aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” არ გამორიცხავს, რომ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი კახი კალაძეც იყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბრძოლა რიგითი ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად“ – „ხვალ კიდევ ახალ ვიდეოჩანაწერებს დადებენ, ამ ხალხმა თავზე ხელი უკვე აიღო“

ავტორი: ელზა პაპოშვილი

ბრძოლა რიგითი ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად, – ასე აფასებენ „მეტრონომთან“ საუბრისას ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძეს შორის მოვლენების განვითარებას.

რატომ ამუშავდა სახელმწიფო მანქანა თორდიას წინააღმდეგ, არის თუ არა დღეს ხელისუფლებაში არაფორმალური დაჯგუფება, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს. რას ნიშნავს როდესაც ძალოვანი სტრუქტურები, ყოფილ პროკურორს უთანაგრძნობენ, რა გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ეს ჯგუფი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე? მიანიშნებს თუ არა ეს, რომ ხელისუფლებაში სისტემური კრიზისია?

რა სახის მოვლენების განვითარებას უნდა ელოდოს საზოგადოება, ამ ე.წ. დაჯგუფებისგან, რომელიც შეიძლება ფარცხალაძის უკან იდგეს. ამ კითხვებზე პასუხის  მისაღებად „მეტრონომი“ ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ექსპერტების აზრით, თუ ეს პროცესი ფარცხალაძის სასარგებლოდ წარიმართა, ხვალ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კიდევ რომელიმე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში ცემონ. მათი აზრით, ამგვარ არაჯანსაღ პროცესს, როგორც წესი, განვითარება ახასიათებს.

მათი განცხადებით, მალე გამოჩნდება, სახელმწიფოში ვინ კარნახობს თამაშის წესებს – პოლიტიკოსები, თუ გარკვეული ინტერეს-ჯგუფები, ხოლო პოლიტიკოსები მხოლოდ მათ მომსახურე პერსონალს წარმოადგენენ.

თორდია-ფარცხალაძეს შორის მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, 12 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“ მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო მასთან ერთად ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც იმყოფებოდა და ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შემდეგ კი სიტუაცია ასე ვითარდება, ფარცხალაძე და მისი ადვოკატები მთავარ აუდიტორს კონტრბრალდებებით პასუხობენ და ჩხუბის ინიციატორად თავად თორდიას ასახელებენ.

24 მაისს კი “ფეისბუქ” გვერდმა, სახელწოდებით “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”  ერთ-ერთ ბარში, სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული ჩანაწერი გაავრცელა. გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში ლაშა თორდია მოქალაქეს თავს ესხმის და იარაღით ემუქრება. აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობას თორდიაც ადასტურებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ამუშავდა. მთავარი აუდიტორი მის დაკავებასაც არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი ვიდეოს გამოქვეყნებამდე თორდიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ მის წინააღმდეგ მზადდებოდა კომპრომატების გამომზეურება ვიდეოს სახით, რაც რამდენიმე დღეში გამართლდა კიდეც.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამ საქმეში შეიძლება თორდიაც და ფარცხალაძეც ორივე ცუდი ბიჭია, მაგრამ ამ ამბავში მთავარი ეს არ არის, მისი აზრით, პრობლემა უფრო ღრმა და სავალალოა. ხუხაშვილის აზრით, ბოლოს განვითარებული მოვლენები მხოლოდ ერთზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში  სისტემური კრიზისი არსებობს.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ერთ მხარეს დაჯგუფდა სამართალდამცავი სისტემა, რომელიც საჯაროდ საუბრობს ხელისუფლების მეორე შტოს მიმართ კომპრომატებზე, რომლის ხელმძღვანელადაც ფარცხალაძე იკვეთება. მისი აზრით,  მძიმე კრიზისის განვითარების მოწმეები ვხდებით, სადაც წყდება შემდეგი საკითხი, ფული უკვეთავს პოლიტიკას ამ ქვეყანაში, თუ პოლიტიკაზე მუშაობს ფული.

„თუ ფარცხალაძემ, როგორც არაფორმალური დაჯგუფების წარმომადგენელმა მარტივ დანაშაულთან დაკავშირებით გაიმარჯვა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახიფათო მიმართულებით მივექანებით და სასწრაფოდ უნდა გამოვფხიზლდეთ. ფაქტია, რომ ქვეყანაში უკვე შექმნილია დაჯგუფება, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირებით კომპლექტდება. გამოდის, რომ პოლიტიკა იწყებს მუშაობას არაფორმალური ჯგუფების დაკვეთაზე.

