aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„დენი გავთიშოთ და 90-იან წლებში გადავიდეთ“?  – საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტორი: ელზა  პაპოშვილი

ენერგეტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ ქვეყანა ენერგომარაგის შევსებას დროზე არ დაიწყებს,  შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. „მეტრონომთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს დეფიციტი აქვს როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზის მომარაგების მხრივ, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოსთვის გაზით დამატებით მიწოდება 2020-2022 წლამდე არ შეუძლია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების შეფერხება დამატებით პრობლემებს ქმნის.

ამიტომ, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ წლის ბოლოსთვის უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდოს, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ არის. ანალიტიკოსები მთავრობის იმ პოლიტიკას აკრიტიკებენ, რომელიც უშუალოდ „ენგურჰესიდან“ აფხაზეთის მომარაგებას უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული დენის დიდი ნაწილი აფხაზურ მხარეს მიაქვს.

ანალიტიკოსი  ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოს, როგორც ენერგოტრანზიტულ ქვეყანას, შესაძლოა, ცოტა ხანში, გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნას. მისი თქმით, „ენგურჰესიდან“, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს, ეს ახალი არ არის.

თუმცა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, როგორც კი მისი გაჩერება, ან სარემონტო სამუშაოების, ან სხვა მიზეზით მოხდება. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის შესყიდვა კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გახდება საჭირო.

ექსპერტის თქმით, საქართველოს გაზის მოწოდების კუთხითაც გარკვეული რისკების წინაშე დგას, რადგანაც აზერბაიჯანიდან 2020-2022 წლამდე დამატებით გაზს ვერ მივიღებთ, ამის მიზეზი კი ის არის, რომ თავად ამ ქვეყანას არა აქვს საკმარისი რაოდენობის მარაგი.

შესაბამისად, ანალიტიკოსის ინფორმაციით, საქართველომ მოსახლეობის გენერაცია გაზზე რომ გააკეთოს, ეს აზერბაიჯანს პრობლემას შეუქმნის. ასე რომ, საქართველოს ელექტროენერგიის მიღების მხოლოდ ერთი გზა რჩება – იმპორტის კიდევ უფრო გაზრდა.

„გაზის მარაგის მიღებას ვერც სომხეთიდან მოვახერხებთ, რადგანაც „გაზპრომთან“ დადებული ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანა ტრანზიტის საფასურად ნატურს ვეღარ იღებს და ფულად ანაზღაურებაზე ვართ გადასული. მონეტიზაციის მიხედვით, ამ თანხით ვიცით, რომ იმ რაოდენობის გაზს ვეღარ ვიყიდით, რასაც ნატურის სახით გვაძლევდნენ.

ერთი გზა გვრჩება, რომ სომხეთისკენ მიმავალი გაზი პირდაპირ მილიდან მოვიპაროთ. ეს კი კანონდარღვევაა, რადგანაც ხელშეკრულება არ გვაქვს ამაზე და „გაზპრომმა“ რომ გვიჩივლოს, საქმეს მოგვიგებს.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ქვეყანას როგორც ელექტროენერგიის ასევე გაზის მომარაგების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები შეექმნება და ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს. ჩვენ ამას რეალური პოზიციებიდან უნდა შევხედოთ.

ერთადერთი გამოსავალი მეტი ელექტროენერგიის შეძენაა, რაც მეორე მხრივ ქვეყნის ეკონომიკას ურტყამს. ზამთარში გაზს ვერ გავთიშავთ, შესაბამისად, მისი გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის ვერ გამოდგება.

მაშინ რა ვქნათ, დენი გავთიშოთ და 90-იან წლებში გადავიდეთ? მოსახლეობას დენი გრაფიკით 4-საათიანი ინტერვალით მივაწოდოთ? ეს გამოწვევები ჩვენს ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს. ვიცით ასევე, რომ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს მიაქვს და ჩვენ იქიდან მხოლოდ ერთ მეოთხედს ვიღებთ.

ასევე არ გვაქს საკუთარი ენერგოჰესები, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი მის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ყაზბეგში 500-ვოლტიანი ხაზის მშენებლობაც ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ელექტროენერგიის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკის ქვეშ აყენებს.

