომ ჯგუფს განუცხადა, რომ  ვარსკვლავის გახსნა მათ კომპეტენციაში აღარ შედის, ხოლო ფილარმონიისგან, როგორც კერძო  ადმინისტრაციისგან, რომელთა ტერიტორიაზე რაიმეს გაკეთება მათივე უფლებამოსილებაშია, თანხმობა მიიღეს. შესაბამისად, ვარსკვლავიც გაიხსნა.

„მეტრონომი“, ოქიტაშვილთან ინტერვიუს შემდეგ, დამატებითი დეტალებისთვის შეეცადა დათო ხუჯაძეს დაკავშირებოდა, თუმცა ის ამჟამად თურქეთში იმყოფება  და კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დათო ფორჩხიძეს, მან განგვიცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურს.

“მეტრონომს” ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებული დაპირისპირების შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა ესაუბრა. მისი განმარტებით, კულტურის სამინისტროს მინიჭებული კომპეტენცია არ უნდა მოეცილებინა, რადგან ვარსკვლავებს კერძო პირი არ უნდა ხსნიდეს.

ნიკა რურუა: საერთოდ, ეს ყველაფერი არის კომედია. ვარსკვლავების მინიჭება არ უნდა გადაიქცეს  კორუფციულ, მოსყიდვის და უაზრო გავლენების მოპოვების ინსტრუმენტად. ვარსკვლავი უნდა მიენიჭოს ნამდვილად დამსახურებულ და აღიარებულ პერსონებს. არ უნდა იყოს ეს ნაცნობობა-მეგობრობა-ჩაწყობაზე დამოკიდებული.

კულტურის სამინისტროს ეს ვალდებულება არ უნდა მოეხსნა. თუ ვინმე არის ვარსკვლავის მინიჭებაში უფლებამოსილი, ეს კულტურის სამინისტროა. არანაირი ოქიტაშვილი და კერძო პირები არ უნდა ანიჭებდნენ ვარსკვლავებს. მიაქციეთ ყურადღება იმ სიმახინჯეს, რომელსაც ქალაქს ოქიტაშვილის ვარსკვლავები უქმნიან. ძალიან ეკლექტიკური, გეომეტრიული ფიგურებია და ასეთი ვარსკვლავი უბრალოდ არ არსებობს. ეს ნებისმიერი კანონიკის დარღვევით არის გაკეთებული. ვარსკვლავი უნდა იყოს კლასიკური, როგორიც არის ჰოლივუდში, როგორიც არის ვენაში, ლონდონში…  ასეთი იყო მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტრო ანიჭებდა.

„მეტრონომი“: ჯგუფი „სახეს“ მიერ თქვენი დაპატენტებული და კულტურის სამინისტროს მიერ უარყოფილი ვარსკვლავის გახსნას, სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ?

-„სახემ“ ჩვენ დროს დაპატენტებული ვარსკვლავი ალბათ იმიტომ გამოიყენა, რომ უკეთესია. კულტურის სამინისტრომ ვარსკვლავის მინიჭების კომპეტენაციაზე უარი თქვა და ამიტომაა ქაოსი.  ამას მოგვარება სჭირდება. მაშინდელმა მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ ეს პასუხისმგებლობა (ქაოსის მოგვარების. რედ) აიცილა. ჩვენ ამას (ვარსკვლავების მინიჭებას. რედ) კოლექტივის, საზოგადოების და აღიარების მოთხოვნის მიხედვით ვაკეთებდით. დღეს ეს აბსოლუტური ფავორიტიზმის სფეროშია.

რაც შეეხება „სახეს“, მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ჯგუფს მიეღო ვარსკვლავი. იმიტომ, რომ ჩაბნელებულ საქართველოში ის ახალგაზრდობის ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი იყო. თუ ვინმეს ეკუთვნის, მათაც ნამდვილად ეკუთვნით.

 

 

 

იტვირთბა....