aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

„დემონსტრაციულად დავწვავ ვიზას იტალიის საელჩოს წინ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„იტალიის საელჩოში ახალი კონსულის შემდეგ სიტუაცია გამწვავდა“

“6 პასპორტი, 100 -მდე ქვეყნის მრავალწლიანი ვიზა და ამის შემდეგ იტალიის კონსულმა მკადრა და მხოლოდ 2 კვირიანი ვიზა მომცა, მიუხედავად იმისა, 3 წლიანი მქონდა მოთხოვნილი. ამიტომ შემდეგ კვირას თუ კონსული იმ ვიზას არ გამოცვლის (ყოველგვარი, თავიდან შემოიტანე საბუთების გარეშე ), მე დემონსტრაციულად ვწვავ იტალიის ვიზას იტალიის საელჩოს წინ.  ვისაც მიაჩნია რომ ზოგიერთი საელჩო დაგვცინის ქართველებს, ვიზისა და კონსულის პორტრეტის დაწვის აქციაზე შემომიერთდით. აბა ვნახოთ ვისი აჯობებს!  აქციის ამსახველი ფოტომასალა გაეგზავნება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში  სუროგაციის ცენტრის NEW LIFE GLOBAL NETWORK-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი წერს.

„მეტრონომთან“ ინტერვიუში მან იტალიის საელჩოში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეს მორიგი შემთხვევაა, როცა იტალიის საელჩო ხანგრძლივ ვიზას არ აძლევს ბიზნესმენს, როცა ის ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული. მსგავს შემთხვევაზე, რამდენიმე ხნის წინ „მეტრონომი“ წერდა.

მარიამ კუკუნაშვილი: ამ საელჩოსთან პრობლემების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ათ წელზე მეტია ევროპის მრავალწლიანი ვიზები მაქვს. ფიქსირდება, რომ წელიწადის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში მრავალი შესვლა მაქვს და ეს ვიზები მჭირდება. წინა ვიზაც, ორწლიანი, იტალიის საელჩოსგან მივიღე.  შესაბამისად, უფლება მქონდა სამწლიანი ვიზა მომეთხოვა, მრავალჯერადი შესვლით. ნაცვლად ამისა, ორკვირიანი ვიზა მივიღე, ერთჯერადი შესვლით. ამის გამო სხვა ქვეყნების ვიზიტები ჩამეშალა. მაგალითისთვის, მიწევს ბრიტანეთში გადასვლა, რის შემდეგაც იტალიაში ვეღარ დავბრუნდებოდი. შესაბამისად, ეს ერთჯერადი ვიზა ტყუილად მომცეს.

იტალიის საელჩოში რაც  ახალი კონსული მოვიდა, უფრო გამწვავდა სიტუაცია. მას ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ბევრჯერ უნდა მიგიყვანოს საელჩოში. მაგალითად, შარშან  ჩემი თანამშრომელი საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდა იტალიაში და მას საერთოდ უარი ჩაურტყა, მაშინ როცა მის მეუღლეს თანხმობა მისცა.

ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა. მითუმეტეს, ამ ადამიანს ხელფასი 1500 დოლარი აქვს, ხოლო იტალიაში სამუშაოდ წამსვლელები ანაზღაურების სახით მაქსიმუმ 800 ევროს იღებენ. რატომ უნდა სურდეს უფრო მაღალი ანაზღაურების მქონე პირს იტალიაში დარჩენა? ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, არალოგიკურია. ასევე, ჩემ მშობლებს შეექმნათ შარშან პრობლემა, ახალი კონსულის მოსვლის შემდეგ, როცა მათ უარი უსაფუძვლოდ ჩაურტყა. მითუმეტეს, რომ მათ ყოველთვიური, საკმაოდ სოლიდური სახელფასო ჩარიცხვები ჰქონდათ, ასევე სხვა ფინანსური უზრუნველყოფა ჰქონდათ ჩემი მხრიდან. ამავდროულად, განაცხადში დართული იყო, რომ მშობლები სამოგზაუროდ მიმყავდა. მაშინ კონსულს  ელექტრონული ფოსტით მივწერე წერილი და საგარეო საქმეთა სამინისტროც მოვნიშნე ამ წერილის მიმღებად. დამირეკა კონსულმა, ბოდიში მომიხადა და მითხრა, საბუთები თავიდან შემეტანა. თავი რომ დავანებოთ იმ 150 ევროს, რომელიც ვიზის მისაღებ განცხადებას სჭირდება, საბუთების მოგროვება უამრავ დროსთან არის დაკავშირებული. თუ პროფესიონალია კონსული, ამას უნდა ხვდებოდეს.

კონსულს დღესაც მივწერე და ჩემ ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. განვუმარტე, რომ ნუ დამირეკავს, წინა შემთხვევის მსგავსად და საბუთების ახლიდან შემოტანას ნუ შემომთავაზებს. პირდაპირ ველი მრავალწლიან ვიზას.  მას არანაირი უფლება აქვს, ასე მოიქცეს.

