aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

”მეშინია, თურქეთში ექსტრადიციის”: მუსტაფა ემრე ჩაბუქი გადაწყვეტილებას ელის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე მოსამართლე ხატია არდაზიშვილი სათათბიროდ გავიდა.

პროცესზე ჩაბუქის ადვოკატმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს არ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. მისი თქმით, თავად ჩაბუქი მხარს უჭერდა იმ იდეებს, რომელსაც ქადაგებდა ფეთჰულა გიულენი და სწორედ მასთან კავშირი ედება ბრალად ჩაბუქს.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი მიზანი იმისა, რატომაც თურქეთის მხარე ითხოვს მის გადაცემას, რაც გაუმართლებელია. მისი თქმით, საფრთხე ემუქრებათ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლსა და შვილებსაც, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში.  ადვოკატის თქმით, ამ ადამიანების ექსტრადიცია იქნება მათი გაწირვა და ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

”მე გელაპარაკებით თქვენ როგორც დედა, იქ უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს. ადვოკატს ვეთანხმები, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არ უნდა იყოს ასეთი იაფი”- მიმართა პროცესზე ტუბა ჩაბუქმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ მოსამართლეს.

თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქმა კი აღნიშნა, რომ 2016 წელს თურქეთში მომხდარი გადატრიალების შესახებ მან ტელევიზიით გაიგო.

”გუშინ სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, საუბარი იყო სამხედრო მანქანებზე , ავიაციაზე. ისე გამოვიდა, რომ თითქოს მე ვიყავი იმ დროს თურქეთში და მე გავეცი ბრძანებები. 2015 წლის ივლისში ვიყავი ბოლოს თურქეთში, 2016 წელს რომ მოხდა გადატრიალების მცდელობა, როგორც ყველამ, მეც ამის შესახებ ტელევიზიიდან გავიგე.

მე არ მჯერა, რომ ეს დაგეგმილია გიულენის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით ინგლისისა და გერმანიის მთავრობებმაც გააკეთეს განცხადება. ასევე, ევროკავშირმაც გააკეთა განცხადება, რომ ამაში კავშირში არ იყო ფეთჰულა გიულენი. მე გიულენის წიგნები წავიკითხე. ვაფასებ მის პოზიციას. წაკითხული მაქვს წიგნები ფაშიზმთამ დაკავშირებითაც.

ჰიტლერის წიგნიც მაქვს წაკითხული. იქაც იყო აზრები, რომლებიც მომეწონა, რომლებიც ვფიქრობ, რომ მართალია. ევროპაში რომ მოკლან სიტყვაზე 100 ადამიანი, ამაზე შესაძლებელია მოითხოვონ საქართველოდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მე დამდონ ამაზე ბრალი? ესე გამოდის რომ მე რადგან ჰიტლერის ზოგიერთი პოზიცია მომწონს მე ვარ დამნაშავე?

პირდაპირ თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ თურქეთის პარლამენტი დაამტკიცებს სიკვდილით დასჯას, მეც დავადასტურებო. თურქეთში კანონიერი სასამართლო არ არსებობს, მაგრამ ახლა იწყება იგივე საქართველოშიც. იწყება არაკანონიერება უკვე ბათუმისა და თბილისის საკონსულოებებში. დემირელის კოლეჯში მასწავლებელებს და მათ შვილებს პასპორტების ვადა გაუვიდათ და არ უცვლიან და არ უახლებენ პასპორტებს თურქეთის საელჩოში. ეს არის ეთნიკური პრობლემა საქართველოში.

საქართველოში არსებულ თურქეთის საელჩოებში და საკონსულოებში. რადგან დემირელის კოლეჯის თანამშრომლებს ასე ექცევიან, მე არ ვენდობი თურქეთს, რომ ჩემს მიმართ იქნება სამართლიანი სასამართლო. ჩემამდე ვინც ამ კოლეჯში მუშაობდა, 4 კაცი დაბრუნდა თურქეთში და ოთხივე ციხეშია. მეშინია, ჩემი ექსტრადიციის შემთხვევაში ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩამოვა. პირველ რიგში, არ მინდა მუქარიდან გამომდინარე, რომ ჩამოვიდნენ”- აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე ამ ყველაფერს გაითვალისწინებს.

სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის წარდგენილი ბრალი არაა დისკრიმინაციული და ის დასაბუთებულია.

”ერთ-ერთი ეპიზოდი არის დემირელის კოლეჯის აქციების გასხვისება, რომლის მიზანიც მოგებული თანხით გიულენის ორგანიზაციისთვის ფინანსური დახმარების გაწევა იყო”- აღნიშნა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგელემა.

რაც შეეხება ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში მის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობას, სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ თურქეთის ციხეებში აღარ მიმდინარეობს მსგავსი ქმედებები. შესაბამისად, არც მისი გადაცემის შემთხვევაში მსგავსი ფაქტები არ განხორციელდება.

”ბატონმა ლევანმა გადატრიალების მცდელობაზე ბევრი ისაუბრა. ამის შემდეგ, 3-4 თვის მერე, დააკავეს 50 000 მდე მასწავლებელი. როგორ შეიძლება მასწავლებელი იყოს ამასთან კავშირში. მათ შორის, იყო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში მცხოვრებ პიროვნებას რა კავშკრი შეიძლება მქონდეს ამ ფაქტთან?

ეს ადამიანები დააკავეს, არაადამინური მოპყრობები იყო მათ მიმართ, დაარღვიეს ადამიანის უფლებები. ძალით მოაწერინეს ხელი დეოკუმენტებზე. ერთ-ერთი მასწავლებლის გვამი 400 კილომეტრის მოშორებით იპოვეს ზღვაში. არ გაახმაურეს თურქეთში ეს ფაქტი.

ამ ადამიანების ოჯახებს მხოლოდ სოციალურ ქსელში შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი. რომ გამოიძიონ, რატომ მოკვდა ეს ადამიანი, არ აძლევენ უფლებას. სახელმწიფომ დაადგინა, რომ ის იყო სახელმწიფოს მოღალატე და დაასაფლავეს, მორჩა. არც მე მომცემენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. თავს ვერ დავიცვამ, რასაც ჩემს შესახებ დაწერენ, ეს შევა ძალაში. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ”- აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ამ წუთებში მოსამართლე გასულია იმის გამოსაცხადებლად, ბათილად უნდა იქნას თუ არა ცნობილი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს არ მიენიჭა დევნილის სტატუსი.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....