aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

გია ნოდია: პატრიარქის ინიციატივას მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ გამოიყენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან „ვაჭრობს“. მისი აზრით, კომისიის რეკომენდაციები ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებულია და პრეზიდენტის არჩევის წესიც სწორედ ამ კონტექსტშია განხილული. შესაბამისად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომისია „ოცნების“ აზრს იზიარებს.

ნოდია პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის პირდაპირი ეთერით კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან პიარის ნაწილია და მას რაიმე სერიოზულ განსჯასთან საერთო არა აქვს. მისი აზრით, ეს პირად საქმის გარჩევას უფრო ჰგავს, ვიდრე არსებული პრობლემის მოგვარების მცდელობას.

პოლიტოლოგი გია ნოდია “მეტრონომთან” ინტერვიუში ბოლო დროს პოლიტიკაში მიმდინარე ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობს.

„მეტრონომი“: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სთავაზობს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში იმსჯელონ.

პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობას, თუმცა აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის. რას იტყვით ამ ურთიერთ შეთავაზებების შესახებ?

გია ნოდია: აქ პიარზე ზრუნვა უფრო შეიმჩნევა, ვიდრე კონსტიტუციის შინაარსზე მსჯელობის სურვილი. ეს პრობლემური საკითხი პირადად ირაკლი კობახიძის და მარგველაშვილს შორის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ინსტიტუციური საკითხი, თუ როგორ უნდა იქნას კონსტიტუცია განხილული. გამოდის რომ მმართველი გუნდი, ერთმანეთისგან ვერ არჩევს პრეზიდენტს და გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას. თუ გიორგი მარგველაშვილზე გაბრაზდებიან, მაშინვე გამოდიან ინიციატივით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო შესუსტდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი დაობენ იმის შესახებ, თუ ვინ სად უნდა მივიდეს. ეს ცოტა არასერიოზული საკითხია და პირად კინკლაობას უფრო ჰგავს.

-როგორ შეაფასებთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას? ექსპერტების განცხადებით, დასკვნა არც ისეთი დრამატული აღმოჩნდა, როგორც ამას მმართველი გუნდის ოპონენტები პროგნოზირებდნენ. თუმცა არც სასურველი ოპტიმისტური შედეგი მიიღო უმარავლესობამ. რატომ არ გამართლდა არცერთი მხარის მოლოდინი?

-ვენეციის კომისიის დასკვნაში კრიტიკული შენიშვნები იყო, როგორც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში. კომისია, ჩვეულებრივ, ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაზე მსჯელობს, ამიტომ მათი მხრიდან სიმკაცრეს არც ველოდი. ვენეციის კომისიამ შეიძლება არც გააკეთოს კომენტარი, თუ რომელი სისტემა ჯობია საქართველოს კონტექსტში, რადგან არ მიიჩნევს, რომ ეს მისი უფლებამოსილებაა.

თუმცა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კომისიამ პრაქტიკულად განაცხადა, რომ არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად მისაღებია და ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება; მაგრამ საქართველოში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია გვაქვს, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გაუქმება, ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ნიშნავს.

– ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიასთან გარკვეულ საკითხებზე „ვაჭრობს“. ეს მოსაზრება საფუძვლიანია?

-რა თქმა უნდა, ასეა. „ქართულ ოცნებას“ ყველანაირად უნდა, რომ თავისი ვარიანტი გაიტანოს, მაგრამ, ასევე, სათქმელი ჰქონდეთ, რომ ვენეციის კომისიის პოზიციას იზიარებენ და მასთან წინააღმდეგობაში არ არიან. მათ სურთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მაქსიმალურად შერბილდეს.

– რაც შეეხება ბოლო პერიოდის ასევე აქტუალურ თემას – ნარკოპოლიტიკას, მმართველი გუნდი მის გადახედვას შეუდგა. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხნის განმავლობაში ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა რატომ დადგა? ეს განაპირობა თუ არა „ბირჟა მაფიის“ დაკავების ფაქტმა და იმ სპონტანურმა მასობრივმა პროტესტმა, რომელიც რეპერების დაკავებას მოჰყვა?

-რა თქმა უნდა, რომ ეს „ბირჟა მაფიის“ წევრების დაპატიმრების შემდეგ გამართულ აქციას უკავშირდება. მთავრობას ამ აქციის შეეშინდა, რადგანაც ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე განცხადებები, სწორედ აქციის მსვლელობის დროს გაკეთდა (კახა კალაძის შემთხვევაში – აქციის შემდეგ).
თუმცა ვფიქრობ, რომ კალაძის განცხადება, მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ის აპირებს რომ თბილისის მერობაზე კენჭი იყაროს და მას სწორედაც, რომ იმ ახალგაზრდების ხმების მიღება სურს, რომლებიც არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. ცალსახად ნათელია, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე ახალგაზრდებში საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება სურს.

-გუშინ პატრიარქმა საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ესეც შეიძლება მმართველმა გუნდმა გარკვეული ქულების დასაწერად გამოიყენოს?

-პატრიარქს შეუძლია ნებისმიერი აზრი ჰქონდეს და მსგავსი განცხადება მას ადრეც გაუკეთებია. თუმცა აქაც ძალიან კომიკური სიტუაციაა, როდესაც მთელი მმართველი გუნდი, ერთხმად ეთანხმება პატრიარქის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. თუ კარგი აზრია, მაშინ ხუთი წელი ხელისუფლებაში არიან და მსგავსი სურვილი რატომ არასდროს ჰქონიათ? როგორც ჩანს, ესეც წინასაარჩევნო პიარია.
ხელისუფლებას ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. განსაკუთრებით არჩევნების წინ; საჭირო მეკავშირეა და ხელისუფლების რეაქციაც სწორედ ამით არის განპირობებული. პატრიარქის პატივისცემის მიუხედავად, მაინცდამაინც რაციონალური იდეა არ არის. მონარქიის აღდგენა საკმაოდ ძვირადღირებული საკითხია.

-გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქართული მხარე გამოძიების ფალსიფიცირებას ახდენს. წაშლილია ვიდეო ჩანაწერები და გამოძიება არასწორი გზით მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, ყველაზე კარგ ვარიანტში, გამოძიების შედეგი რა იქნება?

-უკეთესი ვარიანტი, ვფიქრობ, არ არსებობს. გამოძიებას ატარებს თავად ეჭვმიტანილი ხელისუფლება, რომლის ინტერესშივე შედის, რომ საქმე მაქსიმალურად დაფაროს. გამოძიება ტარდება არა გამოძიებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დანაშაულის კვალი დაიფაროს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი 

იტვირთბა....