aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლიმუზინისა და ესკორტის გარეშე გამოდის უნივერსიტეტიდან და ფეხით გაუყვება ჭავჭავაძის გამზირს”: ლორთქიფანიძე ახალ მინისტრზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩეული დელეგატი ლევან ლორთქიფანიძე განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას დადებითად აფასებს.

ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩხენკელი შესანიშნავი მეცნიერი, ცნობილი მკვლევარი, გამოცდილი პროფესორია და კარგად იცნობს განათლებისა და შემეცნების თანამედროვე სისტემებს.

“ილიას სიტყვებით თუ ვიტყვით, უკვე დიდი ხანია თსუ-ის “ერთი აჯამი, გულქვა” კაცი უდგას სათავეში, რომელსაც “აუდიტორია 115”-ის წევრთა მოტყუების არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა. ეტყობა სინდისი აქვს და ჩვენთანაც, სხვებთანაც კომუნიკაციას ერიდება, გაურბის, შეიძლება ეშინია კიდეც.

ერთადერთი აკადემიური ხელმძღვანელი, რომელთანაც უნივერსიტეტში ბოლო თვეების განმავლობაში დალაპარაკებას აზრი ჰქონდა, პროფესორი ჩხენკელი გახლდათ. არცერთი შეხვედრის მოთხოვნა მას უპასუხოდ არ დაუტოვებია, ყოველთვის მზად იყო საუნივერსიტეტო საზოგადოების უკანასკნელ ბოგანოსაც კი გასაუბრებოდა. მისი უშუალო მონაწილეობით, მისი გაჯიუტების წყალობით არაერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული ბარიერი გადაგვილახავს. ჩხენკელს არ ეხამუშებოდა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე დასწრება, თაკარა ივლისში საკუთარი ვენტილატორები უთხოვებია ნუცუბიძის აუდიტორიაში ამობუგვისთვის განწირული სტუდენტებისათვის. თითქმის ყოველ საღამოს ლიმუზინისა და ესკორტის გარეშე გამოდის უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელიდან და ფეხით გაუყვება ჭავჭავაძის გამზირს. მე ცუდი მხედველობა მაქვს, სათვალე თუ არ მიკეთია სამ მეტრში ვერ ვხედავ ვერავის. სამაგიეროდ, თავად არასდროს დავიწყებია უშორესი მანძილიდანაც კი თავის დაკვრა და კეთილი სალამის შემოთვლა ჩვენთვის, ძელსკამის აკადემიის წევრთათვის.

ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შესანიშნავი მეცნიერია, ცნობილი მკვლევარი, გამოცდილი პროფესორი, კარგად იცნობს განათლებისა და შემეცნების თანამედროვე სისტემებს. მთელი გულით უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ მას. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, პოლიტიკური უწონადობაა. ვიმედოვნოთ, რომ შეძლებს. შეურაცხად მინისტ-ავანტიურისტს ნამდვილად აჯობებს! ძალიან ბევრი ცუდი სიტყვის თქმა მინდა მასზე, მაგრამ კულტურა მავალდებულებს თავშეკავებას.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს:
1) სააკაშვილის მთავრობამ წაართვა გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის პრეროგატივა, რითაც სურდა უფრო მარტივად გაეგრძელებინა ეროვნული სიმდიდრის პრივატიზაციის პროცესი, უფრო მარტივად ჩაეძირა საქართველოს მთიანი რეგიონები. შემაძრწუნებელია, რომ ოცნების ხელისუფლების ფანტაზია და სწრაფვები ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის შემოქმედთა ნებას ემთხვევა. ჩათვალეთ, რომ გარემოს დაცვის უწყება ანტიეკოლოგიურ და ბინძურ ქვეყანაში ფაქტობრივად მოსპეს.
2) ფინანსთა მინისტრად ინიშნება ადამიანი, რომელმაც საქართველოს რკინიგზა გააღარიბა; რომელიც მისი თანამშრომლების ჩაგვრას, უხელფასობას, პროფკავშირული ნიშნით დევნას სიხარულით უწყობდა ხელს.
3) შს მინისტრი ხდება იურისტი, რომლის “პროფესიონალად” ჩამოყალიბება რუსეთში განგსტერული კაპიტალიზმის ზეობის ხანას უკავშირდება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფორმირება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება მისასალმებელია, რა საჭიროა ორ-ორი უწყება, როდესაც ერთსაც შეუძლია საქმის გაკეთება, თუ მოინდომა”- წერს ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, დღეს კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მინისტრობის კანდიდატების და სამინისტროების სია წარმოადგინა.

იტვირთბა....