აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„მეტრონომის“ ექსკლუზივი: რატომ  ასაიდუმლოებს ხელისუფლება „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დეტალებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

 

მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ “გაზპრომის” წინადადება მიიღო და რუსეთიდან სომხეთში “ცისფერი საწვავის” ტრანზიტის საფასურს ბუნებრივი აირის ნაცვლად ფულით მიიღებს, ამან ექსპერტების და საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. მათი განცხადებით, „გაზპრომის“ ინტერესის საგანი კონტრაქტის პირობების შეცვლა მუდმივად იყო. თუმცა, დღემდე საქართველო პირობების შენარჩუნებას ახერხებდა.

ექსპერტები „მეტრონომთან“ აბსურდს უწოდებენ იმ მოსაზრებას, რომ „გაზპრომმა“ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაძლოა სომხეთი გაზით ირანიდან მოამარაგოს, რადგანაც ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის მიმდინარე წლიური გამტარუნარიანობა 1 მლრდ კუბ.მ-მდეა, ხოლო სომხეთის მოხმარება 2 მლრდ-ს აჭარბებს.

სპეციალისტების განცხადებით, სომხეთს ირანთან  ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც  სომხეთი ირანიდან მიღებული გაზით ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს, მის ნაწილს კი ირანს აწვდის. ამდენად, ირანიდან გაზსადენის სრული რესურსის სომხეთის მომარაგებაზე გადართვა დიდ სირთულეს წარმოადგენს.

მისი გამტარუნარიანობის გაზრდა ტექნიკურად 2-2.5 მლრდ კუბ.მ-მდეა შესაძლებელი, თუმცა, არა მოკლევადიან პერიოდში. ამიტომაც, თუ რუსეთმა ზეწოლის სახით ეს ბერკეტი გამოიყენა, მაშინ  ხელისუფლება მასზე არ უნდა წამოგებულიყო. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის შესახებ კომენტარი თავად ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაფანტოს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზირების საკითხი “გაზპრომმა” ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს დააყენა, როდესაც საქართველოს კომპანიასთან ყოველწლიური ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. თუმცა,  მაშინ ქართული მხარე “გაზპრომის” წინადადებას არ დათანხმდა და ხელშეკრულება დღეს არსებული პირობებით გაფორმდა – საქართველო რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს იღებს. ეს ხელშეკრულება 2017 წლამდე ყოველწლიურად ძველი პირობებით ახლდებოდა. ახალი ხელშეკრულება “გაზპრომ-ექსპორტის” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრისას, საქართველოს შესთავაზა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მომსახურების ფულადი საფასურზე გადასვლა, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული განაკვეთების საფუძველზე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამ თემის ზედმეტად დრამატიზება ხდება. ის არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების დროს ტაქტიკური სახის შეცდომები დაშვებულიყო, მაგრამ ყველაფერი კარგი ოდესღაც მთავრდება. მისი აზრით, წელს როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაუჭირდა რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ანალიტიკოსის აზრით, ახალი კონტრაქტი დისკრიმინაციული სულაც არ არის და ზუსტად ასეთი კონტრაქტები ნებისმიერ ტრანზიტულ ქვეყნებს აქვს დადებული. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ერთადერთი რა განმარტებაც უნდა გააკეთოს ისაა, რომ აუხსნას საზოგადოებას რუსეთმა წინა წლებთან შედარებით რა ახალი სახის არგუმენტები წარმოადგინა, რომელსაც ხელისუფლება ვერ შეეწინააღმდეგა.

„ფაქტია, რომ წინა წლებთან შედარებით, რუსეთმა საქართველოს ისეთი წინადადება წამოუყენა, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგა. მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე და რა იყო ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გადალახა.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან მუქარაც ყოფილიყო, გამორიცხული არაფერია. ექსპერტები კი არ ალაპარაკონ ვარაუდებით, თავად განგვიმარტონ იქ რა ხდებოდა. როდესაც ისინი არაფერს არ ამბობენ, ეს უკვე ათას სპეკულაციას იწვევს. ეს ხომ მათი თავის ტკივილია, ხომ შეიძლება რომ ამაზე ზედმეტი მითქმა-მოთქმა თავდვე დაასრულონ.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კონტრაქტი წინა წლებთან შედარებით, ძალიან ცუდია. რუსები გაზის გატარების საფასურად გაზს გვიხდიდა და  ეს გაზი თუ 40-ი მილიონი ღირდა, ახლა ამ კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ ამაზე ბევრად ნაკლებ თანხას ვიღებთ.

