aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოჩა ჭოლოკავა: „სწორად გაკეთებული ხარჯების ოპტიმიზაცია, მაქსიმალური მოგების საწინდარია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნებისმიერი კომპანიის მთავარი მიზანია, მიიღო მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯებით. ხარჯების ოპტიმიზაცია კი მაქსიმალური მოგების საწინდარია. როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, ამის შესახებ „მეტრონომი“ აუდიტორული კომპანია „არბიტრანსის“ ხელმძღვანელ გოჩა ჭოლოკავას დაუკავშირდა.

მეტრონომი: დავიწყოთ თავიდან, რას ნიშნავს ხარჯების ოპტიმიზაცია?

გოჩა ჭოლოკავა: ხარჯები ოპტიმიზაცია არის კომპანიის ხარჯების მაქსიმალურად, მაგრამ იმ დონემდე შემცირება, რომ არ დაიკარგოს მთავარი მიზანი –  მოგების მიღება. ნებისმიერი კომპანიის მიზანი არის ნეტო აქტივების გაზრდა. ამის ერთ-ერთი საშუალება დაგროვილი მოგებაა.  შეგახსენებთ, რომ მოგების  მიღება შემდეგნაირად ხდება – ვიღებთ შემოსავლებს და ვაკლებთ მას  ხარჯებს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ნაკლებია ხარჯები, მით უფრო მეტი იქნება მოგება. დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როდესაც შემოსავლის ზრდის რესურსების მოძიება ძალიან ძნელია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარჯების ოპტიმიზაციას. თუმცა, ამასაც გარკვეული ფარგლები გააჩნია.

მეტრონომი: რამდენ ნაწილად იყოფა ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი?

გოჩა ჭოლოკავა:  ხარჯების ოპტიმიზაციას რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. ნებისმიერ ბიზნესმენს გააზრებული უნდა ქონდეს მთელი ის სამეურნეო პროცესი, რის შედეგადაც ხდება მოგების მიღება. აი, ამ სამეურნეო პროცესის ყოველ რგოლში უნდა გამოინახოს რესურსები, რომ შემცირდეს დანახარჯები.

მოდით მივყვეთ ბიზნესის პროცესს. ნებისმიერ შემთხვევაში ხდება, რაღაცის შესყიდვა. კომპანია რაღაც აწარმოებს ან რაღაცას ყიდულობს და ყიდის. ყველა კომპანია ცდილობს რომ პროდუქტი დაბალ ფასში იყიდოს. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. შესყიდვის დროს ხდება პროდუქციის ან ნედლეულის დასწყობება. კომპანია ხარჯავს სახსრებს სასაწყობე ფართის იჯარაზე,  კომუნალურ გადასახედებზე, მომსახურე პერსონალზე და ა.შ.  ცხადია, რაც ნაკლები იქნება დასაწყობებული საქონლის ან ნედლეულის რაოდენობა, მით ნაკლები იქნება შენახვის დანახარჯები. ამის გარდა, ნაკლები შესყიდვები ნაკლებ ფულად რესურსებს მოითხოვს. ანუ შემცირდება სესხის ოდენობა, მისი მომსახურების პროცენტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ისიც რომ, არ უნდა შეყოვნდეს წარმოების ან შესყიდვის პროცესი ისე, რომ ამან  შეაფერხოს გაყიდვების პროცესი.

იაპონელებს აქვს JUST IN TIME. მწარმოებელი საქონელს იღებს მომწოდებლისგან იმ ოდენობით, რაც მას უახლეს დღეებში ჭირდება, დიდ ოდენობის ნედლეულის დასაწყობებას არ აკეთებს და საწყობის დანახარჯებიც  მცირე აქვს. ზუსტად იმ რაოდენობას იღებს, რაც ყოველდღიურ წარმოებაში ჭირდება. სხვათა შორის, სხვაგან ამ სისტემამ ვერ იმუშავა. გერმანელებმაც კი ვერ დანერგეს ეს სისტემა. გარდა იმისა, რომ იაპონელებს სხვანაირი მენტალობა აქვთ, მნიშნელოვანია რომ მომწოდებლები განლაგებული არიან ქარხნის ახლოს, რაც ზრდის მათი მხრიდან ოპერატიულობას.

