aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმ საქმეებს, რომელიც გვახსოვს, იგივე კაბელების საქმეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვის თაობაზე განაცხადა, რომ პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ისეთ საქმეებს როგორიც იყო კაბელებისა და ტრაქტორების საქმე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამ ეტაპზე გაუჭირდება იმაზე საუბარი, არის თუ არა ეს პროცესები ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილისა და მისი კადრების წინააღმდეგ დევნა.

„კონკრეტულად არ ვიცი რის გამო ხდება გამოკითხვა ან არის თუ არა დევნის პროცესი დაწყებული. თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი არის ამ პროცესში ის, რომ პროცესები უნდა მიმდინარეობდეს რაც შეიძლება გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში – რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. მე არაერთხელ მითქვამს და ბატონი კვირიკაშვილის გადადგომის პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ, უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებითაც, როდესაც ბატონმა პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან.

ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოყვება უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს. ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების საქმე, ეს არ უნდა იყოს კაბელების საქმე. საზოგადოებას მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიეცეს მაქსიმალური ინფორმაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

“ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

იტვირთბა....