იმ თანხით, რასაც რუსეთი გადაგვიხდის უფრო ნაკლებ გაზს ვიყიდით. თუმცა, როგორც ვიცით კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, არც ამ თანხის ზუსტი რაოდენობა სახელდება, თუმცა ფაქტია, რომ ბევრად ნაკლებ გაზს ვიყიდით, ვიდრე ამას რუსეთი ნატურის სახით გვაძლევდა“ -ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, წარმოუდგენელი უგუნურებაა, იმაზე საუბარი, რომ მოლაპარაკებებში შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იყოს ჩართული. ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილს „გაზპრომის“ რაღაც პაკეტი რომ ჰქონდეს, ეს არის პრივილეგირებული აქციები, რომელიც მხოლოდ დივიდენტს გულისხმობს. მას პირდაპირ „გაზპრომთან“ კავშირი არა აქვს. ასე ღია აუქციონზე მისი აქციების ყიდვა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

ენერგორესურსების სპეციალისტი „მეტრონომთან“ ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ტრანზიტი ქვეყნებისთვის, გაზის გატარების საფასური ნატურის სახით აღარ ხდება და ეს ფულადი გადასახადი გახდა. ჯერვალიძე ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო ფორმატის მონაწილეა და თავს ევროკავშირის ასოცირებულ სივრცეში თვლის, სადაც გაზის გატარება, მომსახურების ერთ-ერთ ფორმად ითვლება და  ეს ფორმა ფულადი ერთეულით  ანაზღაურდება.

„საერთაშორისო ფორმატით „გაზპრომთან“ წინა წლებში დადებული ხელშეკრულება არქაული იყო და ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. კი, ბატონო, შეიძლება ვინმე მოგვედავოს, რომ თავად „გაზპრომი“ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ორმხრივ ფორმატში შენ შეთანხმებას უნდა მიაღწიო. სომხეთის ტრანზიტს საქართველო ვერ შეზღუდავს, რადგანაც ამის უფლება არ გვაქვს და ეს დასჯადი ქმედებაა.

ამიტომ, ჩვენთვის ამაზე დავა და დაპირისპირება იმიჯის თვალსაზრისით დამაზიანებელია. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვქონდა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ რომ წავსულიყავით. მხარეები მიუხედავად რა სახის ვალდებულებები აქვთ, კონსენსუსის მიღწევა აუცილებელი იყო. მე არ ვიცი იქ რაზე იასუბრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს საქართველოსგან შესაძლოა ძველი კონტრაქტის საფასურად, გარანტირებული ბაზარი მოეთხოვა. მაგალითად, ჩვენი ბაზრის 20, ან 30 პროცენტის დათმობა უნდოდა. „გაზპრომს“ გაზი აქვს და გასაღება უნდა, ამიტომ ისინი შეიძლება საქართველოს ბაზარს ითხოვდნენ.

თავისი გაზი საქართველოში გაეყიდა, „სოკართან“ კონკურენციაში შევიდოდა და გაზს ჩვენზევე გაყიდიდა. საქართველო კი  ამ დროს „სოკართან“ ტრანზიტის ჯაჭვშიცაა ჩართული. რისი საშუალებითაც 2019-ს და 2020-წელს აქედან ტრანზიტის სახით უფრო ბევრი გაზი შემოვა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება თუ ასეთი დილემის წინაშე იყო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას“, – ამბობს ჯერვალიძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) კი ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადებას წარადგენს. საია შემდეგ დოკუმენტებს ითხოვს: „საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი. საიაში ამბობენ, რომ მხოლოდ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ, რატომ დათანხმდა ხელისუფლება „გაზპრომის“ პირობებს და ჰქონდა თუ არა მას სხვა გამოსავალი.

ელზა პაპოშვილი

 

სხვა ამბები

ზვიად ძიძიგური: თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ვაღიარებთ, შესაძლოა, რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს

newsadmin

მარნეულში, H1N1 ვირუსით 59 წლის მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს

newsadmin

თეა წულუკიანის ბრიფინგი (live)

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას შეხვდა

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

17 იანვრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..