aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, აივანზე ოთხი ძირი კანაფის მომყვანისთვის კაცს სასამართლომ ვერაფერი შეუფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმელ ჯამბულ გვიანიძეს პროკურატურა საკუთარი სახლის აივანზე მარიხუანას დათესვას და მოყვანას, ასევე მარიხუანას შენახვას ედავებოდა.  ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას მოსამართლე ლევან გელოვანმა ვერაფერი მიუსაჯა. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯამბულ გვიანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა,  რომელმაც მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას დათესვისა და მოყვანისთვის არაკონსტიტუციურია.

გვიანიძეს 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის 4-დან 7 წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნედლი კანაფი 151 გრამზე მეტი იქნებოდა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ამოღებული ნედლი კანაფი კი 150-მდე გრამი იყო.

პარლამენტს ამ დრომდე არ დაუდგენია, რა ფორმით უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც 151-მდე გრამი კანაფი მოიყვანა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, კანაფის მოყვანა დასჯადია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს არც ერთ კონკრეტულ სასჯელს ამ დანაშაულისთვის.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ველოდით. ჯამბულ გვიანიძე დამნაშავედ მიიჩნიეს, მაგრამ სასჯელის გარეშე,“ – ამბობს ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

ჯამბულ გვიანიძეს კანაფის მოყვანის გარდა მარიხუანას შეძენა-შენახვასაც ედავება გამოძიება. პროკურატურა ჯამბულ გვიანიძისთვის სასჯელის შეფარდებას ამ ნაწილშიც ითხოვდა. ამ შემთხვევაში პროკურატურა  2017 წელს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც 70-მდე გრამ მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაადგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, რომელიც პროცესზე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ბრალდებულს მარიხუანა შარვლის ჯიბეში 2015 წელს უპოვეს, ჯარიმის შეფარდების უფლება კი, სასამართლოს 2017 წელს მიეცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯამბულ გვიანიძეს ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის შესაბამისად მხოლოდ კონკრეტული უფლებები შეეზღუდა სამი წლის ვადით, ესენია: სატრანსპორტო საშუალების მართვის, ასევე პედაგოგიური, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის უფლებები. მსჯავრდებულს ასევე არ ექნება იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ჯამბულ გვიანიძე ამბობს, რომ კანაფი პირადი მოხმარებისთვის 25 წელია მოჰყავს.

იტვირთბა....