aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ბურჭულაძე ხმებს უფრო „ქართულ ოცნებას“ წაართმევს, ვიდრე ნაციონალებს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ გია ნოდიასთან

წინასაარჩევნოდ, ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე გაჩნდა პაატა ბურჭულაძის სახით. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.

„25 წელი – იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი – ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შეუძლებელია ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს“. – ასე აფასებს  ბურჭულაძე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მმართველი ძალა ბურჭულაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს უწოდებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ის პოლიტიკოსად ვერ შედგება.

„პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერალს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, ეტყობა, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა “ქართული ოცნებისგან”. ამიტომ გადაწყვიტა თავისი გზით სიარული“. – ამბობს „ქართული ოცნების“ ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

რა პერსპექტივები აქვს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში, კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ და სხვა საკითხებზე „მეტრონომს“ პოლიტოლოგი გია ნოდია ესაუბრა.

 

„მეტრონომი“: პაატა ბურჭულაძემ ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ბურჭულაძე პოლიტიკორ პროცესებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს? როგორ აფასებთ მის შესაძლებლობებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე?

გია ნოდია:  მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ყველა ელოდა ამ გადაწყვეტილებას. როგორც კი შექმნა თავისი ორგანიზაცია, ისე იქცეოდა ყველამ ჩათვალა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მას აქვს შანსი იმის, რომ ძალთა განლაგებაზე გავლენა მოახდინოს. ყოველ შემთხვევაში, გამოკითხვები ამას მოწმობს.

– თქვენ ცოტა ხნის წინ დაწერეთ, რომ პროდასავლური ძალების დაქსაქსვით ისინი ხმებს წაართმევენ ერთმანეთს. ბურჭულაძის შემთხვევაშიც ასე მოხდება?

ჯერ ჩემთვის არ არის ნათელი ვინ არის ბურჭულაძის ამომრჩეველი და მათი პროფილი. პროდასავლურობა ფართო ცნებაა. ნაკლებად მგონია, რომ ბურჭულაძემ ხმები „ნაციონალურ მოძრაობას“ წაართვას. ის ალბათ, ხმებს უფრო პოტენციურ „ქართული ოცნების“ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ძირითადად იმ ამომრჩევლის იმედი აქვს, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია. ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა მიიზიდოს იმ ამომრჩევლის ხმები, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა.

„გირჩის“ შემთხვევა ცოტა განსხვავებულია, მას ნაკლები შანსი აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის, ამიტომ მისთვის მიცემული ხმები დაიკარგება და ავტომატურად გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ ძალებზე: „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ , ინაშვილის პარტიაზე და ა.შ.

– წინასაარჩევნოდ ახალ-ახალი ძალები ჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი ვაშაძეც გეგმავს პარტიის შექმნას. თქვენი აზრით, ეს „გადაუწყვეტელი“ 60% ამ ლიდერების პროვოცირებას ახდენს გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში?

– როგორც ჩანს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა არჩევნების წინ, ჩნდებოდნენ ახალი სუბიექტები, რომელთაც ჰქონდათ იმედები, მაგრამ მათი დიდი ნაწილისგან არაფერი არ გამოდიოდა. ვაშაძის შემთხვევაში ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ის რაღაც სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, თუმცა ბურჭულაძეს პარლამენტში მოხვედრის ძალიან მყარი შანსი აქვს.

– „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ მინდა გკითხოთ… ბოლო პერიოდში პარტია რამდენიმე ლიდერმა დატოვა და მათი მოტივები  თითქმის  იდენტური იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიაში კრიზისია?

