aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რას გამოიწვევს ახალი ცვლილება: კერძო ტელემაუწყებლები პარლამენტს მიმართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კერძო ტელემაუწყებლები პარლამენტს განცხადებით მიმართავენ, რომელიც ეხება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ინიცირებულ პროექტი ”მაუწყებლობის კანონში ცვლილებების შესახებ”. პროექტის მიხედვით, ”საზმაუწყებელს” სრულად ეხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ მხრივ უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციებს, რომელიც ეხება რეკლამის მოზიდვის ნაწილს. ახალი ინიციატივით, მაუწყებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო რეკლამის გასაშვებად.

გთავაზობთ კერძო ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი მოითხოვენ, პარლამენტმა უარი თქვას ”მაუწყებლობის შესახებ კანონში” იმ ცვლილებების შეტანაზე. ”გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით:

1 – პროექტი ინიცირებულია გაუმჭვირვალედ. სამუშაო ჯგუფში მისი განხილვა მიმდინარეობდა დაინტერესებული მხარეების და ამ სფეროს პროფესიონალების მონაწილეობის გარეშე. პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური ექსპერტული დასკვნა. პროექტის განმარტებით ბარათში მინიმალურადაც კი არ არის დასაბუთებული ამ ცვლილების აუცილებლობა და არ არის წარმოდგენილი თუნდაც ზედაპირული გათვლები – რას გამოიწვევს ეს ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, კერძო მაუწყებლებისთვის და მთლიანად სარეკლამო ბაზრისთვის.

2 – საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტით გარანტირებული წლიური დაფინანსება მუდმივად აღემატება მთლიანი ტელე სარეკლამო ბაზრის მოცულობის 50%-ს. შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე. გარდა ამისა, ყველა ქართული ტელევიზიის ჯამური წლიური შემოსავლისა და მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის შედარება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა არ გახლავთ ბიუჯეტის სიმცირე და პრობლემების მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ.

3 – გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამგვარი შეზღუდვები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამოქმედდა 2015 წლიდან. მაშინ პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა კომერციული მაუწყებლებისთვის შეზღუდული სარეკლამო ბაზრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული გავლენისგან თავისუფლების მოტივაციით. ცხადია ეს გარემოებები დღემდე აქტუალურია.

4 – საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს არაერთ არხს და მისი ტექნიკური რესურსი საშუალებას აძლევს გაზარდოს არხების რაოდენობა, მენეჯმენტი საუბრობს ახალი სპორტული არხის შექმნაზე, ყოველი ახალი არხი კი დამატებითი სარეკლამო დროა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

5 – 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რეკლამითა და სპონსორობით მიღებული შემოსავალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, რაც საფუძველს აცლის ცვლილების დასაბუთებას და ადასტურებს მის პრობლემურობას.

6 – გარანტირებული შემოსავლები ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს საშუალებას სარეკლამო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშე გახდეს – დემპინგური ფასებით და გაუგებარი ფასწარმოქმნის პრინციპით, რითაც დააზარალებს სარეკლამო ბაზარს და განსაკუთრებულ ზიანს მიაყენებს რეგიონულ და მცირებიუჯეტიან მაუწყებლებს. თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით კი იქმნება კორუფციის რისკები.

7 – სპონსორობა ქმნის გადაცემის შინაარსზე უფრო მეტი გავლენის მოხდენის საფრთხეს და ეწინააღმდგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ იდეას – იყოს თავისუფალი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენისაგან. იგივე საფრთხეს შეიცავს კომერციული რეკლამაც. შეგახსენებთ, რომ ორი მოსმენით უკვე მიღებულ კონსტიტუციის პროექტში არის ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული გავლენისგან დამოუკიდებლობის თაობაზე.

8 – 2015 წელს კერძო ტელეკომპანიებისთვის სარეკლამო რეგულაციების გამკაცრებისას ინიციატორების ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი მომხმარებლის უფლებები და მაყურებლისთვის რეკლამის განთავსებით შექმნილი დისკომფორტი იყო. იმ ფონზე, როცა კერძო მაუწყებლებისთვის რეკლამა და სპონსორობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ისინი არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და არც მაყურებლის ჯიბიდან. გაუგებარია, რა არგუმენტი აქვთ პროექტის ინიციატორებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რომელსაც მაყურებელი საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს – რატომ უნდა უქმნიდეს მაყურებელს დისკომფორტს რეკლამა და სასპონსორო ტიხრები იმ არხზე, რომელსაც ისედაც საკმარის ფულს უხდის.

9 – მაუწყებლობის შესახებ კანონი არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის მენეჯმენტის დაუსაბუთებელი სურვილების აღსრულების დოკუმენტი, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახლავთ რამდენიმე ადამიანის საკუთრება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული კანონის ავტომატურად, კრიტიკული ანალიზის, მხარეების ჩართულობის და ფართო განხილვის გარეშე მიღება ეჭვქვეშ დააყენებს საკანონმდებლო ორგანოს კეთილსინდისიერებას და კვალიფიკაციას.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ პარლამენტმა უარი თქვას მაუწყებლობის შესახებ კანონში იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას. პროექტის განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ფართო საზოგადოებრივი განხილვის უზრუნველყოფით”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართავს ხელს აწერენ ტელეკომპანიები: ”რუსთავი 2”, ”კომედი არხი”, ”მარაო”, ”TV პირველი”, ”TV პალიტრანიუსი”, ”კავკასია”, ”სტარვიზია”, ”მედია-კავშირი ობიექტივი”, ”გურია TV”, ”ოდიში TV”, ”მეცხრე ტალღა”, ”კოლხეთი 89”, ”ჯიხა”, ”რიონი TV”, ”TV ზარი”, ”იმერვიზია”, ”არგო TV”, ”დია”, ”მეცხრე არხი”, ”ბორჯომი ტვ”, ”ATV12”, ”ფარვანა”, ”ქვემო ქართლი TV”, ”მარნეული TV”, ”ბოლნელი TV”, ”TV თანამგზავრი გურჯაანი”, ”TV ეგრისი” და ”TV 25”.

იტვირთბა....