aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“დაავადება უაღრესად სწრაფად ვითარდება”: რა ნიშნებს ატარებს მენინგოკოკცემია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მენინგოკოკცემია, იგივე მენინგოკოკური სეფსისი_ ეს არის მენინგოკოკით  გამოწვეული ინფექციის  ფორმა, რომელიც ხასიათდება მწვავე სიმპტომების გამოვლინებით, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარებით.

ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან მენინგოკოკის მატარებელი ადამიანი. დაინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფექციის წყაროსთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი და მჭიდრო  კონტაქტის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ მენინგოკოკით დაინფიცირებულთა უმრავლესობას სიმპტომები პრაქტიკულად არ აღენიშნება,  მხოლოდ ზოგიერთს უვლინდება მწვავე  ფორმა მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებით  დაავადებულები თამაშობენ, ვინაიდან ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია. მსუბუქი მიმდინარეობის გამო მენინგოკოკური ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებით  დაავადებული ავადმყოფები არ არიან იზოლირებული, რაც ხელს უწყობს ინფექციის აქტიურ გავრცელებას. მენინგოკოკის ე.წ ,,ჯანმრთელი“ მატარებლობა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირა, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი რისკს წარმოადგენენ გარშემომყოფებისთვის.

მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ.
შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.

 

საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის საშუალოდ 20 შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული სიკვდილიანობა  (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს.

მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) შეიძლება დაიწყოს უეცრად. აღინიშნება მაღალი ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე,  თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა. მენინგოკოკცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანია  კანისა და ლორწოვანი გარსის გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად – მეორე დღეს,  სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევების სახით ჩნდება. გამონაყარი უმეტესად მდებარეობს ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე. სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. მენინგიტთან შერეული ფორმის დროს, მენინგიალური სიმპტომებიც არის დამახასიათებელი. დაავადება უაღრესად სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში პროგრესირებს მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმის დროს. ასეთ შემთხვევაში, დაავადების გამოსავალი ზოგჯერ არაკეთილსაიმედოა. ზემოთ ჩამოთვლილი, სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.

მენინგოკოკცემიის და ზოგადად მენინგოკოური ინფექციის პროფილაქტიკაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენური რეჟიმის დაცვას ბავშვთა სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში.

მენინგოკოქცემიის დროს ადამიანის სისხლი მენინგოკოკური მიკრობით იწამლება, რაც, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, როგორც წესი, სავალალო შედეგით სრულდება. არადა, მედიკოსების განმარტებით, დაავადების გამომწვევი მენინგოკოკი გარემოში ნაკლებად გამძლეა და ის სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით ადვილად იღუპება.

წყარო: medgeo.net

 

იტვირთბა....