aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი

“მაჩალიკაშვილი 03:20-ზე დაჭრეს და ის 8 საათამდე საავადმყოფოში არ გადაიყვანეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი „მეტრონომთან“ გამორიცხავს, რომ პანკისში დაკავებულ პირებს ახმეტ ჩატაევის საქართველოში ასე უპრობლემოდ შემოყვანა შეეძლოთ. მისი აზრით, ჩატაევის საქართველოში ჩამოყვანას ბევრად უფრო სერიოზული ადამიანები ხელმძღვანელობდნენ და გამოძიებას ამ კუთხით მუშაობისკენ მოუწოდებს. ხანგოშვილი ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი, დაჭრისთანავე სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ და მას დაგვიანებული სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მისი აზრით, სპეცოპერაციის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, რაზეც პანკისის მოსახლეობამ პასუხი უნდა მიიღოს.

„მეტრონომი“: კახეთის გუბერნატორის განცხადებით, პანკისის უხუცესებზე, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  გარკვეული სახის ზეწოლა ხორციელდება. როგორ შეაფასებთ პანკისში შექმნილ სიტუაციას და ვინ შეიძლება მათზე ზეწოლას ახდენდეს?

მექა ხანგოშვილი: გამორიცხულია, რომ პანკისში უხუცესებზე ვინმე ზეწოლას ახდენდეს. ასეთი რამ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე დაუშვებელია. რაც შეეხება პანკისის ხეობის მოსახლეობის დამოკიდებულებას სპეცოპერაციის მიმართ, ყველა ფიქრობს, რომ ეს იყო გადაჭარბებული. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ტერორიზმს ვემიჯნებით და გამართლება არა აქვს, მაგრამ ყველა ერთსულოვანი ვართ, რომ პოლიციის მოქმედება გადაჭარბებული იყო.

სანამ ადამიანის ბრალი დამტკიცებული არ არის, ის დამნაშავედ არ ითვლება. ლიკვიდაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში არის აუცილებელი, თუ ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, რასაც მაჩალიკაშვილის დაკავების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მისი დაკავებისას მშობლებიც სახლში იმყოფებოდნენ და არ იყო საჭირო ოთახში შევარდნა და ასე უაპელაციოდ თავში სროლა. მშობლების დახმარებით ბავშვის უმტკივნეულოდ წაყვანა შეეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ბავშვს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა ხელყუმბარა. ეს იყო სპეცრაზმელისგან შიშის ნიადაგზე დაუფიქრებელი გასროლა.

კითხვები გვაქვს, როდესაც მაჩალიკაშვილი ოთხის ოც წუთზე დაჭრეს, მისი 8 საათამდე საავადმყოფოში გადაყვანა რატომ არ მოხდა? გამოდის, რომ სანამ მაჩალიკაშვილი სისხლისგან არ დაიცალა, სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. რატომ მოხდა, რომ ჟურნალისტები შემთხვევის ადგილას უპრობლემოდ შეუშვეს და ყველა მტკიცებულებების განადგურება მოხდა?

ექსპერტიზა სანამ მოვიდოდა, მაჩალიკაშვილის ოთახი რატომ არ დალუქეს? – ეს ხომ ელემენტარული საკითხებია. ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, რომელსაც ჩვენ დავსვამთ. ხომ არ იყო ეს ყველაფერი განზრახ გაკეთებული და ვის რაში სჭირდებოდა კვალის წაშლა? ჩვენ სხვა საჯარო პირებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ტერორიზმის ხელშეწყობაში არ დავადანაშაულებთ, ამას არასდროს ვიკადრებთ.

– რას იტყვით სუს-ის ბრალდებებთან დაკავშირებით, დაკავებულ პირებს ახმეტ ჩატაევის საქართველოში შემოყვანა უპრობლემოდ შეეძლოთ?

– წარმოუდგენელია, ამას ბავშვიც კი არ დაიჯერებს, რომ ამ პირტიტველა ბიჭებს, ტერორისტის ბრალდებით ძებნილი ახმეტ ჩატაევის საქართველოში ასე უპრობლემოდ შემოყვანა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, რომ ის ამ ბავშვების იმედად არ არის ჩამოსული. თუ დაკავებული ბიჭები ამ გაუგებრობაში უნებურად ჩათრეულები აღმოჩდნენ, ისინი არსად არ გარბოდნენ და მათი უპრობლემოდ ყველანაირი გართულების გარეშე აყვანა შესაძლებელი იყო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ახმეტ ჩატაევის ჩამოყვანაში უფრო სერიოზული ხალხია ჩარეული? ფიქრობთ, რომ კვალი სხვა მიმართულებით მიდის?

– ამ საქმეში ხელისუფლების დადანაშაულებას არ ვაპირებ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანივით ჩვენი მთავრობისკენ ხელის გაშვერას არც ვიკადრებ. სანამ გამოძიება თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, რაიმე წინასწარ დასკვნებზე საუბარი ზედმეტია. ფაქტია, რომ ამ დონის ტერორისტი, რომელსაც არაერთი ქვეყანა ეძებდა, 19 წლის მაჩალიკაშვილის იმედად საქართველოში არ ჩამოვიდოდა.

– მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ჩეჩნები, საქართველოში ორი წელი ცხოვრობდნენ. თქვენ თუ იცნობდით ამ ორ ადამიანს და პანკისთან რა სახის შეხება ჰქონდათ?

– პირადად ამ ადამიანების შესახებ, მხოლოდ მედიასაშუალებიდან შევიტყეთ. თუმცა ერთ რამეს გეტყვით, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ნებისმიერმა ჩეჩენმა კარზე რომ მოგვიკაკუნოს, მას კარს გავუღებთ და სახლში მივიღებთ. ამდენად ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით და რთულია ამ შემთხვევაში გაარკვიო შენი სტუმარი არის, თუ ტერორისტი. ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ჩავდივართ, ჯერ ვკითხულობთ, სადმე ახლოს ჩეჩენი ხომ არ ცხოვრობს, რადგანაც ჩვენი ადათ-წესი ასეთია.

– სუს-მა დღეს პრესკონფერენციაზე აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც მაჩალიკაშვილი და ჩატაევთან ერთად ლიკვიდრებული და დაკავებული პირები გადაადგილდებიან. ეს ჩანაწერი ნახეს პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებმა? ეს კადრები თქვენთვის პირადად რისი მთქმელია?

– დიახ, როგორც ვიცი ზუსტად ეს კადრები ნახეს, სადაც არც საუბარი ისმის და არც სხვა რაიმე მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ადამიანები დანაშაულში თანამონაწილეები არიან.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....