aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე მოადგილეების ხელფასების გაორმაგებას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახი კალაძე, მისი მოადგილეებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს.  კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ ამ  თემაზე მან და თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს.

“საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე – იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო.

წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი – ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ – 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა – 101 336 ლარი, თვიური საშუალო – 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით – 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური – 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა – 6123 ლარი“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი – 38 160 ლარი, თვეში – 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად – 75 600 ლარი, თვიურად – 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური – 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ – 6150 ლარი.

„მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

იტვირთბა....