aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული დელეგაციის წევრები და საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ტუსკმა მამუკა ბახტაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვიზიტი შედგა.

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან ახლო მეგობრები და მჭიდრო პარტნიორები არიან. მე და ბატონმა პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა იმ ძალიან ამბიციური ხელშეკრულების თვალსაზრისით, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია.

ევროკავშირი საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის მხარდამჭერია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული სიტუაცია საქართველოში. საქართველო განლაგებულია ძალიან სერიოზულ რეგიონში და ქვეყანა ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს რეგიონში.

ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ამ როლს და მხარს ვუჭერთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ასევე, მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებითა და  უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ხაზს ვუსვამთ, როგორც ევროპულ, ისე ტრანსატლანტიკურ მისიებში საქართველოს როლს.

ხაზს ვუსვამთ 10-წლიან თარიღს რუსეთ-საქართველოს ომიდან. ამ ფონზე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

გასულ 10 წელიწადში საქართველომ წარმატებით შეძლო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დინამიკური ეკონომიკის შენება.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობასა და შესაძლებლობებს, რათა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება გახდეს შესაძლებელი.

ჩვენ მივესალმებით ინიციატივებს, რომელიც უკეთესი მომავლისკენაა მიმართული და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს აძლევს განათლებისა და სავაჭრო შესაძლებლობებს“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ბახტაძემ შეხვედრისას აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი – საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აგრეთვე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

18 ივლისს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იანს სტოლტენბერგმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბახტაძე-სტოლტენბერგის შეხვედრას ნატო განცხადებით გამოეხმაურა

იტვირთბა....