aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ-გელა სალუაშვილი: “საქართველომ მსოფლიოს უნდა აცნობოს, რომ ჩვენ მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს ვცხოვრობთ” (ინტერვიუ)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” აგრძელებს რუბრიკას ინტერვიუ საპრეზიდენტო კანდიდატთან. ამჟერად, ჩვენი რესპოდენტი მიხეილ-გელა სალუაშვილია. მისი განცხადებით, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში საქართველოს სულიერი და პოლიტიკური გაბრწყინებისთვის იზრუნებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ბიბლიაში არსებული ნიშნების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამი ახლოვდება.

მეტრონომი: რას გულისხმობს თქვენი საარჩევნო პროგრამა?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ჩვენს საარჩევნო პროგამას ქვია “გაბრწყინებული საქართველოსთვის” და ორი ნაწილისაგან შედგება. პირველია საქართველოს გაბრწყინების სულიერი, ხოლო მეორე საქართველოს გაბრწყინების პოლიტიკური ასპექტები. საქართველოს სულიერი მისიის მთავარი არსი მდგომარეობს შემდგომში, იოანე ზოსიმეს ძეგლის მიხედვით, ქართულ ენას აქვს მისია, რომ დაადგინოს უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინარე დრო. ბიბლიაში მოცემულია თუ რა ნიშნებით უნდა შეიცნო მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინარე ჟამი. ეს ნიშნები უკვე არის. გეტყვით რამოდენიმეს.

კონკრეტულად, პერიფრაზზს გავაკეთებ – მეორედ მოსვლის წინ, ის ტერიტორია, რომელშიც ეს ნიშნები უნდა აცხადდეს, 70 წლის განმავლობაში ჩრდილოეთის მეფის ტყვე იქნება. ეს არის 1921-1991 წლის საბჭოთა უღმერთო იმპერიაში ყოფნისა. შემდეგი ჯაჭვი არის ის, რომ ამ 70 წლის მიწურულს უნდა მოვიდეს ცხებული მეფე, რომელიც 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთებაო. 62-ჯერ შვიდი, ეს არის 434. ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა არჩევნებში 1990 წლის 28 ოქტომბერს და 1992 წლის 6 იანვარს მან იძულებით დატოვა საქართველო. ამ ორ მონაკვეთს შორის, ზუსტად 434 დღეა. ახლანდელ დროს რაც შეეხება, ბიბლია იძახის, რომ საქართველოში ორის დაპირისპირების ფონზე, საუბარია სააკაშვილსა და ივანიშვილზე, ვითარდება ის მთავარი პროცესები, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლით უნდა დასრულდეს. ეს ჯაჭვი მთლიანობაში ადასტურებს საქართველოს იმ დიდ მისიას მსოფლიოს წინაშე, რომელმაც თავისი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე, მსოფლიოს უნდა აცნობოს, ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად, რომ ჩვენ უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ვცხოვრობთ. ამას ქვია ბოლოჟამი და სწორედ ამ ნიშნებით დასტურდება ბოლოჟამის დადგომა. სწორედ ამას ქვია საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტი.

მეტრონომი: სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას რას ეტყოდით, ვისაც საარსებო მინიმუმიც არ გააჩნია?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ახლა საქართველოს გაბრწყინების ფიზიკურ ასპექტზე ვისაუბროთ. თუ სულიერ ასპექტში ვერაფერს შევცვლიდით, ფიზიკურ ასპექტში საქართველოს გაბრწყინება ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყნის სათავეში უნდა მოვიდეს ღვთის ნების აღმსრულებელი პიროვნება, რომელიც ღვთის სიტყვაში ერკვევა. პოლიტიკურ სპექტრში ასეთი, ჩემს გარდა არავინ არ არის. საქართველოს პრეზიდენტმა, იმ პრობლემების გამოკვეთაში, რომელიც ერის წინაშეა,  გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს.

