aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლარის კურსზე თუ ეროვნული ბანკს არ აქვს პასუხი, მაშინ ხელისუფლება გამოდის პასუხისმგებელი-ეკონომისტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლარის კურსი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. ხელისუფლება პასუხს უკვე ეროვნულ ბანკს სთხოვს, რომლის წარმომადგენლებიც პარლამენტში დაიბარეს. კურსის ვარდნის მიზეზი გაუგებარია, რადგან როგორც “მეტრონომს” ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ესაუბრა, ქვეყანაში ყველა ეკონომიკური პარამეტრი მხოლოდ დადებით შედეგს აჩვენებს:

” ეს ყველაფერი  თავისი საქმიანობის და ქვეყნის მიმართ ეროვნული  ბანკის უპასუხისმგებლობად, ანუ, ძალიან ცუდად უნდა შევაფასოთ. გაოცებული ვარ, საქართველოს პარლამენტი აქამდე რატომ არ იბარებდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და რატომ არ სთხოვდა მათ პასუხს. ქვეყანაში ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია, ეგზოდენური, ანუ სხვა ქვეყნების ფაქტორები არ მოქმედებს და ლარი მაინც უფასურდება ორი თვის განმავლობაში. ან ეროვნული ბანკი ახორციელებს მიზანიმმართულ პოლიტიკას ლარის გასაუფასურებლად, ან წარმოდგენა არ აქვს როგორ დაასტაბილუროს კურსი. მე ყველა შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობას ვხედავ და ძალიან მიკვირს, ხელისუფლება მათ პასუხს რატომ არ სთხოვს. რბილად რომ ვქვათ, ვიღაც ხომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში ლარის კურსზე პასუხისმგებელი? თუ ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის, მაშინ მთლიანად მთვარობა გამოდის პასუხისმგებელი. როგორც ვატყობ, ხელისუფლება ეროვნულ ბანკს ვერ თხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ, რომ რა კომენტარებიც გავრცელდა ეროვნული ბანკის მხრიდან, ვითომ იმპორტიორებმა აგვისტოში დაიწყეს ფულის შესყიდვა, რომ თებერვალ-მარტისთვის ჰქონდეთ მომარაგებული, სრული სისულელეა.
“მეტრონომი”: ვინ არის ვალდებული ხელისუფლების მხრიდან, რომ გამოვიდეს და ხალხს გასცეს პასუხი, რა სჭირს ლარის კურსს?
მერაბ ჯანიაშვილი: კანონით რომ მივუდგეთ, ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ეროვნული ბანკი ახდენს. სხვა მხრივ კი ამაზე მთავრობაც პასუხისმგებელია, რადგან თუ ეროვნული ბანკი ვერ ახდენს შესაბამის რეაგირებას, ხელისუფლებიდან ვინმე უნდა გამოვიდეს და ამაზე განცხადება გააკეთოს.
“მეტრონომი”: როგორი მოლოდინი გაქვთ, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნა?
მერაბ ჯანიაშვილი: პასუხისგან თავს შევიკავებდი, იმიტომ, რომ რა ინფორმაციაზეც თუ პარამეტრებზეც წვდომა გვაქვს ეკონომისტებს, ყველაფერი მართლა გაუმჯობესებულია, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება პროგნოზების გაკეთება. აბსოლუტურად არაადეკვატური პროცესები მიმდინარეობს…”-განუცხადა “მეტრონომს” მერაბ ჯანიაშვილმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარია. ხოლო გუშინდელი კურსი 2.6538 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, 15 ნოემბერს,  მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა:

„რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის, არის დეტალური კომენტარი გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ბოლო დროინდელ ცვალებადობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხარათ, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ – ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაიბარებენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წერმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა “საქმიანი დილის” ეთერში ლარის კურსზე ისაუბრა:

“ნოემბრი, დეკემბერი, იანვარი, მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება საქართველოში და ყველა სპეკულირებს იმას, რომ კურსი დავარდება. ამ დროს და მოლოდინები იქმნება, რომ კურსი დავარდება, იმიტომ რომ ცივდება და კურსი ვარდება, ანუ როცა შემცივდება დავარდება კურსი ხოლმე. ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ახალი არაფერია, თავისუფალ ეკონომიკაში ასე ხდება.”- განაცხადა გილაურმა.

 

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებენ

 

 

იტვირთბა....