aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხვალ ვეტოს გადალახავენ და კონსტიტუცია იბერიას გააბრწყინებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვეტო და კონსტიტუცია: რა მოხდება ხვალ? – ანალიტიკოსები “მეტრონომთან” ამბობენ, რომ ხელისუფლებას „კაი ბიჭის“ როლის თამაში არ გამოუვიდა

“აბსურდული გადაწყვეტილება ერთ კვირაში, ვენეციის კომისიის ზეწოლის შედეგად ვითომ დათმობაზე წასული ხელისუფლება და „კაი ბიჭის“ როლში მოვლენილი „ოცნება“. ასე აფასებენ „მეტრონომთან“ პოლიტოლოგები და კონსტიტუციონალისტები კონსტიტუციის ირგვლივ 6 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს.

პარლამენტი ხვალ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

კონსტიტუციონალისტების აზრით, ვენეციის კომისიის ზეწოლის შემდეგ,  ხელისუფლებას მხოლოდ კონსტიტუციის მიღების შემდეგ გაახსენდა, რომ კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩაწეროს კონსტიტუციაში. საკითხი ეხება საარჩევნო სისტემის ორ საკმაოდ მნიშვნელოვან თემას, რომელზედაც დიდი ხანია, დისკუსია მიმდინარეობს. ესაა 2024 წლიდან ბონუსების გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლების დატოვება 2020 წლის არჩევნებში. მმართველმა გუნდმა ამ ორ საკითხზე პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ, ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ „ოცნება“ ცდილობდა, ასევე პატარა პარტიებისთვის  საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერის შეთავაზებით, შანსი მიეცა, რომ  პარლამენტში მოხვედრილიყვნენ. ხოლო ამ სახით მოკავშირეები ეპოვა და ბლოკების შენარჩუნების სანაცვლოდ, მათგან მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე თანხმობა მიეღო, მაგრამ ხელისუფლებას არც ეს გამოუვიდა. არა იმიტომ, რომ პატარა პარტიებს ბლოკები აღარ უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემის „გაპრავება“ ვერავინ გაბედა.

პოლიტოლოგების თქმით, შემდეგი დარტყმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისგან მიიღო, რადგანაც კომისია „ოცნების“ შემოთავაზებული ბონუსების სისტემა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, საუბარია გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად მითვისებაზე. ამიტომ, ყველა მხრიდან წამოსულმა შეტევამ ხელისუფლება აიძულა, დათმობებზე დაფიქრებულიყო.

სწორედ ამ დათმობის დემონსტრირების მცდელობა იყო, როდესაც ზემოდ ხსენებულ ორ საკითხზე პრეზიდენტს ვეტოს დადება შესთავაზეს. კონსტიტუციონალისტების აზრით, მმართველი გუნდი ამ ორი ინიციატივით ვაჭრობას ცდილობდა, თუმცა ის ვერავის მიყიდეს. მათი ბოლო დასაყრდენი კი  პრეზიდენტი იყო, მაგრამ ესეც არ გამოუვიდათ. მათი განცხადებით, უდროო დროს გახმოვანებულმა ამ ინიციატივამ უფრო კურიოზული სახე მიიღო, ვიდრე საქმიანი და მნიშვნელოვანი.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. 13 ოქტომბერს კი დაგეგმილია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტში ასევე ასახულია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს.

პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში წარდგენილია წინადადება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა ნარჩუნდება. პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული, რაც ორპალატიანი პარლამენტი ამოქმედდება.

ვეტოს ფარგლებში კორექტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

ამავე პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას არა სრული თანხმობით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინა, როგორც „ქართული ოცნების“ ასევე ოპოზიციის მოთხოვნები. შესაბამისად, მან ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დამბალანსებლის როლი შესრულა.

მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა, ვენეციის კომისიის შენიშვნების შემდეგ, ეჩვენებინა, რომ ის დათმობაზე მიდის, ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა, რომ ვეტო ორ საკითხზე დაედო, ეს არის 2024 წლიდან ბონუსების გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლების დატოვება 2020 წლის არჩევნებში. თუმცა ძაბირიაძის განცხადებით, ხელისუფლება მთავარ დათმობაზე არ მიდის და არჩევნებს 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არ ატარებს.

„ხვალ, რა თქმა უნდა, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს და საკონსტიტუციო პროცესი ამით დასრულდება. თუმცა, იმ ორი ცვლიებების შესატანად, მას გაზაფხულზე ერთი თვის განმავლობაში კონსტიტუციის ჩასწორებულ ვარიანტს სახალხო განხილვისთვის გამოტანს, ხოლო გაზაფულის საპარლამენტო სესიაზე ორჯერ კენჭისყრით ხელახლა მიიღებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ისინი პრეზიდენტს ამ ორი საკითხისთვის, რომელზეც ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა, თხოვდნენ ვეტო დაედო. მას უმრავლესობა კი დაძლევს, მაგრამ უბრალოდ, დროში გაიწელება და კიდევ ერთხელ იგივე პროცედურების გავლა მოუწევთ, რაც აქამდე განახორციელეს.

რა თქმა უნდა, მათი ეს ქმედება პოლიტიკური თამაში იყო. „ოცნება“ ყველანაირად ცდილობდა, მარტო არ დარჩენილიყო და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოკავშირე ეპოვა, თუმცა ვერ შეძლო. ზუსტად ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ცდილობდა პატარა არასაპარლამეტო პარტიებისთვის საარჩევნო  ბარიერი 1%-იანი გაეხადა და ვენეციის კომისიისთვის ეჩვენებინა, რომ რაღაც კონსესუსს მიაღწია. მეორე მხრივ კი 2020 წლისთვის არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების მომხრეები ეპოვა“, – ამბობს ძამირაძე „მეტრონომთან“.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ტაქტიკისთვის გამოიყენა, რათა ვენეციის დასკვნაში მათ მისამართით რაიმე პოზიტიური განცხადებები გაკეთებულიყო. ხუხაშვილის თქმით, მთელი 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები უხარისხო იყო და „ოცნება“ პოლიტიკურ „ბუნკერში“ აღმოჩნდა. მისი აზრით, ამ პროცესში ვერცერთ სფეროში პარტნიორი ვერ იპოვა.

„ოცნება“ აბსოლუტურად სტერილიზებული აღმოჩდა. ის კონსტიტუციონალისტებიც კი, რომლებიც ამ კონსტიტუციას წერდნენ, „ოცნების“ წინააღმდეგ განეწყვნენ და გაემიჯნენ. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეეძლო, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ზეპარტიულობა შეენარჩუნებინა, პრეზიდენტი იყო. თუმცა, ბოლო ეტაპმა აჩვენა, რომ მასაც ნერვებმა უმტყუნა და ხელისუფლებამ აქაც თავისი ტაქტიკური ამოცანა შეასრულა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თუ პრეზიდენტს თვითონ ვერ მოარჯულებდა, მინიმუმ მოწინააღმდეგის ბანაკში გადასროლა მოეხდინათ. ეს ამოცანა შეასრულეს. მესმის, რომ მარგველაშვილისთვის რთული იყო, ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა, როდესაც ხელისუფლება ფაქტორბივად, არ ელაპარაკებოდა. გასაგებია, რომ ხვალ ისინი ვეტოს გადალახავენ და იტყვიან რომ ეს კონსტიტუცია იბერიას გააბრწყინებს. პრეზიდენტს კი მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ გალანძღავენ. ეს იქნება სულ ამ 6-თვიანი დავის და დაპირისპირების ფინალი. ხელისუფლებას  „კაი ბიჭის“ როლის თამაში უნდოდა და არ გამოუვიდა“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....