aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მანდატური ადრე და დღეს: პოლიციური სისტემა თუ ბავშვებზე ორიენტირებული ინსტიტუტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომთან“ მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს

 

 

51-ე სკოლასთან მომხდარმა ტრაგედიამ, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სკოლებში მანდატურების უფლება-მოვალეობების საკითხი კვლავ წამოჭრა. დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს შექმნილ ინსტიტუტს, 2012 წლამდე, როგორც მოსწავლეების, ასევე დირექციის კონტროლი ეხებოდა. ამ სამსახურის მიმართ, დადებითთან ერთად, უარყოფითი შეფასებებიც ჟღერდებოდა. მათ უფლებამოსილების გადაჭარბებაშიც ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ენმ-ის სახელისუფლებო მმართველობის დროს, სკოლიდან გაშვებული მასწავლებლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებს, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს სწორედ მანდატურებმა გადასცეს.

2012 წლის შემდეგ, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მანდატურის სამსახური, კონტროლზე ორიენტირებული სამსახურის ნაცვლად, ბავშვის ზრუნვაზე ორიენტირებული გახდებოდა. ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი. ცოტა ხანში მანდატურის საქმიანობის განმსაზღვრელ კანონში პირველი ცვლილებებიც გაჩნდა – მათ სკოლის შინაგანაწესის კონტროლის უფლება აღარ მიეცათ. მანდატური აგრეთვე, სკოლის ადმინისტრაციას დაექვემდებარა. ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური  პოლიციის უფლებებს აღარ ითავსებს და შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება სკოლის რომელიმე მოსწავლე გაჩხრიკონ. დანარჩენი, ყველა უფლება შენარჩუნებულია, რომელთა შორისაც შემდეგია:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან, მათ მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სოციალური მუშაობის სისტემისა და სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვას;“-და სხვ.

მანდატურის სამსახურის პირველი და აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხიდიშელი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს სამსახური, თავისი პირვანდელი სახით,  ბავშვებზე ორიენტირებული იყო და სკოლებში კრიმინალურ შემთხვევებს მაქსიმალურად ამცირებდა:

ზვიად ხიდიშელი: „ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური დამოკიდებულია სკოლის დირექტორზე. ჩვენ დროს კი სრულად დამოუკიდებელი იყო. სკოლის დირექტორი, ბუნებრივია, თავისი სკოლის სახელს უფრთხილდება და სურს რომ იქ მომხდარი ინციდენტი საჯარო არ გახდეს. შესაბამისად, მანდატურისთვისაც უფრო რთულია მუშაობა და დაკისრებულ ფუნქციებს ისე ვეღარ ასრულებს, როგორც მანამდე.

ჩვენ ორიენტირებული ვიყავით ბავშვზე და მის გარშემო ვტრიალებდით. როგორც მოსწავლეების, ასევე, სკოლის დირექციის შინაგანაწესის სწორად შესრულებაში ვერეოდით – ჩაცმულობიდან დაწყებული, კულტურით დამთვარებული.

„მეტრონომი“: მანდატურებს სკოლის მოსწავლეების შემოწმება შეეძლოთ?

ზვიად ხიდიშელი: გარედათვალიერება შეეძლოთ, თუ  ბავშვი ეჭვს გამოიწვევდა.  ასეთ დროს ბავშვი გადაჰყავდათ ცალკე ოთახში, სადაც მის შემოწმებას მანდატურთან ერთად ესწრებოდა მასწავლებელი, დამრიგებელი,  ან რომელიმე სრულწლოვანი.  გოგონებს მისივე სქესის მანდატური ამოწმებდა,  ასევე დამკვირვებლის თანდასწრებით. თუ არ დადასტურდებოდა მანდატურის ვარაუდი, ბავშვი ჩვეულებრივად აგრძელებდა სასწავლო პროცესს, ხოლო თუ დადასტურდებოდა, ისეთ ზომებს ვიღებდით, რომ ეს ბავშვისთვის სტრესული არ ყოფილიყო , თუმცა დირექციას პასუხისმგებლობა ეგრძნო. მოსწავლეს ვუხსნიდით რა იყო კარგი და რა -არა.