საკუთარი ენერგოჰესების მშენებლობა რომ დაწყებულიყო, საქმეს წინ წავიგდებდით და ამ რისკებს ნაწილობრივ მაინც შევამცირებდით. თუმცა, ამ გაუთვითცნობიერებული წინააღმდეგობის გამო, საერთოდ არაფერი გვაქვს. ამასობაში კი როგორც ელექტროენერგიის ასევე გაზის კუთხითაც დეფიციტი გვექმნება“,  – ამბობს „მეტრონომთან“ ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ „ნენსკრა ჰესი“ უნდა ააშენოს, რომელიც მდინარე ნენსკრაზე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს. ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, თუ  ენგური მოულოდნელად გაითიშა, რაც დიდი ალბათობით მოხდება, რადგან გვირაბები უნდა გაიწმინდოს, ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ანალიტიკოსის განცხადებით, „ენგურჰესზე“ ოფიციალურ თბილისს მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს, რომ წყალსაცავი წყლისგან დაცალოს, რადგანაც აფხაზებს შეუძლიათ ელექტროენერგია ჩვენი მისამართით არ გამოუშვან, გენერაცია მათ მხარეს არის, ხოლო რეზერვუარი ჩვენს მხარეს. მისი თქმით,  ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას შეუძლია, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია არ მოგვცენ.

ენერგეტიკოსი ლადო ვახტანგაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ენერგომომარაგების კუთხით ქვეყანა უდიდესი დეფიციტის მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში, ფაქტობრივად, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე  ვართ დამოკიდებული, რადგანაც  ენგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის აბსოლუტურ უმრავლესობას ზამთრის პერიოდში აფხაზეთი მოიხმარს.

შესაბამისად, ანალიტიკოსის განცხადებით, ქვეყანამ ბოლო 4 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 300 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. მისი აზრით, წლის ბოლომდე საქართველოს 1 400 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა დასჭირდება. ამის მიზეზად ის მთავრობის არასწორ პოლიტიკას მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ „ენგურჰესის“  მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვეღარ ვიყენებთ და მთლიანად აფხაზეთს ვამარაგებთ.

„სეპარატისტების გაზრდილი მადა საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულს ხდის. ეს მაშინ, როცა მთავრობის პოლიტიკა ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა. დეფიციტის კიდევ ერთი მიზეზი, ჰესების მშენებლობის მიმართ მოსახლეობის პროტესტია, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ვერ ხორციელდება.

დენი

ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან შეადგენდა:

1 – 2013 წელი – 460.5 მლნ კვტ/სთ. (2013 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 484.107 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (484.108 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % – ია, რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 95%-ს შეადგენს.

2 – 2014 წელი – 607 მლნ. კვტ/სთ. (2014 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 793,3 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (793,3 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % – ია), რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 76% შეადგენს.

3 – 2015 წელი – 511 მლნ. კვტ/სთ. (2015 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 630.6 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (699.2 მლნ კვტ.სთ) თითქმის 90.2 % – ია), რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 73% შეადგენს.

ამ ყველაფრის ფონზე, იმით აპელირება, რომ  „დარიალჰესი“ არ უნდა აშენდეს და ის დამღუპველია მოსახლეობისთვის, სრული სიცრუეა. ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს მოსახლეობისგან მაქსიმალურად დაშორებულ ტერიტორიაზე, სადაც დაცულია საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტები. ჩვენ გვჭირდება „დარიალჰესი“, გვჭირდება ჰაერივით, რათა აღმოვფხვრათ ენერგოდეფიციტი და არ ვიყოთ დამოკიდებული გარე მომწოდებლებზე.

საფლავების ამოთხრა არ შეიძლება და არც ამოთხრილა, როგორც კადრებიდან გამოჩნდა, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ არსებობდეს საფლავები.

ის არგუმენტი, რომ დაუშვებელია ხაზების ქვეშ საფლავების არსებობა და იქ აღდგომასა თუ სხვა დღესასწაულებზე მიცვალებულთათვის ასეთ მდგომარეობაში პატივის მიგება, სისულელეა. არ იდარდოთ, ძაბვა ხელს არ უშლის მიცვალებულს სასუფევლის დამკვიდრებაში“, – ამბობს ენერგეტიკოსი „მეტრონომთან“ საუბრისას.

„მეტრონომი“ ამ საკითხებთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, უ წყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

იტვირთბა....