aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექსკლუზივი: რატომ არ იძიებენ სათანადოდ ძალოვანი უწყებები სექსუალურ უმცირესობებზე თავდასხმების საქმეებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვალდებულება, პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია: „პროკურორებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია ამგვარი საქმეები გამოიძიონ“

ბოლო პერიოდში სექსუალურ უმცირესობებზე თავდასხმები გახშირდა. 14 ოქტომბერს ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. 32 წლის ზიზი თავდასხმიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასულ კვირას კიდევ ორი თავდასხმა მოხდა ტრანსგენდერ ქალებზე. აქედან ერთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ამ საქმეზე შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია.

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ აპარატში შესული 113 განცხადებიდან 8% სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ძალადობას ეხება.

შსს-ს ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის, ან გენდერული იდენტობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე 2014 წლიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზეა აღძრული. ამ უკანასკნელზე საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. EMC-ის იურისტი ლიკა ჯალაღანიას თქმით, ამ ეტაპზე სარჩელი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც ერთი წლის მანძილზე პროცესი ჭიანურდება. სასამართლო პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზად, უფლებადამცველი პროკურატურას მიიჩნევს. მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სიძულვილის მოტივზე საერთოდ არ უმსჯელია.

ამ ფონზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა წინა წლებთან შედარებით ეფექტიანია.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიში ამბობს, რომ LGBT პირებისადმი გაზრდილ ძალადობას მედიაც უწყობს ხელს.

თავდასხმის ბოლო ფაქტზე, რომელიც 27 ნოემბრის ღამეს მოხდა შსს-ს გამოძიება არ დაუწყია და ამის მიზეზად უწყებამ „მეტრონომთან“ შემდეგი მიზეზი დაასახელა: “ ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცავებთან შეტყობინების ავტორმა თანამშრომლობა აღარ ისურვა. ამ მიზეზით საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს“.

EMC-ის იურისტი ლიკა ჯალაღანია “მეტრონომთან” გამარტავს, რომ შსს-ს აქვს ვალდებულება საქმეზე გამოძიება მაინც დაიწყოს. – იმის მიუხედავად ითანამშრომლა დაზარალებულმა გამოძიებასთან თუ არა.

“ბათუმში მომხდარ ფაქტზე მინდა გითხრათ. ამ შემთხვევაში ადამიანს დაარტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია მას ეკითხებოდა, როგორ სურდა თავად დაზარალებულს ეს საქმე წარემართა – როგორც სისხლის სამართლის დანაშაული თუ როგორც ადმინისტრაციული სამართალი დარღვევა. რა თქმა უნდა, მოქალაქეს ურჩევნია ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით წავიდეს ეს საქმე, თუმცა ეს საქმე შესაძლოა არ იყო ისეთი ხარისხის როგორიც სისხლის სასამართლოს დანაშაულია და უფრო მეტად ადმინისტრაციული კოდექსით უნდა რეგულირდებოდეს და როდესაც საქმეზე მოკვლევას დაიწყებდნენ, მათ ჰქონდათ საშუალება შეეწყვიტათ გამოძიება. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ხედავს, არსებობს საფუძველი იმისა, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამოძიება უნდა დაიწყოს იმის მიუხედავად, დაზარალებული როგორ პოზიციაზე იმყოფება. ამ ადამიანებს ნდობა არ აქვთ პოლიციელების და ამის გამო მათთან თანამშრომლობაზე ხშირად ამბობენ უარს. შსს-ს ეს იმის საფუძველს მაინც არ აძლევს, რომ საქმეზე მოკვლევა არ დაიწყოს. შსს-ს აქვს თავისი დისკრეცია, ანუ მან უნდა იმოქმედოს იმ ფარგლებში, რაც არის განსაზღვრული როგორც კანონით, ისევე საერთაშორისო ვალდებულებებით. არ შეიძლება მოქალაქეს, როდესაც თავს ესხმიან, ჰკითხო უნდა თუ არა რომ ეს საქმე პოლიციაში წავიდეს. თუ ადამიანმა მიიღო გარკვეული ზიანი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, პოლიციას აქვს ვალდებულება გამოიძიოს ეს საქმე”. – აცხადებს ჯალაღანია.

