aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს მოუწოდებს, “ენმ-ს” მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საქართველოს პატრიოტებს” საქართველოს პარლამენტში შეაქვთ რეზოლუცია, რომლის მიზანია, საკანონმდებლო ორგანომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცეს. ამის შესახებ ბრიფინგი „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერებმა პარლამენტში გამართეს.

ირმა ინაშვილის განცხადებით, სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა, რომელმაც არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია. ინფორმაციას “1ტვ”ავრცელებს.

„ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 10 ივნისის დადგენილებაში; სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 კაცი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 – პოლიტდევნილად“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობა დააგვირგვინა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით.

„სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, 14 ივნისს, „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ გაახმოვანა ვერსია, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს იყო მოსკოვსა და თბილისში მყოფი ადამიანების გარიგების შედეგი. კონკრეტულად, არკადი დვორკოვიჩისა და გიგა ბოკერიას გარიგების შედეგი, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან იცნობენ – ჭადრაკის სფეროდან. შეგახსენებთ, რომ ბატონი დვორკოვიჩი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის მედვედევის თანაშემწე გახლდათ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტებმა“ პროკურატურას მიმართეს, მაქსიმ შევჩენკოს ვერსიაზე დაიწყოს გამოძიება ბოკერიასა და დვორკოვიჩს შორის შესაძლო გარიგების თემაზე.

ამასთან, „საქართველოს პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ უნდა დაკითხოს თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ბოკერიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„იზორიამ განაცხადა რა, რომ სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობის პერიოდში, 2005-2008 წლებში, ზუსტად აგვისტოს ომის წინ, უკვალოდ გაქრა 32 მილიონი დოლარი, ხოლო 2012 წელს დაიკარგა 8 მილიონი ევრო, ეს სახსრები სამხედრო ტექნიკის შესაძენად იყო გათვალისწინებული.

ბატონმა იზორიამ მაშინ განაცხადა, რომ ეს საქმეები დევს პროკურატურაში. შესაბამისად, მორიგი მიმართვა მაქვს პროკურატურასთან,- რა შედეგით დასრულდა ეს გამოძიება? მოხდეს ამ შედეგების გასაჯაროება“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინა პროკურატურამ ჯერ კიდევ ცოცხალი სულხან მოლაშვილის, როგორც მოწმისა და დაზარალებულის, საჯარო ჩვენება, რომლის თანახმადაც ის კონკრეტულად და უშუალოდ ბოკერიამ აწამა.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: 1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; 2. ექვსი თვის ვადაში მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების, ყველა რეზონანსული საქმის გამოძიება, გამოიკვეთოს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა კონკრეტული დამნაშავე, მიუხედავად მისი დღევანდელი სტატუსისა. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს გამოძიების მუშაობის ოპერატიული კონტროლი“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, იწყება რეზოლუციის წარმოდგენილ ტექსტზე მილიონი ხელმოწერის შეგროვება.

„სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ვიწყებთ საპროტესტო აქციების ორგანიზებას, რომლის მთავარი მოთხოვნაც იქნება სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისტემური, კვალიფიციური, კომპეტენტური გამოძიება და დამნაშავეთა დაპატიმრება. სექტემბრის ყოველკვირეული აქციებიდან ჩვენ გადავალთ ყოველდღიურ, უწყვეტ აქციებზე. მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დაერქვას სახელი სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობას და მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავეები ისხდნენ ციხეში და არა პარლამეტში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....