aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რესპუბლიკური” პარტია: “საქართველომ ერევანში მიმდინარე მოვლენებს მხარი უნდა დაუჭიროს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია ყურადღებით აკვირდება მეზობელი სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიული უფლებების დაცვისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებს. აქციებს ხელმძღვანელობს ლიბერალური მიმართულების პარტია, რომელიც ღიად უპირისპირდება ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნას და ევროპული ინტეგრაციის ფლაგმანია ქვეყანაში.

ჩვენი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად განახორციელა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან თითქოს გადავიდა საპარლამენტო–რესპუბლიკურ მოდელზე, მაგრამ სინამდვილეში იმავე პოლიტიკური სახეებით ჩამოყალიბდა “პრემიერის რესპუბლიკის” კლანურ–ავტორიტარული სისტემა.

ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის ხელისუფლების ლიდერის ცინიკური მოქმედება, როდესაც მან სატელევიზო ეთერში საჯაროდ ოპოზიციის ლიდერის ნიკოლა პაშინიანის მიმართ გაჟღერებული მუქარები მყისიერად აღასრულა, რასაც მოჰყვა როგორც პაშინიანის და ოპოზიციის სხვა ლიდერების, მათ შორის სამი პარლამენტარის, დაკავება, მათ წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წაყენება და ძალისმიერად ჩამოცილება საპროტესტო აქციებიდან.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, “ხავერდოვანი ბრძოლა” ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (liberal international), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....