მეტრონომი: რა არის მნიშვნელოვანი საქონლის წარმოების პროცესში და როგორ უნდა მოხდეს აქ ხარჯების ოპტიმიზაცია?

გოჩა ჭოლოკავა: ახლა ვისაუბროთ წარმოებაზე. აქ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სუბიექტური ფაქტის გამორიცხვა. ეს იმის ნიშნავს, რომ მაგალითად, ადამიანმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა,  თავს ცუდად გრძნობს და ა.შ. და შესაბამისად, შრომისუუნაროა. ასეთი ფაქტები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. გამოდის, რომ  ამ ადამიანების შემცვლელები უნდა არსებობდნენ, ეს კი ზრდის წარმოების ხარჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ მაღალკვალიფიციური კადრები. დაბალკვალიფიციური კადრები ნიშნავს, დაქირავებულების სიჭარბეს, უხარისხო პროდუქციას და ბაზარზე რეპუტაციის დაკარგვის რისკს, გაზრდილ დანახარჯებს საგარანტიო მომსახურებაზე.                   ჩემი აზრით, კვალიფიციური თანამშრომლების სახელფასო დანახარჯები ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ოპტიმიზაციას. წარმოების დროს აუცილებელია ახალი დანადგარები. შეიძლება ეს ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ, ნაკლები რესურსი გეხარჯება, ელექტროენერგიაში ცოტას იხდი, რემონტის თანხა გეზოგება. შეცდომის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი.

წარმოების შემდეგ იწყება დასაწყობების პროცესი, გამზადებული პროდუქცია და გაყიდვები. დალაგებული გაყიდვები ანუ როდესაც მზა პროდუქცია სრულად იყიდება და არ ხდება ჭარბწარმოება, ეს უპირველესად გვიმცირემს დასწყობების ხარჯებს, ამცირებს შემოსავლის შემცირების ხარჯებს იძულებითი ფასდაკლებების გამო. ხარჯების ოპტიმიზაციაში  მხოლოდ ფულის არდახარჯვა კი არა, თანხის რაციონალური ხარჯვაც იგულისხმება.

როდესაც უკვე პროდუქტი საწარმოდან წავიდა და არის მაღაზიაში, დახლზე. მაქსიმალურად ნაკლები პროდუქტი უნდა დაბრუნდეს უკან. ანუ ხარისხიანი პროდუქტი უნდა იყოს ნაწარმოები და კონკურენტუნარიანი ფასი უნდა ჰქონდეს, რათა კარგად გაიყიდოს.

ხარჯების ოპტიმიზაციის განხორციელიბისთვის  აუცილებელია სააღრიცხვო – ფინანსური კარგი ”შეფუთვა“.ანუ აუცილებელი კომპანიაში რეალური ფინანსური მდგომარეობის დანახვა.  ძალიან მნიშვნელოვანია კარგი, გამართული ბუღალტერია. ნებისმიერი საქმიანობა შეიცავს რიცხვებს და აქ ყველა დეტალი სწორედ და აკურატულად უნდა იქნას შესრულებული.

მეტრონომი: ხშირად კომპანიის მფლობელები ხარჯების შემცირებას თანამშრომელთათვის ხელფასების დაკლებით იწყებენ, რამდენად მართებულია ეს?

