aviabiletebi
კულტურა საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

კინოფესტივალის გახსნას დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი. გახნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ, ასევე, კინოფესტივალის დირექტორი, გაგა ჩხეიძე და იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

კინოფესტივალს ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი“ გახსნის. ჩვენება „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები. ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე  კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ.  კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს  ევროკავშირი აწესებს.  EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანებიან.

ფესტივალის განმავლობაში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლები ქართულ პანორამაში შემავალ ფილმებს შეაფასებენ და თითოეულ ქვეკატეგორიაში (სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმი) საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენენ.

„პირველი არხის“ გადაცემის „ილუზიონის“ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთ ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს 7 დეკემბერს თიბისი არტ გალერეაში ჩაატარებს.

8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული“. ნამუშევარი ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.tbilisifilmfestival.ge

იტვირთბა....