aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად დევდარიანი ანონიმი ქალების ბრალდებებს წერილით პასუხობს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მინდა გამოგეხმაურო, როგორც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ყველაზე გავრცელებულ ამბავს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ მოხდა. თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არის სიცრუე“, – წერს წერილში „მიმართვა 21 წლის გოგოს” სამოქალაქო აქტივისტი ზვიად დევდარიანი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მინდა გამოგეხმაურო, როგორც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ყველაზე გავრცელებულ ამბავს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ მოხდა. თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არის სიცრუე. შევეცდები მიმოწერის ჩვენებისა და ეთიკური ნორმების დაცვით ავხსნა რა მოხდა:

1. იმ ორგანიზაციაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ 20 წლის განმავლობაში არავის არასდროს არ დაუწყია მუშაობა, ან გაუვლია სტაჟირება კონკურსისა და გასაუბრების გარეშე. ეს არის გაწერილი პროცედურა, რომელსაც მართავს არა ერთი ადამიანი, არამედ ადმინისტრაციული გუნდი. არ არსებობს ინდივიდუალური გასაუბრების ცნება, ყველაფერი ხდება ჯგუფურად;

2. ჩვენ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი მისი ინიციატივით და ამ გაცნობას და მიმოწერა არაფორმალური ხასიათი ჰქონდა;

3. მიმოწერა დაიწყო დაახლოებით 21.00- ზე. 20 წუთში შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. მე ოფისში ვიმყოფებოდი, შემოგთავაზე იქ მოსულიყავი, რაზეც დამთანხმდი. ორივემ ვიცოდით, რომ იმ მომენტისთვის ჩემს ორგანიზაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაირი კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა;

4. ვიდრე მოხვედი ოფისში ტელეფონით რამდენიმე მესიჯიც გამოგიგზავნე, რომელსაც ასევე არაფორმალური ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ამისა მაინც გადაწყვიტე მოსულიყავი;

5. ვისაუბრეთ დაახლოებით 40 წუთი, ყოველგვარი ჩარაზვების გარეშე, როგორც ამას აჟღერებ. ოფისში ისედაც მარტო ვიყავით;

6. არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა;

7. როგორც კი დავასრულეთ საუბარი, რადგან ისედაც სახლში მივდიოდი, შემოგთავაზე სახლამდე ჩემი მანქანით მიყვანა, რაზეც დამთანხმდი. მიგიყვანე სახლამდე და მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (და არა „როგორღაც თავი დამაღწიე“, როგორც ეს შენს ამბავში წერია);

8. რაც დავშორდით, კიდევ ერთი მესიჯი მოგწერე, რაზეც მიპასუხე, რომ ჩემთან ფორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა გსურდა, რაც ჩემთვის სრულიად ნათელი სიგნალი იყო და ამის შემდეგ, არცერთი ზარი და შეტყობინება, არანაირი ფორმით არ განმიხორციელებია (რაზეც შენს ამბავში არაფერია ნათქვამი).

სამარცხვინოა, ქალთა მოძრაობის წევრების მხრიდან ჩემი როგორც დამნაშავის და მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით. გაუგებარია ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანი რატომ უნდა იყოს ჩემი – როგორც ქალთა მოძრაობა მიწოდებს „გავლენიანი“ კაცის (როგორც თავად მიწოდებთ), რეპუტაციის განადგურება;

სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საკუთარი საინფორმაციო არხების ჩართვით, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის განადგურება;

სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს საკუთარი გამოცემები;

სამარცხვინოა, რომ ადამიანები რომლებიც ჩემ გვერდით იდგნენ, მიცინოდნენ, მემეგობრებოდნენ, დღეს ამბობენ რომ 3 წელია იციან „ეს ამბები“ და დღეს დროშით ხელში ჯვაროსნულ ომს მიცხადებენ სოციალურ ქსელში მიმოწერის გამო.

მადლობა ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ახლა ძალიან მჭირდებიან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და თანადგომას მიცხადებენ.
მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არ დაივიწყეს პროფესიონალიზმი და სწორედ ამით იხელმძღვანელეს ამ კამპანიის გაშუქებისას.

ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!

და ბოლოს, ვწუხვარ რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს, ჩემს თეონას, ჩემს სოლომონს (11 წლის), ჩემს დანიელს (9 წლის) ჩემს ანასტასიას (5 თვის, რომელიც 2 დღე არ მინახავს, იმიტომ რომ მრცხვენია, რომ მის მამის ირგვლივ ეს ყველაფერი ტრიალებს). მე გავცემ ამ ყველაფერს პასუხს და დავბრუნდები.

და თქვენ, ვისაც კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი, თქვით, გამოდით და დავასრულოთ ეს შანტაჟი და განუკითხაობა. მე არ ვაპირებ თქვენთან ბრძოლას იმ მეთოდებით, როგორც თქვენ მებრძვით. მე არ ვაპირებ პირადი მიმოწერისა და სხვა დეტალების გასაჯაროობას. სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი”, – წერს ზვიად დევდარიანი.

17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ანონიმი რესპონდენტი ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა. ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია. 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა. სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

იტვირთბა....