aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

იურისტი „მეტრონომთან“: როგორ უნდა დაამტკიცოს მოქალაქემ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შემთხვევა პირველი – ელისო კილაძე: ჟურნალისტის შვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. შემთხვევა მეორე – ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის შვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიციამ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდო. შემთხვევა მესამე – ანა მარგველაშვილი: პრეზიდენტის შვილი აცხადებს, რომ მის მეგობარს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და ამ მიზეზით დააკავა. ამ ყველაფრის შემდეგ, მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე,  საკმაოდ უცნაურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას მოწმეები არ უნდა ესწრებოდნენ, ხოლო მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, ამის მტკიცებულება უნდა ჰქონდეს.

ჩნდება კითხვა: თუ ჩხრეკას მოწმე არ უნდა ესწრებოდეს, მოქალაქემ როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო?

იურისტი გელა ნიკოლეიშვილი „მეტრონომთან“ განმარტავს, თუ რა ბერკეტები არსებობს ამ შემთხვევაში მოქალაქისთვის, რომ მან თავი დაიცვას. თუმცა ის აღიარებს, რომ არსებული კანონმდებლობა პოლიციელს აძლევს საშუალებას სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს და პირს  ნარკოტიკი, ან იარაღი ჩაუდოს:

გელა ნიკოლეიშვილი: „სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციელს, თუ ის არაკეთილსინდისიერია და შეგნებულად აქვს განზრახული, რომ ჩაიდინოს  სისხლის სამართლის დანაშაული, ჩაუდოს ვინმეს ნარკოტიკი ან იარაღი. აქ ძალიან ძნელი ხდება დაცვა. ერთადერთი, ასეთ შემთხვევაში არსებობს ხოლმე ვიდეოთვალის ჩანაწერები, იმ შემთხვევაში, თუ ეს თვალი ფარავს ადგილს, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. მაგრამ ამ ბოლო ხანებში, პოლიციელებმა ისწავლეს ეს მომენტიც და წინასწარ სწავლობენ ადგილს, სადაც ვიდეოთვალი არ არის და თუ ასეთი რამ აქვთ განზრახული, სწორედ ასეთ ადგილას ატარებენ ჩხრეკას.

„მეტრონომი“: თუ არსებობს რაიმე, რაც შეიძლება დაეხმაროს მოქალაქეს დაამტკიცოს უდანაშაულობა?

– მოქალაქეს შეიძლება დაეხმაროს ვინმე უცხო პირი, რომელიც იქვე შეიძლება ტრიალებდეს (გამვლელი) და სთხოვოს მოწმედ დადგეს ჩხრეკის პროცესში…

– პროკურორის განცხადებით, ჩხრეკის ჩატარებას მოწმეები არ უნდა ესწრებოდნენ.

– არა, ეს ტყუილია, რადგან ამ დროს თვითონ პოლიციელებიც მოწმეები არიან. მოწმეების თანდასწრებით სავალდებულო არ არის ჩხრეკის ჩატარება, თორემ, თუ ესწრება მოწმე, ეს კანონდარღვევა არ არის და შესაძლებელია. პოლიციას შეუძლია მოწმის გარეშე ჩაატაროს ჩხრეკა, მაგრამ თუ არსებობს მოწმე, პოლიცია უარს ვერ ეტყვის დასწრებაზე. თუ უარი უთხრეს, ეს იქნება ეჭვის გამომწვევი სასამართლოში. კიდევ ერთი მომენტია -მოქალაქეს შეუძლია ჩხრეკის მომენტში ვიდეოგადაღება აწარმოოს, ან ვინმეს (მოწმეს) სთხოვოს, ვიდეო გადაიღოს.

– თუმცა ხშირად პატრულის ეკიპაჟიც კი აპროტესტებს ვიდეოგადაღებას. შესაბამისად, მოსალოდნელია  ჩხრეკის პროცესში პოლიციამ უფლება არ მისცეს მოქალაქეს ვიდეო გადაიღოს.

– ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა. პირიქით, როცა პოლიციელი სუფთად ატარებს ჩხრეკას და არ აქვს კანონდამრღვევი განზრახვა, ის თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ვიდეოგადაღებით და თავადაც უნდა იღებდეს. მითუმეტეს, რომ ყველა თანამშრომელს სამხრეზე აქვს ვიდეოთვალი და ყველა შემთხვევაში უნდა იღებდეს ჩხრეკას.

– მაგრამ, პოლიციელის ვიდეოთვალი ალბათ ნაკლებად სანდოა, იმ შემთხვევაში, თუ მას განზრახული აქვს კანონდარღვევა – ალბათ როგორღაც მოხერხდება ვიდეოთვალის მიღმაც ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება…

– მოქალაქეს შეუძლია თავადაც გადაიღოს ვიდეო და ეს მტკიცებულებად გამოიყენოს. ხოლო თუ ამას პოლიციელი ხელს შეუშლის, მოქალაქემ  ჩხრეკის ოქმში დააფიქსიროს ხელის მოწერამდე და აღნიშნოს, რომ მას ვიდეოგადაღების საშუალება არ მისცეს. ეს უკვე მის სასარგებლოდ იმოქმედებს.

იურისტისგან განსხვავებით, შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პოლიციის მიმართ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს, ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს. თუმცა, ალბათ საზოგადოებისთვის, ისევე როგორც თავად პოლიციისთვის, სიტყვებზე მეტად ფაქტებია სარწმუნო და არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, პოლიციამ  ნებისმიერი ამგვარი საქმის დროს, განცხადებებზე უფრო მეტად, დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა შს სამინისტროს. ჩვენ მათ, დეტალებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა და შესაბამის კომპეტენტურ პირთან დაკავშირება. შსს დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში გამოგვიგზავნის კითხვებზე პასუხებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს.

 

 

მანა ნოდია

იტვირთბა....