ფეისბუქზე, სადაც 35 000 მიმდევარი მყავს, გავაკეთე განცხადება და ბევრმა ადამიანმა დაწერა, რომ მსგავსი პრობლემები ამ კონკრეტულ კონსულთან მათაც შეექმნათ. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მას ქართველები არ უყვარს და ღია ქსენოფობიაში დასდეს  ბრალი. ნაწილი წერს, რომ სავიზო მომსახურების სააგენტო ფულის საკეთებელ საშუალებად იქცა, სწორედ ამიტომ, შეგნებულად ამტკიცებენ მოკლევადიან ვიზიტებს, რომ რამდენჯერმე შეიტანო განაცხადი და შესაბამისად, რამდენჯერმე გადაიხადო თანხა.

ჩემ მეგობარსაც შეექმნა პრობლემა იტალიის საელჩოსთან: შეიტანა ვიზაზე განაცხადი და საბოლოოდ ვიზა მისცეს არა იმ ვადაში, რა ვადაშიც ბილეთი აყიდინეს, არამედ 4 დღის შემდეგ. არ ვიცი, რამე ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს ამ კონსულს და ხალხის წვალება სიამოვნებს თუ მართლა კორუფციულ სქემასთან  გვაქვს საქმე.

ზოგადად, ძალიან ძნელია კორუფციაში ბრალის დადება, თუმცა ადამიანი მიზანმიმართულად რამდენჯერმე მიიყვანო  და შესაბამისად თანხა დაახარჯვინო, საეჭვოა. მითუმეტეს, რომ ქვეყნიდან იმდენი გასვლა მაქვს, შსს-ს მონაცემებით, პირველ ადგილზე მე ვიყავი და მეორეზე-სააკაშვილი. ჩემნაირ ადამიანს ბევრჯერ რომ მიიყვან საელჩოში და შესაბამისად, თანხას გადაახდევინებ, რა თქმა უნდა, ოფიციალური კორუფციაა.

„მეტრონომი“: რას აპირებთ?

– ამის ასე დატოვებას არ ვაპირებ. როგორც აღვნიშნე, კონსულს წერილი მივწერე და ვნახოთ, მას რა გამოხმაურება ექნება შემდეგ კვირას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონსტრაციულად დავწვავ ვიზას იტალიის საელჩოს წინ და ფოტოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავუგზავნი. მრავალწლიანი ვიზის აღება კი ნამდვილად არ გამიჭირდება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს კომპანია და ოფიციალური მუშაობის უფლება, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსგან შემიძლია მივიღო იტალიის ვიზა.  უბრალოდ, პრინციპული მიდგომა მაქვს ამ კონსულის მიმართ. მე რომ ასეთი პრობლემა შემექმნება, პირს, რომელიც ძალიან ხშირად დადის საქმიანი ვიზიტებით საზღვარგარეთ, რა პრობლემების წინაშე დგებიან საქართველოს სხვა მოქალაქეები, წარმომიდგენია. კონსულს ხალხის ასე წვალება არ უნდა შერჩეს.

უკვე მწერენ ფეისბუქზე, თუ როდის მივდივარ საელჩოსთან. როცა ამ დღეს დავაანონსებ, დარწმუნებული ვარ, საკმაო რაოდენობის ადამიანებთან ერთად მივალ და შესაბამისად, ასე მარტივად არ გადავატარებინებ ამ არაპროფესიონალურ ნაბიჯს.

„მეტრონომი“: მხოლოდ იტალიის საელჩოსთან არსებობს პრობლემები?  სხვა საელჩოებზე რას იტყვით?

მარიამ კუკუნაშვილი: არასდროს მქონია იტალიის საელჩოსთან პრობლემა, სანამ ეს ახალი კონსული არ მოვიდა. საფრანგეთის საელჩოს პრობლემებზე საჩივრები მუდმივად არის. ისინიც ძალიან ცუდად ექცევიან ხალხს. ეს ორი საელჩო განსაკუთრებით უნდა გამოვყო.

„მეტრონომი“: მაშინ, როცა ვიზალიბერალიზაციას ველით, ამგვარი პრობლემები ხელისუფლების რამე ხარვეზს აჩვენებს?

მარიამ კუკუნაშვილი: რა თქმა უნდა, ხელისუფლების სისუსტე ჩანს ამ შემთხვევაში და ეს წინა მთვარობის დროსაც ხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მიმართავ, არ ავლენენ ისეთ პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიცვან. წინა მთვარობაც და ახლანდელიც კოჭს უგორებენ საელჩოებს, რომ არაფერი აწყენინონ, ნაცვლად იმისა, რომ ღირსეულად დადგნენ და იქ მაინც აგებინონ პასუხი, სადაც კანონით ეს შესაძლებელია. თუმცა, ეს კონკრეტული შემთხვევა ალბათ უფრო ერთი ადამიანის არაპროფესიონალიზმისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების პრობლემაა.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....