– თავისთავად არ ვეთანხმები იმას, რომ „გირჩის“ ან ვაშაძის წასვლა არის პარტიის კრიზისი. რა თქმა უნდა, პარტიისთვის ეს არასასიამოვნოა,  „გირჩების“ შემთხვევა უფრო არასასიამოვნო იყო, რადგან მაინც ოთხი ადამიანი იყო. ბოლო შემთხვევაში მხოლოდ ერთი  წავიდა, რაც იმდენად მტკივნეული არ არის. რაც შეეხება განახლებას, ისინი ვინც მიდიოდნენ თვითონ იყვნენ ახალი სახეები პარტიის და თვითონ ისინივე აპროტესტებდნენ, რომ პარტიაში ახალი სახეები არ იყვნენ. რას ჩავთვლით განახლებად, ეს სუბიექტური შეფასების საკითხია, ყოველ პარტიას სჭირდება განახლება, თუმცა სტაბილურობაც.

– როდესაც პარტიაში წლების განმალობაში ერთი და იგივე ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს ეს სწორია?  ვაშაძე ამბობდა, რომ განახლება ფორმალურად ხდებოდა…

– რეალურად ასე არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი  ლიდერები ან ციხეში არიან ან ემიგრაციაში, ასე რომ, განახლება სწორედაც რომ მოხდა.

 

-„რესპუბლიკურ პარტია“ „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუპირისპირდა. ნაწილი თვლის, რომ მეჭიაურის სახით პარტიის წევრებს ივანიშვილი უპირისპირდება. იზიარებთ ამ შეფასებას?

– ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მეჭიაური თოფაძესთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „რესპუბლიკელების“ ღია კრიტიკა დაიწყო და ამას მოჰყვა ფორმალური განხეთქილება „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ოღონდ, ეს იყო ნაწილობრივი განხეთქილება იმ აზრით, რომ ჯერჯერობით თანამდებობები შეინარჩუნეს.

სავსებით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ მეჭიაური, არამედ ბიძინა ივანიშვილიც თვლიდეს, რომ თუ მიდიან ბარემ ბოლომდე წავიდნენ. თვითონ „რესპუბლიკელებში“ როგორც ჩანს გარკვეული ორჭოფობაა ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში რაღაც ხმებია მათ შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზე. ეს პრინციპში ლოგიკურია, რადგან ისინიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, რადგან ნახევრად წასულები და ნახევრად ისევ იქ არიან.

– ივანიშვილს „რესპუბლიკელების“ გაშვება რომ სურდეს, მეჭიაურის გარეშეც მოახერხებდა ამას ადვილად..

– შესაძლოა, ღიად დაპირისპირება არ უნდა. იმის ჩვენება, რომ  ღიად აგდებენ „რესპუბლიკელებს“ არ უნდა და უფრო  მოსწონს ისეთი ვითარება, როდესაც ისინი იძულებულნი იქნებიან წავიდნენ. შესაძლოა ივანიშვილი პირდაპირ ბრძანებებს არ იძლეოდეს, მაგრამ მის განწყობას გრძნობდეს მეჭიაური და აქედან გამომდინარე აკეთებდეს განცხადებას, ან მართლაც საკუთარი ინიციატივით ამბობდეს ამას, რადგანაც გრძნობდეს პარტიაში არსებულ განწყობებს. ყველა ვარიანტი შესაძლებელია.

– მეჭიაური საგარეო კურსთან დაკავშირებითაც აკეთებს განცხადებებს და ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ ეცდება ე.წ პრორუსული ელექტორატის ხმების მიღებასაც. შესაძლოა მეჭიაური ამგვარი განცხადებებით ამ ადამიანების ხმების მოპოვებას ცდილობდეს პარტიისთვის?

სავსებით შესაძლებელია  წინასაარჩევნო თამაშიც იყოს. მაგალითად, კვირიკაშვილი იზიდავს პროდასავლურ ამომრჩეველს და მეჭიაური ანტიდასავლურს. შესაძლოა ეს „ქართულ ოცნებას“ ნეგატიურად შემოუბრუნდეს, რადგან თვითონ არ იციან რა არის მათი პოლიტიკა,  საკუთარ სახლში ვერ ამყარებენ წესრიგს. შესაძლოა ვიღაც პოლიტკონსულტანტს იმედი ჰქონდეს, რომ შედარებით უფორ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებსაც ჰქონდეთ დასაყრდენი „ქართულ ოცნებაში“.