„მეტრონომი“ პროკურატურას დაუკავშირდა. გვსურდა მიგვეღო ინფორმაცია როგორ ებრძვის საგამოძიებო უწყება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მთავარი პროკურორის ამ წლის ანგარშში საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რაც ამ კუთხით უწყებამ ჩაატარა.

ირაკლი შოთაძის 2016 წლის ანგარიში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსაც ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს საქართველოს პროკურატურისთვის აქტუალური იყო დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების თემაზე. სასწავლო კურსს ატარებდნენ ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები და ქართველი ექსპერტები. პროექტი სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ჯალაღანია პროკურატურაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო უწყება არასათანადო ყურადღებას აქცევს დანაშაულის მოტივის გამოკვეთას. იურისტი განმარტავს, რომ ტრანსგენდერი ქალის ზიზის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურა ჯიუტად საუბრობდა, რომ ეს დანაშაული სიძულვილით მოტივირებული არ ყოფილა. ლიკა ჯალაღანიას განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პროკურორებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, ამგვარი საქმეები გამოიძიონ.

„გარკვეული ცვლილებები პროკურატურის სისტემაში ნამდვილად შეინიშნება. მაგალითად, პროკურატურამ შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორ უნდა გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, თუმცა ეს კონკრეტულად არ ეხება ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დანაშაულებებს. ის ზოგადად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ეხება. ეს დოკუმენტი სამწუხაროდ საჯარო არ არის და EMC-ის არ ჰქონდა შესაძლებლობა შეგვეფასებინა ეფექტურობა. საჯარო ინფორმაციაში რომელიც პროკურატურიდან გამოვითხოვეთ, ეწერა რომ ოთხ საქმეში, რომელიც ეხებოდა სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას, მათ გამოკვეთეს სიძულვილის ნიშანი და მიუთითეს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს შესაძლოა ჰქონოდა ადგილი. თუმცა, ჩვენ და სხვა ორგანიზაციებს ამ საქმეებზე დაშვება არ გვაქვს და ამიტომ მე ვერ შევაფასებ აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე სტატისტიკის წარმოება არ ხდებოდა და ჩვენ ახლახანს პროკურატურიდან მხოლოდ ოთხი საქმე მივიღეთ. ბუნებრივია, ოთხი საქმით არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რაღაც სისტემურ ძვრებზე გვაქვს საუბარი“. – აცხადებს ჯალაღანია.

EMC-ის წევრი დადებითად აფასებს ეუთოს რეკომენდაციით, დაწყებულ პროკურორთა გადამზადების პროექტს.

რაც შეეხება შსს-ს, უფლებადამცველი განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურისგან განსხავავებით ცვლილებები არც კი შეინიშნება. ლიკა ჯალაღანია მიიჩნევს, რომ შინაგან სამქეთა სამინისტრომ ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის ცალკე დეპარტამენტი უნდა შექმნას.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ომბუდსმენის აპარატი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, რომ შესაძლოა იყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ისინი მონიტორინგს უწევენ როგორ იძიებს შსს და პროკურატურა შემდეგში ამ საქმეებს.

„ამ ფაქტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ვსწავლობდით სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილ ფაქტებს და ამის თაობაზე რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვქონდა როგორც მთავარ პროკურატურასთან, ასევე შსს-თან. კომპეტენციის ფარგლებში ვაკვირდებოდით გამოძიების მიმდინარეობის პროცესს. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასება, როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ არის ის, რომ არასაკმარისია ის ღონისძიებები, რაც ტარდება სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა სამართალდამცავთა ჩართულობა და მათი რეაგირება ფაქტებზე, ასევე გაიზარდა ამგვარი ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელიც. მაინც ჩნდება კითხვები ამ საქმეების გამოძიებასათან დაკავშირებით. ეს ეფექტური და ანგარიშვალდებულიანი გამოძიებით უნდა შეიცვალოს.“ – აცხადებს სხილაძე.

რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით განცხადება გაავცელეს. განცხადებაში სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

მიუხედავად ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი მდგომარეობისა, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, სუბიექტური შეფასებაა. არადა, სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ სწავლობენ აღნიშნულ საკითხს, „მეტრონომთან“ სულ სხვა სურათს დებენ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....