როდესაც სხვადასხვა არჩევნებში პოლიტიკოსი ამომრჩეველს პირდება ისეთ რამეს, რაც არ ხელეწიფება, მოსახლეობაში იმედგაცრუებას იწვევს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა მოთხოვოს პრეზიდენტს. მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და ცრუ დაპირება არ ვუთხრათ, ჩვენი არჩევის მეორე დღეს პირველივე ბრძანებით, პენსია გექნებათ 400 ლარი, ეს ხომ არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა?! ჩვენი პოლიტიკური გზავნილია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლით, პრეზიდენტს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს, ამაზე დაყრდნობით შემუშავებული გვაქვს 15-პუნქტიანი მინი-გეგმა თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პრეზიდენტად გახდომის პირველივე დღეს.

ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ქვეპუნქტები გააჩნია. პირველი ნაბიჯი, უნდა მოხდეს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების პრობლემების შესწავლა და გადაწყვეტილების ძიება უნდა მოხდეს. 90%, ბოლო გამოკითხვებით, საქართველოში თავის თავს მართმადიდებელს უწოდებს, ამიტო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმატი, რომელიც ეკლესიას საშუალებას მისცემს საერო პროცესებში დააფიქსიროს ის პოზიციბი, რომელსაც ქრისტიანული მიმდინარეობა ემყარება.

მეტრონომი: ლგბტ პირებზე რას ფიქრობთ, ეკლესიაში და საზოგადოების დიდი ნაწილში ისინი აგრესიას იწვევენ, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას…

მიხეილ-გელა სალუაშვილი: უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვავოთ თუ რა ფასეულობას ეყრდნობა ეკლესია. ეკლესია ებრძვის არა ცოდვის ჩამდენს, არამედ ცდილობს, ცოდვის ჩადენის წყარო გამოყოს დამნაშავისგან. ჩვენ ცოდვის წყაროს უნდა ვებრძოლოთ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ჩარჩოში მოხვდნენ. ამიტომ, ჩვენი აზრით და ზოგადად, ყველა რელიგიაში ასეა, ეს არის ცოდვა, რომელიც პროპაგანდას არ საჭიროებს. ეს არის ცოდვა, რომლის ჩარჩოებში მოხვედრილ ადამიანებს განსაკუთრებული ფაქიზი ყურადღება ჭირდებათ, რათა თავად გაერკვნენ ცოდვის არსში და ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მათ უნდათ. პროპაგანდის წინააღმდეგი უნდა იყოს ყველა. ის პროპაგანდას უწევს ამ ცხოვრების წესს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ნორმისგან გადახვევაა. ნორმა ის, რაც ღმერთმა დააწესა, ქალისა და კაცის ურთიერთობა, ეს არის ახალი შთამომავლობის შობის უპირველესი წყარო და ამ წყაროს ახლავს ის კომპონენტი, რასაც ოჯახი ქვია. ყოველგვარი გადახრა ამისაგან არის ნორმისაგან გადახრა, ხოლო ეს ცოდვაა.

მეტრონომი: არის თუ არა დღეს საპატრიარქოში პრობლემები?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ეკლესია არის ინსტიტუტი, რომელმაც ერის სულიერ განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ეკლესია არ არის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა, რომ ეკლესია ხელისუფლებისგან ფინანსურად ხელშეწყობილი არ ყოფილიყო. ათონის მთაზე ეკლესიებს სახელმწიფო ინახავდა. დღეს სახელმწიფო ხუთ ეკლესიურ მიმდინარეობს აფინანსებს. ამ მიმართულებით კითხვები არ ისმის. სახელმწიფო ეკლესია ფინანსურ სიძლიერეზე უნდა ზრუნავდეს. ქვეყანაში განცალკევებული ინსტიტუტები არ არსებობს, ყველგან ადამიანები საქმიანობენ და მათ შორის ეკლესიაშიც. შეუმცდარი არავინ არაა, მათ შორის საპატრიარქოშიც. დანაშაული ხდება ეკლესიაშიც და იქ დაწესებული რეგულაციის ჩარჩოებში ყველა აგებს პასუხს. აქაც დანაშაულს უნდა ვებრძოლოთ და არა პიროვნებებს.