– მინდა მომავალ პარლამენტზეც გკითხოთ. ნაწილი ამბობს, სავარაუდოდ კვლევებზე დაყრდნობით, 2016 წელს  კოალიცია უკვე პარლამნტში შეიქმნება. თქვენც იზიარებთ ამ აზრს?

– არ ვიცით რა მოხდება არჩევნებზე, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ საზოგადოების განწყობას, გნებათ კვლევებით დადასტურებულს, თუ ზოგადი შთაბეჭდილებით, ნამდვილად არ აქვს არცერთ პარტიას გადამწყვეტი უპირატესობა, გაუჭირდება ნებისმიერ მათგანს ცალსახა უპირატესობით მოსვლა და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სხვა გზა არ არის, შეიქმნება კოალიცია. კოალიციაში ვინ შევა და ვინ არ შევა, ამის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია,  ჯერ არჩევნების შედეგები უნდა ვნახოთ.

– თქვენი აზრით, წინასაარჩევნოდ რატომ არ ხდება ალიანსი პარტიებს შორის? მათი შესაძლებლობები ხომ უფრო გაიზრდება

– ის პარტია, რომელსაც აქვს შანსი  მოხვდეს პარლამენტში მას არაფერში აწყობს სხვა უფრო სუსტი პარტია შემოიკედლოს და პარტიულ სიაში ადგილები გაუყოს. მაგალითად, „ნაციონალებსა“ და ალასანიას ნამდვილად მყარი შანსი აქვთ, რომ პარლამენტში მოხვდებიან და რატომ უნდა შემოიკედლონ ვიღაც სხვა. ვისაც არ აქვს შანსი, ან ძალიან მცირე აქვს. მაგალითად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ შეიძლება ვიღაც პარტნიორი ეძებოს, ვთქვათ ალასანიასთან. ალასანიას არ აქვს ინტერესი, რომ „რესპუბლიკელები“ შემოიკედლოს. თუ შენ გაქვს გარანტირებული ადგილი პარლამენტში, რას იგებ იმით, რომ „რესპუბლიკელებიც“ დაიმატო?!

– დეპუტატების რაოდენობას პარლამენტში მნიშვნელობა ხომ აქვს..

დეპუტატების რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ ალასანია 10 დეპუტატს ვარაუდობს და რესპუბლიკელებთან ერთად ექნება 12, ათი და ორი კი არ იქნება იქ ალასანიასა  და „რესპუბლიკელების“ წილი, არამედ 8 და 2, ამიტომ გამოდის, რომ ალასანია აგებს და „რესპუბლიკელები“ იგებენ.

– მმართველ ძალაზეც  ვისაუბროთ.. შეძლებს ის ელექტორატის ისე მობილიზებას, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს?

– საერთოდ, გამარჯვებას თუ მოიპოვებენ ამაზეა საუბარი, ეს პრობლემა აქვთ. დღევანდელი მდგომარეობით, თუ პატიოსანი არჩევნები იქნება მათ ძალიან მცირე შანსი აქვთ გამარჯვების. ცხადია, პარლამენტში მოხვდებიან, შეიძლება სხვაზე მეტიც აიღონ, მაგრამ იმის გარანტიაც არ არის, რომ სხვაზე მეტს აიღებენ. საერთოდ არჩევნების მოახლოების წინ მმართველ ძალებს ახასიათებთ საზოგადოებისთვის მოსაწონი ნაბიჯების გადადგმა, ან დაპირებები. ამით ისინი უფორ მეტი ამომრჩევლის მიზიდვას ცდილობენ.

-კვირიკაშვილმაც არ გაამართლა?  მის „ეფექტს“ წინასაარჩევნო პროცესებში  ვერ ხედავთ?

– ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მოქმედებდეს. კვირიკაშვილის ეფექტი უფრო  მოქმედებს NGO-ზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკურად აქტიურ  ხალხზე, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობისთვის რა დიდი განსხვავებაა კვირიკაშვილი იქნება თუ ღარიბაშვილი? კვირიკაშვილი თუ უფრო სიმპათიური ტიპია, ან უფრო კორექტული ადამიანი,  ამას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....