„მეტრონომი“: 51-ე სკოლასთან მომხდარს რომ შევეხოთ, თქვენ დროს მანდატური რას მოიმოქმედებდა, ბავშვებს შორის დაძაბულობას თუ შეამჩნევდა?

ზვიად ხიდიშელი: ამ შემთხვევაში, თუ მანდატური შეატყობდა, რომ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ამ ბავშვების იზოლირება მოხდებოდა; ხოლო სკოლიდან გასვლის შემდეგ, მათ აუცილებლად მეთვალყურე გაჰყვებოდა-მშობელი, ნათესავი ან მინიმუმ, უბნის ინსპექტორი, რომ ბავშვები სახლამდე მისულიყვნენ.

„მეტრონომი“: მანდატურის უფლებამოსილების შეცვლას და შეზღუდვას როგორ შეაფასებთ?

ზვიად ხიდიშელი: თვითონ ინიციატივა, რომ სკოლა და მასწავლებლები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, კარგია, მაგრამ ეს გულისხმობს რომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი. თუმცა მანდატურის სამსახურიც ასევე დამოუკიდებელი უნდა დარჩენილიყო.“

 

მანდატურების სამსახურის არსებობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ეს ინსტიტუტი აშშ-ში კრიმინალური უბნების გასაკონტროლებლად შეიქმნა:

„მანდატურების ინსტიტუტი იმ სახით, რაც საქართველოში შეიქმნა, აბსოლუტურად უნიკალური სტრუქტურაა, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს. რა მაგალითზეც მას აქ გვთავაზობენ, ეს არის აშშ-ში არსებული ინსტიტუტი, რომელიც პოლიციური სტრუქტურაა და კრიმინალიზებულ უბნებში გამოიყენება, სადაც მკვლელობა, ძარცვა და სხვა დანაშაული ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული. იქ უცხო ადამიანი ვერც კი გაივლის. ასეთი უბნები თუ გვაქვს თბილისში, რა თქმა უნდა,  პოლიცია და მანდატური უნდა იყოს და ჩხრეკაც მიმდინარეობდეს, მაგრამ მანდატურის ინსტიტუტი საქართველოში არა მოსწავლის, არამედ, საერთოდ, სკოლის კონტროლის მიზნით იქნა შემოღებული. მანდატურს უფლება ჰქონდა მასწავლებლები და დირექტორი ეკონტროლებინა. ეს კი არანაირ კავშირშია ძალადობის პრევენციასთან. ძალადობის წინააღმდეგ მასწავლებლებმა, დირექციამ და მშობლებმა უნდა გამოაცხადონ შეურიგებელი ბრძოლა და ეს უნდა უზრუნველყოს განათლების სამინისტრომ, თავისი უმკაცრესი სანქციებით. გასამხედროებული პირების სკოლაში შეყვანით და დირექციასა და მოსწავლეებზე თავზე დასმით, არაფერი შეიცვლება. ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, სახელმწიფოს მხრიდან, ყოველთვის აქვს მცირეხნიანი ეფექტი, მაგრამ, გრძელვადიან პერიოდში მას შედეგი არ აქვს. საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ-მაშინ იყო თუ იყო სიმკაცრე, მაგრამ უფრო მეტი მკვლელობები ხდებოდა. თვითონ სკოლაში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში უნდა იყოს საერთო ფონი, რომ ძალადობა და კრიმინალი მიუღებელია.

სკოლის დირექციამ უნდა აკეთოს ის, რაც მანდატურის სამსახურს დაევალა, მათ შორის მოსწავლეების კონტროლი. აბა სხვას რას აკეთებს სკოლა და მასწავლებელი? მხოლოდ სწავლა არ ეხებათ მათ, მოსწავლის აღზრდაც შედის მათ პასუხისმგებლობაში. „-აცხადებს ზურაბიშვილი.

51-ე სკოლასთან მომხდარის შემდეგ, განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება და სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება:

„გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.

უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

არის თუ არა საჭირო მანდატურის სამსახური საქართველოს სკოლებში, ეს კვლავ საკამათოა, თუმცა, 51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედია, სახელმწიფოს როლის გაზრდის აუცილებლობას კრიმინალისა და დანაშაულის წინააღმდეგ, უდავოს ხდის.

ავტორი: მანა ნოდია

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....