უკვე  ვხედავთ, რომ ფარცხალაძის ფენომენი ერთი ათად ძლიერდება. წარმოგიდგენიათ, რა გავლენის ადამიანი უნდა იყო, მთავარ აუდიტორს ჭკუა მხოლოდ იმის გამო ასწავლო, რომ მან გაბედა და ცემის გამო გიჩივლა?

ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს ადამიანები კაბინეტებში რომელ ჩინოვნიკებს სცემენ? სულაც არაა პრობლემა შუბლის ძარღვი თუ გაიწყვიტეს, ხვალ კიდევ ახალ ვიდეოჩანაწერებს დადებენ, ამ ხალხმა თავზე ხელი უკვე აიღო. პირი მოუსინჯეს საზოგადოებას, ახლა დააკვირდებიან, თუ გაუვათ, გავლენის სფეროებს კიდევ უფრო აშკარას გახდიან.

ვხედავთ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ისე იქცევა, თითქოს სხვა პარალელური ხელისუფლების მეთაურია და მას სულაც არ ეხება ფარცხალაძე-თორდიას ცემა-ტყეპა“ – აცხადებს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც იყოს, ეს შეიძლება დროებითი შეთანხმებული თანამშრომლობა იყოს, რომელიც ორივე მათგანს რაღაც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდება.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ  ქვეყანა შარშია და მთელი სისტემა მობილიზებულია ფარცხალაძის დასაცავად. ხელისუფლება აბსოლუტურ გაუგებრობაშია, საბოლოო დირექტივა პრემიერ-მინისტრისგან არ მიუღიათ და ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ ხელისუფლება რიგითი ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად, მთელ სახელმწიფო მანქანას იყენებს. ბერძენიშვილი სვამს კითხვას, რა არის ამის მიზეზი?

მართლა ფარცხალაძის გადასარჩენად იბრძვიან თუ საკუთარი თავის? რა ამოდის ზედაპირზე, რისი გამოჩენითაც ხელისუფლება ასე შეშფოთდა? ბერძენიშვილის განცხადებით, ფარცხალაძის სახელმწიფო გავლენები ისეთია, რომ ხელისუფლება მასთან რაღაცაში დავალებულია.

მისი თქმით, წარმოუდგენელია საკითხის ასე დაყენება, რომ თორდია თუ უსაქციელოა, ფარცხალაძის შესაძლო კორუფციული დანაშაულები არ უნდა გამოვიძიოთ. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში საკუთარ ინტერესებს იცავს, რადგანაც ამ ადამიანთან თავად არიან მიბმულები. მისი ჩაძირვით, ისინი ზემოდ ვერ დარჩებიან, ამიტომ ფარცხალაძის ჩაგდებას, ამოთრევა ამჯობინეს.

„ხელისუფლება კორუფციაშია ჩაბმული და ამას მალავენ. აქ მარტო ერთი რიგითი კაცის ფარცხალაძის პრობლემა არ დგას. ხელისუფლებაში სისტემური უპასუხისმგებლობაა, კრიზისი საზოგადოებაშია, რომელმაც ეს ხელისუფლება მოიყვანა. ხელისუფლებას პრობლემა მანამდე არ ექნება, სანამ ის უმრავლესობაში იქნება და იმას იზამს რაც თავად უნდა.

საქმე იმაშია, რომ ფარცხალაძე ამ კორუფციულ სქემაში, ერთი ჭანჭიკი მგონია, რომლის უკანაც კიდევ უფრო სერიოზული ფიგურები დგანან. რაც შეეხება პროკურატურის ქმედებას, რომელიც ასე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით არის დაკავებული, უკვე გულის ამრევია და სახელმწიფო როგორც კრიმინალი ისე იქცევა.

პროკურატურაში სიტუაცია აქეთ არის შესასწავლი, მაგრამ ვინ შეისწავლის? მსგავსი ფარული კადრებით ომს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნამდვილად ველოდები. არ არის გამორიცხული კიდევ სხვა პოლიტიკოსების თუ თანამდებობის პირების ფარული ჩანაწერები გამოაშკარავდეს და გვაყურებინონ, თავში ვინ ვის წამოარტყა“, – ამბობს ბერძენიშვილი „მეტრონომთან“.

მისი თქმით, ადგილობრივ არჩევნებში გამოჩნდებიან სუფთა ადამიანები, რომელთაც არც ფული აქვთ და საქეიფოდაც კლუბ-ბარებში არ დადიან. გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც არანაირი ფარული ვიდეოკადრები არ არსებობს. ბერძენიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი თუ მოინდომებს ასეთ ადამიანებს იპოვის და ფარცხალაძე-თორდიას ცემის გარჩევით აღარ შეწუხდებიან.

 

 

იტვირთბა....