მეტრონომი: მამაოების ნაწილი თავის ქმედებებსა და ნათქვამებში აგრესიით გამოირჩევა. იგივე 17 მაისს გახსოვთ რაც ხდებოდა. რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ისევე როგორც ყველგან, აქაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ეკლესია თავისთავად შეუმცდარი ინსტიტუტია, რომელიც ქრისტიანულ მორალს ემყარება. ეკლესიის მსახური თავის ნებითაა მისული ამ ინსტიტუტში, რათა ხალხს ქრისტიანული ფასეულობების სწორად ამცნოს, ხოლო მისი პიროვნული ამხასიათებლები ეკლესიას არაფერს აკლებს. “ტაბურეტკის” თემა ტელევიზიითაა მოგონილი. იმ ადამიანს ფეხები ტკიოდა და ვერ დგებოდა და რომ ადგა და დაიძრა, “ტაბურეტკას” ხომ არ დააგდებდა? აიღო და წავიდა და მერე, ალბათ, ისევ დაჯდებოდა. მერე კამერამ დააფიქსირა ვითომ ვიღაცას მისდევდა, არავისაც არ მისდევდა.

მეტრონომი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ვინ დაიწყო და არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: რათ უნდა ამას ლაპარაკი, რომ რაც 1992 წლიდან დაიწყო, ეს პროცესი რუსეთის იმპერიის გამოვლენაა. 1992 წლის 16 აგვისტოს შევარდნაძე-კიტოვანი-სიგუას ტრიომ დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეიარაღებული ძალების ნაწილი აფხაზეთში შეიყვანა. არბინძამ და იქ მყოფმა რუსმა სამხედრო ელიტამ გამოიყენა ეს ყოველივე. აბა, ჩვენ ვინმეს ვეტყვით, რომ აფხაზეთში ომი რუსეთმა დაიწყოო?! თუმცა, რუსეთი რა თქმა უნდა აგრესორია.

რაც შეეხებ 2008 წლის ომს. არავინ აქცევს ყურადღებას ერთ ფაქტორს, 1994 წლის ივნისშ დადებული ხელშეკრულებით, რუსეთის ჯარს სამშვიდობო სტატუსი მიენიჭა და ენგურის ხიდზე განლაგდა. სამაჩაბლოს ტერიტორიაზე კი, ასეთი უფლება 1992 წელს მიენიჭა. ჩვენი ნაწილი ხელისუფლებას ყოველთვის უკიჟინებდა – არ შეიძლება დამპყრობელს სამშვიდობო სტატუსი ქონდეს. ეს სტატუსი არ გააუქმეს. 2008 წელს რუსეთის ჯარს იქ სამშვიდო სტატუსი ქონდა. ერთი კვირით ადრე, როდესაც დაიწყო ცხინვალის დაცლა, ხომ ვიცოდით, რომ რუსეთი პროვოკაციაზე მოდიოდა, რატომ არ დადგა სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების სამშვიდო სტატუსის გადახედვა მომხდარიყო. ამ კომპლექსებს თუ გავითვალისწინებთ, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც სამხედრო მიზნების განხორციელებაში ხელი სააკაშვილმა შეუწყო. ერთმანეთთან ნუ ვაიგივებთ სააკაშვილსა და საქართველოს.

მეტრონომი: რას ფიქრობთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასა და მის ექსპორტზე გატანაზე?

მიხეილ-გელა სალუაშვილი: ყოველგვარი ფორმა, რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე გავლენას ახდენს, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, მე ნარკოტიკული საშუალებების ფართო სპექტრს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, იმ რეგულაციებით, რასაც სახელმწიფო ახდენს ახლა, ლეგალიზაციისგან არაფერი შეგვრჩება. სამედიცინო მიზნით ამის გამოყენების თემაზე არსებული ხმაური, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. მაგალითად, მორფიც გამოიყენება სამედიცინო მიზნით. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მორფი ადვილადაა ხელმისაწვდომი.

იტვირთბა....