aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი მოლდოვის პრემიერს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-მოლდოვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების შესახებ იმსჯელეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შეხვედრის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთვის ძალიან ახლობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე, რომლებიც ქართველ და მოლდოველ ხალხს აკავშირებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაკავშირებს საერთო მისწრაფებები ევროკავშირისკენ, რაც არის სტრატეგიული მიზანი, როგორც მოლდოვისთვის, ისე – საქართველოსთვის. ჩვენ გაერთიანებული ვართ მნიშვნელოვან ფორმატებში, როგორებიცაა “აღმოსავლეთ პარტნიორობა”, სუამ-ი და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველა საერთაშორისო ფორმატში. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს მყარი მხარდაჭერა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გადაგიხადოთ მადლობა თქვენი თანმიმდევრული პოზიციისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში.

ასევე მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ეს შეხვედრა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების დასაწყისი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”,- მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას.

გიორგი კვირიკაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და ისტორიული მეგობრული კავშირები.

“დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ვიზიტი კომბინირებული იყო თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმთან”. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის კარგად ორგანიზებისთვის. ჩვენთვის ეს წელი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან 25 წელი გავიდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან, თუმცა ჩვენ უფრო დიდი ხანია, გვაკავშირებს ერთმანეთთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობები.

ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, როგორც ისტორიული, ასევე – კულტურული, სამწუხაროდ, ასევე არის პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ორმხრივი სოლიდარობა, არამედ მთლიანად რეგიონში მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას”, – განაცხადა პაველ ფილიპმა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას “საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” და “მოლდოვის რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას”.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

იტვირთბა....