გოჩა ჭოლოკავა: მივადექით ყველაზე მტკივნეულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – ოპტიმიზაცია ხელფასების შემცირების გზით. ხელფასების შემცირება ოპტიმიზაციისთვის საუკეთესო ხერხი არაა და არც თანამშრომლის გაშვებაა გამოსავალი. თანამშრომლის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივესალმები, თუ კი ეს საწარმოო პროცესმა გამოიწვია ანუ ახალმა ტექნოლოგიებმა გაიძულა თანამშრომლის დათხოვნა, რადგან მის ცოდნასა და უნარებს ვეღარ იყენებ. დამქირავებლის მიდგომა უფრო მცირე ხელფასიც ეყოფათ და ამის გამო, შემოსავალი შევუმცირო, ეს სწორი არ მგონია იყოს. როდესაც თანამშრომელს ხელფასს დაუმსახურებლად უმცირებ ნიშნავს, რომ  ის უკვე გულისხმიერებასა და მობილიზაციას  კარგავს, იწყებს ახალ სამსახურის ძიებას და უკვე ყურადღება ეფანტება.

ზოგადად, ადამიანის ხელფასის შემცირება საბოლოო ჯამში მოთხოვნის შემცირებას იწვევს. ადამიანს ფული თუ არ აქვს,  არ შეუძლია საქონლის ყიდვა. თუ საქონელს ვერ იყიდიან ბოლოსდაბოლოს ხომ შენც დაგაკლდება შემოსავალი. ეს ყველაფერი წრეზე ტრიალებს. ხარჯების ოპტიმიზაციის დროს მწარმოებელმა ყველაზე ნაკლები აქცენტი თანამშრომელთათვის ხელფასის დაკლებაზე უნდა გააკეთოს. ნებისმიერი ხელფასის შემცირება შენი პოტენციური კლიენტის დაკარგვაა.  ოპტიმიზაცაი არავითარ შემთხვევაში არ ეხება ინვისტიციებს. პირიქით, ინვესტიციების გაზრდა  ხშირად ოპტიმიზაციის გამო ხდება აუცილებელი.

ინვესტიცია მოგების შემცირებას არ ნიშნავს. ეს ინვესტიციაც აქტივიცაა და მისი მფლობელი ხარ. ხარჯების ოპტიმიზაციის ძირითადი აზრია, რომ მინიმალური დანახარჯებით გაკეთდეს და აეწყოს ბიზნესი კარგად, სწორად და გამართულად. რატომღაც ჩვენი ბიზნესმენები თანამშრომლების ხელფასების კლებით იწყებენ ხარჯების ოპტიმიზაციას, მაგრამ ადეკვატური ანაზღაურების მქონე ადამიანისთვის ხელფასის დაკლება უფრო დააზარალებს კომპანიას. კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა გაუფრთხილდე, მით უმეტეს თუ შენი გაზრდილია. როგორც აუდიტორმა მინდა გითხრათ რომ ფინანსური აუდიტის დროს აუდიტორი უპირველესად აფასებს რა რისკების წინაშეა კომპანია. ერთ-ერთი კრიტერიუმია კადრების დენადობა. თუ დიდია დენადობა, ეს ნიშნავს რომ პრობლემებია კომპანიასა და მის მენეჯმენტში.

მეტრონომი: რატომ „არბიტრანსი“, რატომ უნდა მოგმართოთ ბიზნესმენმა თქვენ, როდესაც მას ხარჯების ოპტიმიზაცია სურს?

გოჩა ჭოლოკავა: ჩვენი კომპანია არის აუდიტორული კომპანია, მაგრამ არა მხოლოდ ფინანსურ აუდიტს ვატარებთ. ჩვენ აგრეთვე სააღრიცხვო სისტემის დანერგვისა და იმპლემენტაციის სპეციალისტები ვართ. აუცილებელია რომ სააღრიხვო სისტემის დანერგვა უნდა მოახდინო  ხარჯების ოპტიმიზაციაზე დაყრდნობით.  თუ კი ჩვენ მოგვმართავს რომელიმე კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ კონსულტაციისათვის, ჩვენ მზად ვართ, მივმართოთ ჩვენი რესურსები ამ მიზნის მისაღწევად.

იტვირთბა....