aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “კარგად მესმის რა მწარეა ეს ტრაგედია, რადგან საკუთარ ოჯახზე მაქვს გამოცდილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ზაზა სარალიძის ოჯახს, ეს ძალიან დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. ამის შესახებ თბილისის მერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ხორავას ქუჩაზე   მოზრდაების მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

“ვფიქრობ, კითხვებს, რომლებიც აქვთ გარდაცვლილთა ოჯახებს და არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე.

სწორი მიდგომაა ის, რა გადაწყვეტილებაც პარლამენტმა მიიღო. შეიქმნა საპარლამენტო კომისია და მგონია, რომ ესეც წაადგება ამ საქმის გამოძიებას, წაადგება ამ კონკრეტულ საქმეს, გავიგოთ რეალობა, გავიგოთ სიმართლე. თუ იყო ხარვეზები გამოძიებაში, ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს; თუ იყო ხარვეზები თვითონ სასამართლოში და გადაწყვეტილების მიღებაში, ესეც უნდა იყოს ცხადი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ რეალობა.დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისიის მუშაობით და ასევე, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერი იქნება ცხადი.

ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის. მე კარგად მესმის თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....