aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალაფიშვილი: გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლას მხოლოდ შსს ვერ შეძლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურისტი ლევან ალაფიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში, ქვეყანაში ბოლო დროს, კრიმინოგენული ვითარების გააქტიურებას აფასებს. მისი თქმით, რადგანაც საზოგადოებაში განცდა არსებობს, რომ ქვეყანაში კრიმინალის მატებაა, ეს რეალობაა. თუმცა მსგავსი სიტუაცია ყველა ხელისუფლების დროს იყო და ამ კუთხით  ახალი არაფერია. იურისტი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი  კრიმინალურ ფაქტებზე ღიად საუბარი გახდა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული ფონი შექმნა.

ალაფიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს აზრი სწორედ ის არის, რომ საკუთარ მოსახლეობას ისეთი ცხოვრების პირობები შეუქმნას, რომ მსგავსი ფაქტების შემცირება მოხდეს.  იურისტი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დანაშაულის ზრდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური ფონის ბრალია. შესაბამისად, ამ პრობლემის ერთ უწყებაზე დაბრალება და ხელის შეწმენდა სწორი არ იქნება. იურისტის აზრით, ამ მძიმე კრიმინალურ ფონთან ბრძოლაში მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო უძლურია და მას როგორც საზოგადოება, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურები უნდა დაეხმარონ.

„მთავრობის ლიდერებთან ერთად  საზოგადოებამ კრიმინალთან ბრძოლაში საკუთარი მოვალეობები უნდა გაათვითცნობიეროს. რეალურად სადაც სოციალური ფონი მძიმეა იქ ადამიანის ცნობიერებიდან გამომდინარე დანაშაულის ჩადენის რისკები უფრო მაღალია. ჩემთვის მთავარია, მთავრობამ გააცნობიეროს, რომ  დანაშაულთან ბრძოლა კომპლექსურად არის საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, ქვეყანაში სიტუაცია თუ არ შეიცვალა და რიგი პრობლემების მოგვარება არ მოხდა, ის ამ ბრძოლაში უძლურია. კომპლექსურად ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს. მას ექნება კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება, თუმცა პრევენციისთვის მისი თავიდან აცილება ყოველთვის გაუჭირდება. პირიქით, შესაძლოა, რომ საწინააღმდეგო შედეგი მივიღოთ, რომლის ცუდი გამოცდილება უკვე გვაქვს. მივიღებთ ერთ გაძლიერებულ სისტემას, რომელიც უკანონო ქმედებებს აქეთ ჩაიდენს. პოლიციურმა სისტემამ უკვე დაგვაზარალა და აქეთ წასვლა კიდევ უფრო ბევრ პრობლემებს მოგვიტანს.

ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ არასრულწლოვნებში დანაშაულმა იმატა. ამ პრობლემასთან ბრძოლა, მხოლოდ შსს პრეროგატივა არ არის. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლების სამინისტროს ეკისრება. რიგი რეფორმები, რომელსაც უწყება ამ მიმართულებით გეგმავს, განათლების სამინისტროს დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ იზამს. ასევე,  საზოგადოებრივ და სამოქალაქო განათლებაზე მსჯელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს“,-ამბობს „მეტრონომთან“ ალაფიშვილი.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....